„ევროპულ საქართველოს“ სპექტაკლი ჩაუვარდა“

„ევროპულ საქართველოს“ სპექტაკლი ჩაუვარდა“

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ უპასუხეს.

კომისიაზე მისულ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დეპუტატ ოთარ კახიძის გარდა, კომისიის არც ერთმა წევრმა კითხვა არ დაუსვა. კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა წულუკიანი მირზა სუბელიანს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ არ იცნობდა. დეპუტატი ასევე დაინტერესდა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა (მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე 14 დღით შეწყდა თვითმხილველების დაკითხვა, არ ამოიღეს Facebook და Instagram მიმოწერები მირზა სუბელიანის შვილსა და მის დეიდაშვილს შორის, არ ჩატარდა მირზა სუბელიანის და თენგიზ კალანდიას სახლების ჩხრეკა, არ ამოიღეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეკუთვნოდა მ.კ-ს, ფიგურანტებს დაუტოვეს ტელეფონები იმისთვის, რომ მოესმინათ, მაგრამ არც კი მიუმართავთ მოსამართლისთვის მოსმენაზე ნებართვისთვის და სხვა), თეა წულუკიანს ისევ მიაჩნია თუ არა, რომ ირაკლი შოთაძე მართალი იყო და მისთვის მადლობა უნდა გადაეხადა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის იგივე პოზიციაზე რჩება.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, მან კომისიის მუშაობა გააკრიტიკა.

„ორთვენახევარია კომისია მუშაობს, რა ახალი ფაქტორები გამოავლინეთ?“ - ამ კითხვით მიმართა გახარიამ კომისიის წევრებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კი აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიამ ორ თვენახევარში დაადგინა ისეთი გარემოება, რომელიც მერვე თვეს დაადგინა გამოძიებამ და მათ ადგილას კომისიის კრიტიკისგან თავს შეიკავებდა.

„ჩემი აზრით, კომისიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი. პარლამენტი შს სამინისტროს და პროკურატურას ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ კომისიის ფორმატში ბევრი ისეთი ადამიანი იქნა გამოკითხული, რომელმაც მოგვცეს ინფორმაცია, რაც აღმოჩნდა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვან მასალას შეიცავდა. აღმოჩნდა, რომ თქვენ ერთი თვით დაგვასწარით და ეს იცოდით, თუმცა თქვენ ეს დაადგინეთ მერვე თვეს და ჩვენ მუშაობიდან მეორე თვეში“, - მიმართა ცქიტიშვილმა გახარიას და შოთაძეს.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ ცქიტიშვილს უპასუხა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დიდი სიამოვნებით მოგიწვევთ ჩვენთან გამომძიებლად, როცა კანონმდებლის ციკლი დაგიმთავრდებათ, თუ ასე ეფექტურად იძიებთ საქმეებს. კომისიის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ვაფასებთ, უღრმესი პატივისცემით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხარვეზები იყო ბევრი, როგორც ბევრ სხვა სისხლის სამართლის საქმეში, თუმცა გახარიამ კონკრეტული ხარვეზების დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან მიიჩნევს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ისინი დამოუკიდებლად უნდა გამოავლინოს.

„მე გავაკეთე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი აქცენტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ ამ ხარვეზების გამოსავლენად შეიქმნა ეს კომისია. მაშინ, როდესაც კომისია დაადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირს, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების (რომელიც ჯერ არ დასრულებულა) საბოლოო შედეგთან ხარვეზებს, ამის შემდგომ გავაგრძელებ თქვენთან ამ თემაზე საუბარს. ამ ეტაპზე შემიძლია მაგალითების დასახელება, მაგრამ არ გავაკეთებ ამას იმიტომ, რომ არ ვთვლი საჭიროდ. იმიტომ რომ ეს ის არის, რაც თქვენ დასკვნაში უნდა დაწეროთ“, - განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტის გიორგი გახარიას განმარტებით, თუკი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაადგენს რაიმე ისეთ გარემოებას, რომელსაც საბოლოო შედეგთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჰქონდა, შსს მასზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კომისიის სხდომაზე მისი გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ჩვენ არ მოვსულვართ ოპოზიციურ პარტიასთან, არამედ მოვედით კომისიასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს მინდა ვუთხრა - გამოძიება გრძელდება და ეს არის პროცესი... ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩამოთვალეს დღეს - კომისიას არ აქვს დადგენილი, არის თუ არა პირდაპირ კავშირში საბოლოო შედეგთან. მე ვფიქრობ, რომ არ აქვს კავშირი. თუ კომისია დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იქნება მთავარი. ჩვენ ველოდებით კომისიის დასკვნას. მე დღეს ცოტათი უფრო მეტს მოველოდი“, - განაცხადა შს მინისტრმა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცის თუ არა შს მინისტრმა, რომ მიხეილ კალანდია იმყოფებოდა ფარდულში ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე, იყო ფიზიკურ კონტაქტში დავით სარალიძესთან და მიუხედავად ამისა, სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, მიხეილ კალანდიას სახლი არ გაჩხრეკილა და გამოძიებას არ ამოუღია მისი ტანსაცმელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, სისხლიანი იყო - გიორგი გახარიას განმარტებით, გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო.

იგივე კითხვაზე ყოფილმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე არ ყოფილა საქმის კურსში ამის შესახებ, მთავარი პროკურორის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

„ამის შესახებ კომისიიდან შევიტყვე, თუმცა ამავე დროს მოვისმინე გამომძიებლების განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოახერხეს აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა შოთაძემ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა აღნიშნული პირები და მათ თქვეს, რომ ტანსაცმელი არ გადაუგდიათ და დღემდე სახლში აქვთ.

„პროკურატურის და შს სამინისტროს წარმომადგენელმა თქვეს, რომ მათ ეს ვერ ამოიღეს, იმიტომ რომ გადაგდებული იყო და ის ადამიანები, ვიზეც საუბარია, იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე და მათ დაგვიდასტურეს, რომ დღემდე სახლში აქვთ და არ გადაუგდიათ არსად ეს ტანსაცმელი“, - განაცხადა კაპანაძემ.

ირაკლი შოთაძემ კი აღნიშნა, რომ თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და გამომძიებლები მოქმედებენ იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გააჩნიათ და საუკეთესო პრაქტიკის გათავლისწინებით.

სერგი კაპანაძის შეფასებით, ძალოვანი უწყებები ჯერჯერობით არ არიან მზად, კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ბოლომდე მიყვანის კუთხით გააჩნიათ. კაპანაძის თქმით, თეა წულუკიანთან მთავარი კითხვა, რომელიც კომისიის წევრებს ჰქონდათ, შოთაძის გადადგომის შეფასებას ეხებოდა.

„იმის მერე, რაც შოთაძე გადადგა, დადგინდა ძალიან ბევრი ახალი გარემოება, მათ შორის მთელი რიგი მოქმედებების, რომელიც არ ჩატარებულა, კონკრეტული ფაქტები, რომელიც მათ შორის ჩვენი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა და შესაბამისად წულუკიანის მიმართ ჩვენი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - ამ ყველაფერის და მიუხედავად, ისევ თვლიდა თუ არა, რომ შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. მან ეს დაადასტურა. შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა მათ შორის თვითონაც აიღო და აქედან გამომდინარე სხვა კითხვები ჩვენ მასთან არ გვქონია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც კაპანაძე აცხადებს, შს მინისტრისა და ყოფილი მთავარი პროკურორის გამოსვლიდან შთაბეჭდილება დარჩა, რომ ისინი, ჯერჯერობით არ არიან მზად, კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ ორ უწყებას ჰქონდა და აქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ბოლომდე მიყვანის კუთხით.

„ჩვენ მათ კითხვები დავუსვით უამრავ გარემოებაზე, რომლებმაც ჩვენი აზრით სერიოზულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, თუმცა ვერ დავინახეთ მათი მხრიდან მზაობა, რომ ეს პრობლემები აქვთ გაანალიზებული და აპირებს შსს და მთავარი პროკურატურა ამ ყველაფერზე რეაგირების მოხდენას. მე მაქვს იმედი, რომ უწყებების მოქმედი ხელმძღვანელები გააცნობიერებენ, რომ მათი დამოკიდებულების და შეფასების მთავარი ტესტი ხორავას საქმეზე იქნება ის, თუ როგორ მიუდგებიან ისინი იმ რეკომენდაციებს, რომელიც ერთი მხრივ უკვე გაცემული აქვს კომისიას და რომელიც ასევე გაცემული იქნება ჩვენი საქმიანობის ბოლოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თავად ყოფილი პროკურორი თავს პოლიტიკური ძალების მსხვერპლად თვლის.

„გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ოჯახების ტრაგედია გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის და ერთ-ერთ სამიზნედ ამირჩიეს მეც“, - აღნიშნა შოთაძემ და დასძინა, რომ მისი გადადგომა საზოგადოებისთვის იმის გზავნილი იყო, რომ პროკურატურას ხელი არავისთვის დაუფარებია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თვლის, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აპირებდნენ დაედგათ რაღაც ახალი პიარ-სპექტაკლი გიორგი გახარიასთან და ირაკლი შოთაძესთან, ამ სპექტაკლის შედეგები შემდეგ თეა წულუკიანისთვის მოეხსენებინათ და ამაზე მოეთხოვათ პასუხი გარკვეული კითხვების ფორმით, რაც არ გამოუვიდათ.

„ამიტომ აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანი არაფრისთვის მოიყვანეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. იუსტიციის მინისტრის მიმართ კითხვები იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს წარმოდგენა გამოუვიდოდათ, მაგრამ მათ სპექტალი ჩაუვარდათ“, - განაცხადა მდინარაძემ.