„ოცნების“ პირველი რთველი სახელმწიფო დახმარების გარეშე

„ოცნების“ პირველი რთველი სახელმწიფო დახმარების გარეშე

უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩატარდება. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ეს პირველი რთველი იქნება სახელმწიფო დახმარების გარეშე. შარშან სუბსიდირება ნაწილობრივ იყო შენარჩულებული კახეთში საბრენდე ჯიშის და რაჭაში სახვანჭკარე ყურძენზე, წელს კი ამ კუთხით ბიუჯეტში თანხა საერთოდ არ არის გათალისწინებული.

ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც რთველის საკოორდინაციო საკითხებს ღვინის ეროვნული სააგენტო მოაგვარებს. რთველის შტაბი 20 აგვისტოს თელავში გაიხსნება და პროცესის სრულად დასრულებამდე იმუშავებს:

„არც ერთი მიმართულებით და არანაირ ყურძენზე სუბსიდია არ იქნება. რაც შეეხება ფასებს, როგორც ყოველთვის, დაარეგულირებს ბაზარი. კომპანიებმა, რომლებიც ვარაუდობენ ჩაბარებას და ფერმერებმა, რომლებიც აპირებენ ყურძნის გაყიდვას, უკვე წარსული გამოცდილებით უნდა ივარაუდონ, დაახლოებით თუ რა ფასი დადგინდება წელს. დღევანდელი პროგნოზით, შემიძლია ვთქვა, რომ 20 აგვისტოდან შტაბი გვექნება გახსნილი და ვიქნებით მზადყოფნაში“, - აცხადებენ ღვინის სააგენტოში.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობისა მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მეღვინეობის დარგი გაჯანსაღებულია, ფასის სუბსიდირებამ, შესაძლოა, ის ნეგატიური პროცესისკენ წაიყვანოს და არასამართლიანი ფასების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

„მიგვაჩნია, რომ პირდაპირი ფასის სუბსიდია არასწორია, ეს მემკვიდრეობით მიღებული პროცესია, საიდანაც უნდა გამოვიდეთ ისე, რომ დარგის განვითარება არ დავაზარალოთ. ჩვენ დავინახეთ, დარგი დინამიკურად ვითარდება და დღეს ღვინის სექტორი საქართველოში ექსპორტის თავლსაზრისით აგროსასურსათო მიმართულებებს შორის პირველია, ეს არის წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ გამოთავისუფლებული სახსრები სხვა, უფრო ჩამორჩენილ დარგებს მივახმაროთ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მეღვინეობის სექტორში მარეგულირებელი ფუნქციებით შემოიფარგლება.

„სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დარგს არ მიატოვებს, ის რჩება ხარისხის კონტროლის კუთხით, ასევე მიკვლევადობა-რეგულირების ნაწილი იქნება წლევანდელ რთველზე ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორ ჩაივლის რთველი დაფინანსების გარეშე, წინასწარ ძნელი სათქმელია. გლეხები სტაბილურ ფასს ითხოვენ, ხოლო ქარხნის ხელმძღვანელები მისი დასახელებისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ წელს სახელმწიფოსგან ყურძნის სუბსიდირება არ მოხდება და ამიტომ განსაკუთრებული დაკვირვება მართებთ.

ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებლის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფასი ყოველ წელს იცვლება და სხვაობა რამდენიმე თეთრია.

„დარგთან ერთად შეთანხმდა, რომ არის სარეგულაციო მიმართულებით ახალი ნაბიჯები გადასადგმელი. ქართული მეღვინეობა დღეს ნამდვილად განვითარების ეტაპზეა და ნამდვილად სჭირდება თამაშის ახალი წესი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ნაწილი სტიქიამ და სხვადასხვა დაავადებამ გაანადგურა, წელს მხოლოდ კახეთის რეგიონში დაახლოებით 140 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.