ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ამომრჩეველი არჩევნებზე არ წავა, თუ არ დაინახა რა შედეგი ექნება მის არჩევნებში წასვლას.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ და პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უნდა განმარტონ, თუ რანაირ დამოუკდიებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი. პრეზიდენტი კითხულობს – „რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის? როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანიდატი, ზუსტად ასე, არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს“ – ბატონო ვახტანგ, შეიძლება გავყვეთ მარგველაშვილს ლოგიკაში?
ვახტანგ ძაბირაძე: თუ მმართველო პარტია მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, ამომრჩეველს მოუწოდებს ამ კანდიდატის მხარდაჭერას, ეს ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ხელისუფლების კანდიდატია და იგი დამოუკიდებელი კანდიდატი ვერაფრით ვერ იქნება. მარგველაშვილი იყო დამოუკიდებელი და სწორედ ეს დამოუკიდებლობა ვერ აპატია „ქართულმა ოცნებამ“, ისევე, როგორც სასახლიდან არ გამოსვლა.
რა გარანტიაა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს აპატიებს დამოუკიდებლობას? ცნობილი ფაქტია, რომ ზურაბიშვილს უყვარს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში თუ მოქმედება?
– პრეზიდენტი ხელისუფლებას პრობლემას ვერ შეუქმნის და ეს არის მთავარი. პრეზიდენტს არ აქვს სამართლებრივი მექანიზმი იმისა, რომ ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას. ერთადერთი - შეიძლება საპროტესტო მიტინგებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არის მხოლოდ. მაგრამ, თუ პრეზიდენტს იმხელა რეიტინგი აქვს, რომ საპროტესტო მიტინგის ორგანიზება შეუძლია, არ სჭირდება პრეზიდენტობა. აგერ არის რუსთაველის გამზირი, პარლამენტი, მოუწოდოს და გამოიყვანოს.
ანუ, შეიძლება ზურაბიშვილი დამოუკიდებელი იყოს, არ ითამაშოს ის თამაში, რასაც „ქართული ოცნება“ მისგან მოითხოვს, მაგრამ ეს პრობლემებს ვერ შეუქმნის ხელისუფლებას და ამიტომაც არ ჩათვალეს საჭიროდ საკუთარი კანდიდატის დასახელება. ეს არის ჩვეულებრივი პიარ თამაში, რომელიც მიმართულია დასავლეთისკენ, რომ აი, მმართველი კანდიდატი დამოკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს.
როგორ ფიქრობთ, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს უთმობს დამოუკიდებელ კანდიდატს და ეს არ არის პარტია, რომელიც ერთპარტიულ მმართველობაზე არის ორიენტირებული, რაზეც აკრიტიკებს დასავლეთი მმართველ ძალას, რამდენად მომგებიანად გაიყიდება დასავლეთში?
– ვიღაცა იყიდის, ვიღაცა არა. გააჩნია პროცესები როგორ წავა. მიშაც იყო შუქურა, მაგრამ ახლა ეგერ არის ჰოლანდიაში. ასე რომ, აქ დასავლეთი რას იყიდის და რას არა, ზოგადად ნაკლები მნიშვნელობა აქვს.
როდესაც ხელისუფლება დამოუკიდებელ კანდიდატზე აკეთებს აქცენტირებას, ითვალისწინებს დასავლეთის პოზიციას, მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებს საკუთარი ამომრჩევლის პოზიციას. ამ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლის 74% ამბობს, რომ არ მიდის არჩევნებზე, რა უფრო მნიშვნელოვანია, რას იტყვის დასავლეთი, თუ ქართველი ამომრჩეველი?
– სხვა კანდიდატი რომ დაესახელებინათ, ეს ადამიანები წავიდოდნენ არჩევნებზე? – არა მგონია. აქ ცოტა სხვა პრობლემა გვაქვს. ამომრჩეველი არჩევნებზე არ წავა, თუ არ დაინახა რა შედეგი ექნება მის არჩევნებში წასვლას. ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, ვაშაძე თუ ბაქრაძე, რა მნიშვნელობა აქვს, თუ ამის ღირებულება ვერ დაინახა ამომრჩეველმა, ის არჩევნებზე არ წავა.
ეს რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს ამ არჩევნებისთვის? ნიჰილიზმი სახეზეა, პარტიის დაბალი რეიტინგიც, ივანიშვილის დაბრუნების მიუხედავად, პარტიის მიმართ ნდობა არ არის მაღალი...
– პროცესი რომ ცუდი მიმართულებით მიდის, ეს ფაქტია. ივანიშვილი კი დაბრუნდა, მაგრამ არასწორ ადგილზე დაბრუნდა. შეიძლება ჩვენს საზოგადოებას ძალიან მაღალი პოლიტიკური განათლება არ ჰქონდეს, მაგრამ სიტუაციას კარგად გრძნობს. შეიძლება ვერ აანალიზებს და არც ევალება გააანალიზოს სად უნდა დაბრუნებულიყო ივანიშვილი, რა უნდა გაეკეთებინა და ა.შ. ეს მისი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ ის, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ვერაფერი გაკეთდება, ამას გრძნობს და ხედავს მოსახლეობა.
ამიტომ, ივანიშვილის დაბრუნება და თან განცხადება პარტიის ერთიანობაზე, ეს მოსახლეობას არ აწუხებს. მოსახლეობას აწუხებს ის პრობლემები, რაც აქვს და ამ პრობლემებს რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გადაწყვეტს და, რომ დღევანდელი პრემიერი ისეთივე ფიგურა იქნება, როგორც წინა ორი, ამასაც ხედავს ამომრჩეველი. ამიტომაც პარტიის რეიტინგი არც შეიცვლება და არც მოლოდინი არ გაჩნდება. რამდენი ხანია ვიძახი, რომ, თუ დაბრუნდა პოლიტიკაში, უნდა დაბრუნდეს პრემიერ–მინისტრად და არა პარტიის თავმჯდომარედ.
იქნებ ერთ–ერთი ნაბიჯია, რომ შემდეგ როგორც პრემიერი ვიხილოთ, მით უფრო მის ფრაზაში გაჩნდა 2030 წელი...
– კარგით რა, დავიღალე ამ ფრაზებით. მთელი ცხოვრება რაც მახსოვს, სულ მეუბნებოდნენ, რომ ხვალ კი არა, 10–20 წლის შემდეგ ვიქნებით კარგად. ბოლო იყო გარბაჩოვი რომელმაც თქვა, რომ 2000 წლამდე პროგრამა უნდა გავწეროთო და 90 –ში უკვე აღარ იყო. ასე რომ, 12 წლის შემდეგ საქართველოში და მსოფლიოში რა მდგომარეობა იქნება, ამას ივანიშვილი კი არა, მამაზეციერი ვერ განსაზღვრავს. ვიმეორებ, პროცესი ცუდად მიდის, დრო კი, ცოტაა. ამიტომ, არანაირი შუალედური ვარიანტი არ უშველის. ივანიშვილის თუ უნდა, რომ პროცესი შეაჩეროს, პარტიის თავმჯდომარეობიდან ამას ვერ გააკეთებს, კეთილი უნდა ინებოს და გახდეს პრემიერი, ეს აუცილებელია.
აუცილებელია, მაგრამ საკმარისი რამდენად არის?
– საკმარისი სულაც არ არის. ისე ვერ მართავს პროცესებს, როგორც 2012 წელს, რადგან მისი რეიტინგიც ძალიან სწარაფად იკლებს. ამიტომ, სანამ აქვს ეს რეიტინგი, უნდა გამოიყენოს და შეაჩეროს ვარდნის პროცესი, თორემ 2030 წელი კი არა, 2020 წელიც შეიძლება ცუდად დამთავრდეს ქვეყნისთვის.
რას გულისხმობთ?
– ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობაში მმართველი პარტიის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. ხალხს იმედი არ აქვს, რომ ეს ხელისუფლება და ესენი რაღაცა სიკეთეს გააკეთებენ. ამიტომ, როგორც ყველა ხელისუფლებისადმი, იგივე მოხდება ამ შემთხვევაში – ჯერ ხდება უნდობლობა, შემდეგ ნიჰილიზმი და ბოლოს ჩნდება აგრესია. როგორ მთავრდება აგრესია? როგორც წინა ხელისუფლების და იმის წინა ხელისუფლების დროს დამთავრდა, ისე დამთავრდება ამ ხელისუფლებისათვისაც.
თუმცა არ ჩანს ლიდერი, რაც ერთგვარად ათამამებს ხელისუფლებას და ეს ეტყობათ ყველა ქმედებაში, თუ განცხადებაში...
– ლიდერი არ იყო სომხეთში, მაგრამ როგორც კი გაჩნდა მოთხოვნა ლიდერზე, გაჩნდა ეს ლიდერიც. ეს ძალიან კარგი მაგალითია ამ ხელისუფლებისთვის.
საინტერესო იყო ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადება, რომ დროა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება მოშორდეს საქართველოს მმართველობას. არ ვიცი რამდენად შეიძლება მოსახლეობამ ვასაძეში აღმოაჩინოს ლიდერი, თავად ამბობს, რომ არ აქვს პოლიტიკური ამბიცია, მაგრამ მისი ფრაზა შეიძლება როგორც პოლიტიკური განცხადება მიიღოს ამომრჩეველმა?
– არ ვიცი, არა მგონია, რომ ვასაძისგან ლიდერი ჩამოყალიბდეს. არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა ვასაძემ, მაგრამ დავუშვათ, მიუღებელმა ადამიანმაც რომ თქვას, საზოგადოებაში პროცესი თავისთავად მიდის. ანუ, მოსახლეობაში უკვე არის ძალიან ნეგატიური განწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ, ვიმეორებ, საკმაოდ ნეგატიური. წამოეგება თუ არა მოსახლეობა ისევ იმ ანკესს – ჩვენ თუ არ ვიქნებით, ისევ ნაციონალები მოვლენ, ეს კარტი გათამაშდება თუ არა, ამას არჩევნები გვიჩვენებს, მაგრამ უკვე ეს ფრაზა ძალას კარგავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაციონალებს დაუჭერენ მხარს. არ დაუჭერენ, მაგრამ ვიღაცა გამოჩნდება, არ ვიცი ვინ, თითქოს დღეს არავინ არ ჩანს ასპარეზზე, მაგრამ როცა მოსახლეობაში ჩნდება ასეთი ვაკუუმი და როდესაც მოსალხეობაში აგრესია გაჩნდება, ჯერ აგრესია არ არის ქართული ხელისუფლებისადმი, უფრო გაღიზიანებაა, მაგრამ ეს ერთ–ერთი სტადიაა იმისა, რომ შემდეგ აგრესიაში გადავიდეს და აუცილებლად მოხდება ის, რაც ადრეც მომხდარა. ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, რომელიც ხედავს რა ხდება ქვეყანაში, იტყვის, რომ ცუდად მიდის პროცესი. კარგად, რომ არ მიდის პროცესები ქვეყანაში, ეს ივანიშვილმაც თქვა. ახლა ლაპარაკია იმაზე - შეიძლება კი ამ პროცესის შეჩერება, შემოტრიალება, სხვაგვარად გააზრება, ეს არის მთავარი.
თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია, თუ ივანიშვილი პრემიერის პოსტს ჩაიბარებს?
– მე ვთვლი, რომ ჯერჯერობით არის შესაძლებელი, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის წლები, ეს არის თვეები. დრო ივანიშვილის სასრგებლოდ არ მუშაობს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან დაუწყოს პროცესებს ჭვრეტა. საკამოად მძიმე და რთული ნაბიჯებია გადასადგმელი. ამას ვერ გააკეთებს ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური რეიტინგი და გამოცდილება არ აქვს, ვგულისხმობ მამუკა ბახტაძეს, რომელიც შეიძლება ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ პოლიტიკას თავისი წესები და კანონები აქვს.
არ გამოდის ასე, გუშინ რომ არ ფიქრობდი და დღეს რომ პრემიერი გახდი. ასე არ გამოდის პოლიტიკა, არ გამოსულა არასად და არ გამოვა არც ჩვენთან. მაქსიმიუმ 6–7 თვე, შეიძლება არც კი იყოს ის ვადა, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერის თანამდებობაზე. შემდეგ, უკვე, როდესაც ზღვარი გადაილახება, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თავმჯდომარე თუ პრემიერი. საზოგადოება ჯერ არ მისულა უკიდურესობამდე, მაგრამ პროცესები აქეთ მიდის, ამ პროცესებს ბახტაძის პიარ–კამპანია ვერ შეაჩერებს სამწუხაროდ.