„ნინო გვენეტაძე რეპრესიულ სასამართლო სისტემასთან მარტო დარჩა“

„ნინო გვენეტაძე რეპრესიულ სასამართლო სისტემასთან მარტო დარჩა“

ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროების მოტივით, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ქვეყნის აწ უკვე ყოფილი პირველი მოსამართლე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს.

მედიასთან არ ჩნდება გვენეტაძის პრეს–სამსახური. ხელისუფლებამ ნინო გვენატაძის გადაწყვეტილება მედიით შეიტყო და სარწმუნოდ მიაჩნიათ გადადგომის მიზეზი.

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 2015 წელს 10 წლის ვადით დაიკავა. ლადო ჭანტურიას შემდეგ, ეს მეორე შემთხვევაა, როდესც ქვეყნის პირველი მოსამართლე ვადაზე ადრე მოსამართლის მანტიას იხდის. შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძის სახელს უკვაშირდება რეჟიმის შემქმნელი მოსამართლეების უვადოდ არჩევა, რის გამოც გვენეტაძეს საზოგადოება ღიად დაუპირისპირდა.

2017 წლის 6 ნოემბერს ნინო გვენეტაძემ გააკეთა განცხადება, რომ საბჭოს წევრები და განსაკუთრებით საბჭოს მდივანი მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. თავის მხრივ, გვენეტაძეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებაში ადანაშაულებდნენ საბჭოს წევრები.

კიდევ ერთი სკანდალი, რაც გვენეტაძეს სახელს უკავშირდება, ეს არის იუსტიციის საბჭოდან გასული ტესტების საქმე. კერძოდ, საგამოცდო ტესტი, რომელიც წინასწარ მიეწოდებოდა კანდიდატს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსანტებმა საგამოცდო ტექსტი წინასწარ იცოდნენ. არსებული ინფორმაციით, მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეთან და ლევან მურუსიძესთან შეთანხმებით იმოქმედა, თუმცა სწორედ ამ უკანასკნელებმა უკანვე შემოუტრიალეს გვენეტაძეს ეს გადაცდომა და პროკურატურაში საქმის აღძვრის მუქარით აიძულეს დაეტოვებინა თანამდებობა. არსებული ინფორმაციით, ერთ–ერთი მიზეზი გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის, სწორედ ტესტირების საქმეა, რამაც სასამართლოს ნდობის ხარისხი კიდევ უფრო შეამცირა. კიდევ ერთი საკითხი, რაც გვენეტაძეს სახელს უკავშირდება ეს არის ე.წ. ციანიდის საქმე, რომლის განხილვაზე უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა. ნინო გვენეტაძის გადადგომის გადაწყვეტილება სიურპრიზად მიიღო ხელისუფლებამ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამორიცხავს, რომ გვენატაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს, ან მით უფრო, ციანიდის საქმეს.

„არა მგონია, ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირა არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რა ტიპის ჯანრთელობის პრობლემები აქვს, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გვენეტაძეს ჯანმრთელობას უსურვებს იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე და აცხადებს, რომ გვენეტაძეს და პირადად მას გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო დროს მათი ხედვები მნიშვნელოვნად დაახლოვდა. მიქაუტაძე გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება საბჭოს მხრიდან ზეწოლას უკავშირდებიდეს და აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკით დაიტვირთოს სასამართლოს სისტემა.

„ეს ნამდვილად არ არის ასე. საბჭოს სხდომებზეც გარკვეულ თემებზე გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენი ხედვები მაქსიმალურად დაახლოვებული იყო“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძე აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა მისთვის სისტემის ავადმყოფობის დიაგნოზია. ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რეფორმის პოლიტიკური ნება.

„ის ვითარება, რომელიც შექმნილია სასამართლოებში და რომელთან შეხებაც ნინო გვენეტაძეს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად უწევდა, გამკლავებისთვის არაადამიანურ ძალებს მოითხოვს. ამას ამძიმებს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აშკარად არ აქვს რეფორმის პოლიტიკური ნება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო ტყვე – ერთი მხრივ, ამ მოძლიერებული კლანური დაჯგუფებისა და მეორე მხრივ, რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინერტულობის. ნინო გვენეტაძე, როგორც ახალდანიშნული თავმჯდომარე, რომელმაც გადმოიბარა რეპრესიული სასამართლო სისტემა, ამ სისტემასთან მარტო დარჩა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ გვენეტაძე არაერთხელ ყოფილა ზეწოლის ქვეშ და ის რეალურად არ იყო სასამართლოს მმართველი. მისი თქმით, სასამართლო სისტემის ფაქტობრივი ხელმძღვანელი სინამდვილეში, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეა.

„გვენეტაძის გადადგომას ვუკავშირებ სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებს. სასამართლო სისტემაში უზენაესი სასამართლოს როლი არის მინიმალური. სასამართლო სისტემა იმართება სხვა ჯგუფის მიერ, სხვა ჯგუფს აქვს ინტერესები. ეს არის მიხეილ ჩინჩალაძე და მისი ჯგუფი. გვენეტაძე ოფიციალურად იყო სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა რეალურად გვენეტაძე სასამართლოს თავმჯდომარე არ იყო.

პროცესებს მართავდა ჩინჩალაძე. გვენეტაძის ხელში არანაირი ბერკეტი არ იყო, გარდა იმ ოფიციალური ბერკეტისა, რაც შესაძლოა მას ჰქონოდა. მეორე – არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკავშირდებოდეს დეკანოზ მამალაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მოვლენების ასეთი დამთხვევა შემთხვევით არ ხდება“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვადაზე ადრე გადადგომის შემთხვევაში, ახალი კანდიდატურის წარდგენისა და არჩევის ვადები კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს.

ახალი რედაქციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ კი, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აღარ ექნება – პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ასევე ახალი კონსტიტუციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იქნება. უმრავლესობაში ჯერ არ იციან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი.