„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში“

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში“

პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც მარიხუანას ლეგალიზაცია დაუშვა. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავის საგანია, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის და საზოგადოების უმრავლესობაში. ამაზე მეტყველებს NDI–ის კვლევა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს. მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, პოლიტიური გაერთიანება „გირჩის“ სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა. გადაწყვეტილებას აკრიტიკებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომლის განცხადებით, მისდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა ამ დარგის უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს.

დავით სერგეენკოს შეფასებით, კოშმარულ სიზმარშიც არ სურს, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარკვეული პროფესიების მქონე პირების წარმოდგენა.

„ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია ასეთია, რომ ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს, რომლებსაც დღესაც არ აქვს შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება, რომ დავიწყო კრიტიკა, თუმცა ჩემი პოზიციაა არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი მარგველაშვილს, რომელის განცხადებით, ერთია რაღაც არ მოგწონდეს და მეორეა – ამის გამო ადამიანს ციხეში უშვებდე. ამ ლოგიკის გათვალისწინებით პრეზიდენტი მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა.

„მოდით, ასე ვთქვათ, 74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არაა კარგი და დადებითი ჩვევა, მე შემიძლია ამ 74%–ს შევუერთდე, შეიძლება კიდევ შევუერთდე იმ 90%–ს ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება კატასტროფაა, შემიძლია შევუერთდე, ალბათ, მოქალაქეების 100%–ს, ვისაც მიაჩნია, რომ ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება ცუდია, მაგრამ ზღვარი უნდა გავავლოთ. ერთია ცუდი და კარგი ჩვევა, მეორეა ამის გამო რამდენად უნდა გვყავდეს ადამიანები ციხეში.

ჩვენ ამ ზღვარის გავლება უნდა ვისწავლოთ. მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში, ამ ბოლო დროს, ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტებს თუ მთლიანად დავანგრევთ, მერე მაინტერესებს ვინ დაიცავს ნებისმიერ კანონს?“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირისპირდება საპატრიარქო. საგანგებო პრესკონფერენციაზე დეკანოზმა დავით ნოზაძემ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებასთან დაკავშირებით.

„საერთოდ არ არის სწორი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ოთხმა ადამიანმა გადაწყვიტოს. საერთოდ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს მთელი ერი უნდა წყვეტდეს. რეფერენდუმი ხომ არსებობს? მოდით, ვკითხოთ ჩვენს მოსახლეობას რა ურჩევნია, იყოს ნებადართული თუ – არა. რელიგიური ადამიანი თვითონ ხვდება, რომ ნებისმიერი თრობა დანაშაულია, მასთან მე ბევრი საუბარი არ მჭირდება.

ჩემი აზრით, პრემიერმაც, მინისტრებმაც, პარლამენტარებმაც, სასულიერო პირებმაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ნებადართული არ იყოს. ნებისმიერი თქვენგანი, მათ შორის მეც, რამეს რომ დავაშავებთ, შიგნიდან სინდისი გვეუბნება, რომ ეს დანაშაულია. კაცი იფიქრებს, რომ რაღაც შეეშალა, უცებ ზურაბ ჯაფარიძე ეტყვის, რომ ნებადართულია. ასე ადამიანი ირყვნება და იღუპება. ჟურნალისტები ხშირად ამბობთ, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებააო, ერთ სიტყვას აკლებთ, „საუბედურო ისტორიული გადაწყვეტილება“ მიიღო ამ ოთხმა მოსამართლემ“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ამ მოსამართლეებმა თავიანთი გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და ერის წინაშე ბოდიში მოიხადონ.

„გირჩში“ დღეს ვინც არიან, მთავრობაში როცა იყვნენ არავისზე ზრუნავდნენ. გინახავთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გამოსულიყო პარლამენტში და ეთქვას – ბატონო მიშა, არ დავსაჯოთ ნარკომანები, ნუ გაავსებთ ციხეს. მათი მეთოდი ასეთი იყო – როცა ვინმეს ორი კაპიკი ჰქონდა, ჩაუდებდნენ ნარკოტიკს და გააგზავნიდნენ გლდანის ციხეში“, – აღნიშნა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არის და კასაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, არ იზიარებს მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების თაობაზე. მისი თქმით, ეს ინსტიტუტი საჭიროა, როგორც კონსტიტუციის ერთგავრი დამცავი მექანიზმი კონსტიტუციისა. თუ მან გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომელიც ვიღაცას არ მოსწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კონსტიტუციის ნებას. გადაწყვეტილება არ მოსწონს, მაგრამ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეგლამენტში მოქცევა და შეზღუდვების დაწესება შეუძლია საქართველოს პარლამენტს.

„როგორია გზა გადაწყვეტილებისა, რომელსაც მხარს არავინ უჭერს? - კონსტიტუციაში შეიცვალოს ის მუხლი და ჩამოყალიბდეს იმდაგვარად, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციიდან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება ვერ მიიღოს. ბერკეტები არის პარლამენტის ხელში. გადაწყვეტილების შეცვლაზე არ დაიწყონ ფიქრი, არამედ რეგლამენტირება გაუკეთონ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რეგლამენტში მოქცევა და შეზღუდვების დაწესება შეუძლია პარლამენტს - ფიქრი უნდა ცოტა მეტი“, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოიქცეს და მაშინ ეს ქვეყანა ნელ–ნელა დალაგდება.

„ეკლესიის მოწოდებაა ადამიანებს უქადაგოს და არა აკრძალოს. თუ იძახის, რომ გავლენა აქვს მორწმუნეებზე, სწორედ იმათ უქადაგოს, რომ არ მოწიონ, რა პრობლემაა ამის გაკეთება? არც მე ვარ მომხრე და არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, დეკრიმინალიზაცია კი ბატონო, მაგრამ ლეგალიზაცია ჩვენს ქვეყანაში ნამეტანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რაც არ მოგვწონს ის გავაუქმოთ. უნდა მოვძებნოთ გზები იმისა, რომ თუ რამე საფრთხე არის და საფრთხე ნადვილად არის, იმიტომ, რომ ძალიან მოუმზადებელია ქვეყანა და საზოგადოება ლეგალიზაციისთვის, ამიტომ დავაწესოთ სხვა შეზღუდვები. ვისწავლოთ არა დასჯა და ჩამოხრჩობა, არამედ პრობლემის ცივილიზებული ფორმით მოგვარება“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვლის რეალობას ამ ქვეყნის ნარკოპოლიტიკაში. მისი თქმით, ძალიან მნიშნელივანია, რომ ადამინებს არ დააჯარიმებენ მოხმარებაზე, მაგრამ რაც შეეხება ფლობა, შენახვა და გასაღებას, რაც კვლავ დასჯადი ქმედებაა, ფიქრობს, რომ ლოგიკური იქნება ამ გადაწყვეტილებების მერე ესიც არ იყოს დასჯადი და სახლემწიფომ აიღოს თავის თავზე რაც გაზრდის ბიუჯეტს და არ გაახარებს შავ ბაზარს.

„სიფხიზლეს ალტერნარივა არ აქვს, მაგრამ ეს ადამიანის არჩევანია და ამიტომ გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და ამის გამო არ ისჯებოდნენ. აგრეთვე იმისკენ, რომ შემცირდეს მძიმე ნარკოტიკის, საფთიაქო ნარკოტიკების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ე. წ. ბიოს მიღება. ამ ამბავს შეხვდა საზოგადოება და დაიყო ორ კატეგორიათ - 1 კატეგორია: დავიღუპეთ, გამოშტერდა ერი, დაბოლდა დავკარგეთ ქართველობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ არაფერი არ მოხდება, ვინც ეწეოდა ის მოწევს და ნამდვილად არ გაიზრდება მწეველთა რაოდენობა. მოხდება ის, რომ ვინც იყრიდა ფსიქოტროპულს პირში და ახალ ფსქიოაქტიურებს რომელიც არ იყო დასჯადი, მათი რიცხვი შემცირდება ნამდვილად და მოიხმარენ მარიხუანას, რომელიც ნამდვილად ნაკლებ ზიანს მოიტანს. და მეორე კატეგორია: ლეგალიზაციაა, ყველგან მოვწევთ, მაგარია გვეშველა და გაბრწყინდა იბერია. მთლად მასეც არ არის. ძაან მნიშვნელოვანია, რომ ადამინებს არ დააჯარიმებენ მოხმარებაზე, თუმცა ფლობა, შენახვა,  კულტივირება და გასაღება კვლავ დასჯადი ქმედება რჩება“, – აცხადებს ზურაბ სიხარულიძე.