ქვეყანაში ექთნების კატასტროფული დეფიციტია. კლინიკებში სულ უფრო მცირდება მომსახურე პერსონალის რაოდენობა. წლიდან წლამდე ვითარება რთულდება.
საქართველოში ერთ წელიწადში ექიმების რაოდენობა 810-ით, ექთნების კი მხოლოდ 414-ით გაიზარდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ექთნების მწვავე დეფიციტია. ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის თქმით, ქვეყანაში ერთ ექიმზე 0.7 ექთანი მოდის. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე მაღალია. შვეიცარიაში ექთნების რაოდენობა ექიმებთან მიმართებაში 4,3-ია; ფინეთში - 4,8; საფრანგეთი-გერმანიაში -3,3; უკრაინაში -2,2.
„საქართველოში რეალობა ძალიან რთულია, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ექთნების კატასტროფული დეფიციტია“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 17 507 ექთანი, რაც მხოლოდ 414-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2016 წელს ქვეყანაში სულ 17 093 ექთანი იყო დასაქმებული. რაც შეეხება ექიმებს, აქ საერთო მაჩვენებელიც მაღალია და ერთწლიან ინტერვალში ზრდაც დიდი. კერძოდ, 2017 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 27 362 ექიმი, 2016 წელს კი - 26 552.
„აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ექთნების კატასტროფული დეფიციტია. სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს ექთნების რაოდენობის შეფარდება ექიმების რაოდენობასთან. ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი არ მოდის! და მაჩვენებელი არათუ იზრდება, არამედ 2000 წლიდან მოყოლებული მცირდება. ეს კი პირდაპირ აისახება ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე. ყველა მანიპულაციას ექიმი ვერ შეასრულებს, ამიტომაც არის ექთანი აუცილებელი, რაც ძალიან ცოტა გვყავს.
ექთანი დაუფასებელი პროფესიაა, ანაზღურება ძალიან დაბალია და ამიტომაც ამ პროფესიის დაუფლების სურვილს ცოტა ადამიანი თუ გამოთქვამს. ამ დროს კი არც ხელისუფლებისა და არც კერძო სექტორის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური ჯანდაცვა გვქონდეს, აუცილებელია ექთნების რაოდენობის ზრდა. ეს კი უნდა მოხდეს პროფესიის პოპულარიზაციით, პრესტიჟის ამაღლებით და მაღალი ანაზღაურებით. სხვა შემთხვევაში პრობლემა ვერ მოგვარდება. ამ მიმართულებით სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადადგას“, - განაუცხადა „ბიპიენს“ ჩიხლაძემ.
როგორც „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე აცხადებს, ზემოთ მოყვანილი ციფრები ყურადსაღებია, რადგან იგი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხი ყოველდღიურად იკლებს, ამას კი კონტროლი სჭირდება. სფერომ პროფესიონალი კადრები უნდა გამოუშვას და შემდგომ მათი გადამზადება მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს არ ხდება იღებენ დიპლომს და განვითარებას აღარავინ აგრძელებს“, - აღნიშნა სურგულაძემ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო ექიმთა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ყატარის, კუბას, ავსტრიისა და რუსეთის შემდეგ მე-5 ადგილზე იმყოფება. საპირისპირო ვითარებაა ექთნების მიმართულებით.
რატომ არ მიდის ხალხი ექთნის კურსებზე? იმიტომ, რომ ანაზღურება დაბალია. ერთია, რომ სახელმწიფოს სტრატეგია არ გააჩნია და გარდა ამისა, კერძო დამსაქმებლებიც ეკონომიას ექთნების ხარჯზე აკეთებენ. ასეთმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კლინიკებში სულ უფრო მცირდება მომსახურე პერსონალის რაოდენობა.