ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლასა და თხილის მოსავალზე სრულიად საპირისპირო ინფორმაციები ვრცელდება. ხელისუფლება წარმატებაზე საუბრობს, ოპოზიცია სრულ კრახზე. რეალური სურათი აგვისტოს ბოლოდან ყველასთვის ცნობილი იქნება უშუალოდ გლეხებისგან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ. დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 360 ათასამდე ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 13 ათასზე მეტი ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 27 ათასზე მეტი ჰექტარი. მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში ნათლად ჩანს განსხვავება შეწამლულ და შეუწამლავ ნაკვეთებს შორის.
„ჩვენ იმ ფერმერების, რომლებმაც განახორციელეს წამლობა და მოუარეს თხილის ბაღებს, ჩავატარეთ მათი მოსავლის კვლევა, გავარკვიეთ, მოსავლის შედეგიანობა, რაოდენობა, ხარისხი, ასევე დათვლილი გვაქვს რაოდენობაც და დავითვალეთ იმ ფერმერების, რომლებსაც არ აქვთ მოვლილი ბაღები - ძალიან დიდი განსხვავებაა, ხარისხში და ასევე რაოდენობაში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სეზონისთვის ყველა დანარჩენი თხილის მწარმოებელი, რომელიც არ იყო აქტიურად ჩართული თხილის მოვლაში, აბსოლუტური უმრამვლესობა მოუვლის თხილს და შედეგიც ექნებათ“, - დასძინა თოდუამ.
სურსათის ეროვნულ საგენტოში განმარტავენ, რომ დღესდღეობით ფერმერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა ფართობზე 800–1000 კგ–ს შეადგენს, თუმცა არსებობს პოტენციალი, რომ ეს მაჩვენებელი 1500-2000 კგ–მდე გაიზარდოს.
გლეხების უმთავრესი საწუხარი კი თხილის წლევანდელი ფასია. დასავლეთ საქართველოში ამჟამად 1 კგ-ის ფასი 2-2,5 ლარის ფარგლებში მერყეობს და ეს მოსავლის აღების წინ საკმაოდ დაბალია. თოდუამ ფერმერებს რჩევით მიმართა, რომ არ აყვნენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან თხილის ფასი ჯერ დადგენილი არ არის. სამომავლოდ ფასი უნდა გაიზარდოს.
სულ სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებენ რეგიონში მოქმედი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივმა ლიდერებმა და საკრებულოს დეპუტატები ამირან გიგინეიშვილი და ირაკლი მარშანიშვილი ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალსა და სოფლებში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობენ.
მარშანიშვილის თქმით, ლანჩხუთში გაზაფხულზე ქურდობები გახშირდება, რადგან მავნებლის მიერ განადგურებული მოსავლის გამო, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე დადგება:
„რამდენიმე თვეა მიმდინარეობს თერმული ნისლით შეწამვლა, რომელიც არის სრულიად უშედეგო. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება კი, ამ საფრთხეებს ვერ ხედავს. რამდენჯერმე მოვითხოვე საკრებულოს სხდომაზე, რომ აუცილებელია ავიაცია ჩაერთოს ამ ღონისძიებებში, ვუთხარი საკრებულოს თავმჯდომარეს და მერს, რომ ამის თაობაზე ერთობლივი წერილი გაგვეგზავნა, მაგრამ შედეგი ნულია.
თხილის 90% უკვე გაფუჭებულია. ხეხილი მთლიანად განადგურებულია, ასევე ბოსტნეულიც და ახლა მისეულია ფაროსანა მანდარინზე და თხილზე. ციტრუსიც და სიმინდიც ისეა, რომ უკვე დაწყებული აქვს განადგურება.
თუ სწორად მოიქცევიან და მოწამლავენ შესაბამისად, შეიძლება გადარჩენა შეძლონ. თუ არადა, მოსახლეობა ისედაც შიმშილის ზღვარზეა უკვე. 49 მილიონია გამოყოფილი ამ შეწამვლაზე და ფულსაც ტყუილად ფლანგავენ. სოფლები დაიცალა. ისეთი მდგომარეობაა, უკვე ეს ზამთარი და გაზაფხული იქნება მასიური ქურდობების სეზონი, იმიტომ, რომ ხალხი მშიერია დარჩენილი“, - აღნიშნა მარშანიშვილმა.