თბილისში სატრანსპორტო პროტესტი თანდათან პიკს უახლოვდება

თბილისში სატრანსპორტო პროტესტი თანდათან პიკს უახლოვდება

თბილისში მუდმივად სატრანსპორტო პრობლემებია. ჯერ იყო და მეტრო გაიფიცა და დედაქალაქი 3 დღის განმავლობაში პარალიზებლი იყო, ახლა იგივეს სამარშრუტო ტაქსის მძღოლები აპირებენ. ჯერჯერობით მასობრივი ლოკაუტი გადადებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მძღოლების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ვერაფრით ხერხდება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და თანამდროვე ავტობუსებით ქალაქის უზრუნველყოფა. ორგზის ჩაშლილი ტენდერი მხოლოდ 31 ივლისს გამოცხადდა ჩატარებულად და როდის შემოვა ახალი ავტობუსები ჯერ კიდევ ზუსტად არ არის ცნობილი. სავარაუდოდ, წელს ვეღარ მოესწრება, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში ვადად 9 თვეა განსაზღვრული.

მანამდე დედაქალაქში სატრანსპორტო დაპირისპირება მწვავდება. სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაუქმდა. როგორც სამარშრუტო ტაქსის მძღოლი და ერთ-ერთი მათავარი აქტივისტი ვასილ ლორია აცხადებს, მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკითხების მოგვარებას დაპირდნენ. არადა, თბილისში მოქმედი სამი ავტოფარეხიდან ერთი, დიღმის ავტოფარეხი გეგმავდა გაფიცვას.

„ჩვენ დღეს დაგვეკონტაქტნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ გვითხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ ნაბიჯებს გადავდგამდით, ნაცვლად პროტესტისა. მათ ასევე გვითხრეს, რომ ხვალ ჩვენ შეგვხვდება კომპანიის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, ხვალ დაგეგმილი პროტესტი ამ ეტაპზე გაუქმებულია“, - განაცხადა ვასილ ლორიამ.

მანამდე ვასილ ლორიამ „ინტერპრესნიუსთან“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც მძღოლების ნაწილი გაფიცვას გეგმავდა. საქმე ისაა, რომ მძღოლები ითხოვენ ხელშეკრულების პირობების გადახედვას, ასევე შრომითი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, ლორიას თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, 7 წლის მუშაობის შემდეგ სამარშრუტო ტაქსი მძღოლის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა ადმინისტრაცია დამატებით 1 წლით და 4 თვით მუშაობას ითხოვს.

„სამარშრუტო ტაქსები 7 წლის შემდეგ მძღოლების საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო. თუმცა, ამ პირობას არ ასრულებენ. ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ 1 წელიწადი და 4 თვე კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა იმავე გეგმით, როგორც ვმუშაობდით და დამატებით 18 ათასი ლარი სურთ მივცეთ. რაღაც პროცენტებს გვიმატებენ და სხვადასხვა რამეს გვეუბნებიან. მოკლედ, ამ სამარშრუტო ტაქსების გადმოცემა არ სურთ. ასეთი ტიპის პრობლემა გვაქვს დაახლოებით სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე 80 პროცენტს“, - აცხადებდა ლორია.

მძღოლების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „თბილისის მიკროავტობუსი“ მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არც კონკრეტული რესპონდენტის მიერ დასახელებული ციფრებია რეალური.

„თბილისის მიკროავტობუსი“ ნებისმიერი დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.