მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტი კანონის გამკაცრებით უპასუხებს. საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, კონკრეტულად კი 21 წლამდე ასაკის ადამიანს. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მისი მოხმარება იქნება დაშვებული. აკრძალვები შეეხება საჯარო სამსახურებს და იმ პროფესიის ადამიანებს, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფრთხის შემცველს უწოდებს და ცვლილებების აუცილებლობას განმარტავს. მისი თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, რომ მარიხუანას მოყვანაზე კონტროლი არსებობდეს. დეპუტატის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პარლამენტს მოუწევს გადახედოს აქამდე მოქმედ სანქციებს.
„მარიხუანას მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ რთული და კომპლექსურია.
ჩვენ ვართ ამ გადაწყვეტილების ანალიზის პროცესში. პირადად ჩემი აზრია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმა, როგორც წესი, მარიხუანას მომხმარებლის შემთხვევაში არ არის პროპორციული, თუმცა აქვე დატოვა შესაძლებლობა, რომ არსებობდეს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც კანონმდებელმა შეიძლება აკრძალვა დაადგინოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკა მიდის იქეთკენ, რომ ეს არის არა აბსოლუტური დაშვება, არამედ კანონმდებელმა რეგულაციები დაადგინოს, რომ მომხმარებელი შეიძლება არ დასაჯოს და გარკვეული დისკრეცია მისცეს საგამოძიებო ორგანოებს“, – აცხადებს ეკა ბესელია.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კანონის აღსრულებას ბერკეტი გამოაცალა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, უმჯობესი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს არა მარიხუანაზე, არამედ სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ემსჯელა, რადგან მარიხუანას მოხმარებაზე საპატიმრო სასჯელი უკვე გაუქმებული იყო.
„ჩვენი, 5 დეპუტატის მიერ ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის რეფორმის პაკეტში ჩადებული იყო ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, გარდა მარიხუანასი, რადგან მარიხუანა უკვე დეკრიმინალიზებული იყო, საპატიმრო სასჯელი უკვე გაუქმებული იყო. შესაბამისად, ჯობდა საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე და არა მარიხუანასთან დაკავშირებით ასეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საკანონმდებლო ბერკეტებს გვართმევს იმისათვის, რომ ვარეგულიროთ ამ ნარკოტიკის მოხმარება ქვეყანაში“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.
მისი თქმით, ის, რომ მარიხუანა ნარკოტიკია, სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება და მისი რეგულარული მომხმარებლების 20% აქვს ფსიქოზური გვერდითი მოვლენები.
„მე პირადად მომხრე ვარ, რომ ამ ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში მაქსიმალური შეზღუდვები და აკრძალვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში. მასზე უნდა გავრცელდეს ის შეზღუდვები, რაც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით გვაქვს. გარდა ამისა, ღია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც შესაძლოა, რომ იყვნენ ბავშვები, მაგალითად სკვერები, სტადიონები და ა.შ. ჩემი აზრით, უნდა გავრცელდეს ანალოგიური რეგულაცია. ასევე მომხრე ვარ, რომ შეზღუდვები დაწესდეს ასაკის მიხედვითაც. მე პირადად მომხრე ვარ, რომ მარიხუანას მოხმარების აკრძალვა გავრცელდეს 21 წლამდე“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მირიან წიკლაური ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დანაშაულებრივი, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესაძლებლობაზე საუბრობს. დეპუტატი ფიქრობს, რომ მარიხუანას ლეგალიზება ერისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული და უპასუხისმგებლობაა.
„აუცილებელია კანონმდებლებმა ამ საკითხზე საფუძვლიანად ვიმსჯელოთ, გადავხედოთ კონსტიტუციას და თუ საჭირო გახდა, მივიღოთ რადიკალური ზომები. რადიკალურ ზომებში საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების საკითხი მოიაზრება. ბევრ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ არ არსებობს“, – ამბობს მირიან წიკლაური.
საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებაზე საუბრობს კიკეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომლის განცხადებით, არ შეიძლება ოთხი მოსამართლე, თავისი გაუგებარი ლოგიკით, 4 მილიონი მოქალაქის ნებას უგულებელყოფდეს.
„მოსალოდნელი იყო მსგავსი რამ ნაბიჯები. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს“, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა ის, რაზეც გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მიიღო მმართველმა გუნდმა. შესაბამისად, მისი თქმით, ახლა საკანონმდებლო ორგანოც და ხელისუფლების ყველა შტოც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაექვემდებაროს.
„შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ იმაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე იყო თუ არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს არის ის შედეგი, რომელიც ხელისუფლების ყველა შტომ უნდა გაითვალისწინოს. უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმაც. სამწუხაროა, რომ პარლამენტმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამდენი წლის განმავლობაში, მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, თავი ვერ მოაბა შესაბამის ნაბიჯების გადადგმას.
გვაქვს სამწუხარო რელობა, როდესაც მომხმარებლებს ვსჯით დრაკონული კანონებით, დიდი რაოდენობით და მძიმე ნარკოტიკების გასაღება, მთელი ბაზარი მიშვებულია თავის ნებაზე. ეს რეალობა არის შესაცვლელი და კანონმდებლობაც უნდა მოერგოს ამ რეალობას“, – აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა თვლის, რომ იმ მოცემულობაში, როცა ახალი კონსტიტუციით სასამართლო სისტემა ისედაც სუსტდება, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ საუბარი აბსურდია.
„სრული სიბეცის მტკიცებულებაა „ოცნების“ წევრებისა, რომელიც არ არიან თავის ადგილას. ეს ხალხი არ არის კვალიფიციური, რომ იყოს პარლამენტში, ამიტომაც ისინი ბოდავენ. საკონსტიტუციო სასამართლოს თუ გააძლიერებ, თორემ მისი დასუსტება როგორ შეიძლება მაშინ, როცა ახალი კონსტიტუციით სასამართლოები მთლიანად დასუსტებულია“, – აცხადებს ნიკა რურუა.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი, ბექა წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურია, თუმცა მოუგვარებელი რჩება რიგი პრობლემებისა და სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაშია. კერძოდ, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. ასევე, კვლავ პრობლემად რჩება ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთა რაოდენობის ზრდა, რასაც სერვისების არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა იწვევს.
„საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის არ გავრცელდება ჯარიმა, თუმცა ეს არ ნიშნავს ფლობის ლეგალიზაციას, არ ნიშნავს იმას, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, ამისთვის არ დავისჯებით. საუბარია იმაზე, რომ თუ გადაგვიყვანენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და აღმოგვაჩნდება მარიხუანას კვალი, აღარ დავისჯებით.
საერთო სურათში ეს იმ გამოწვევებს არ პასუხობს რაც ქვეყანაშია. გამოწვევებია პრობლემური მომხმარებლების რაოდენობის მიმართულებით, რომელიც მზარდია, ჯანდაცვის სისტემაში, სოციალური სისტემის მიწოდებაში, ფაქტობრივად ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ამ ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს მცდელობა, რომ რეპრესიული აპარატი შეამციროს, პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა სახელმწიფოს და პარლამენტის ასეთი არათანმიმდევრული პოზიციების ფონზე ეს გადაწყვეტილება უფრო უცნაურს ხდის ნარკოპოლიტიკის ვითარებას“, – აცხადებს ბექა წიქარიშვილი.