„რუსეთის ხელისუფლებასთან ყველაზე კონსტრუქციულ დიალოგს სწორედ გერმანია ახერხებს“

„რუსეთის ხელისუფლებასთან ყველაზე კონსტრუქციულ დიალოგს სწორედ გერმანია ახერხებს“

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე გადაწყვეტილია საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტი - ბოლოს ანგელა მერკელი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფებოდა და 10 წლის თავზე ეს გერმანიის ლიდერის პირველი ვიზიტია.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე საქართველოში გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა, მხარეებმა ისაუბრეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტზე საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე - განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში.

„შეხვედრისას, საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი ხედვა - „მწვანე ეკონომიკა“.

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გერმანია გვერდში უდგას.

„ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით და ჩვენი სურვილი იქნება ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან უორდროპის დიალოგის სახით.

მივესალმები გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში, რაც ერთმნიშვნელოვნად გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გერმანია გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიის კონსოლიდაციის და განვითარების კუთხით, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცების მიმართულებით“,- განაცხადა ქაცარავამ.

მისივე განმარტებით, გერმანიას განსაკუთრებული როლი აქვს ყველა იმ წარმატებულ რეფორმაში, რომელსაც სქართველო ახორციელებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროში და ჩვენი სურვილი იქნება ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან უოდროპის დიალოგის სახით“, - განაცხადა ქაცარავამ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დიპლომატი ირაკლი მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერი, ევროპულ ქვეყნებს შორის კი ნამდვილი ლიდერი იყო საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესში დახმარების თვალსაზრისით.

„გულდასაწყვეტი იყო, როდესაც გერმანია აღმოჩნდა საქართველოს ნატოში გაერთიანების საკითხში სკეპტიკოსი ქვეყნების რიცხვში. სურვილი იმისა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები უფრო აქტიური იყოს, ბუნებრივია - უკანასკნელ პერიოდში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და ამდენად, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია“- განმარტავს მენაღარიშვილი.

მისივე შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კავკასიური ტურნე, როგორც ჩანს, ინტერესი არსებობს მთლიანად კავკასიის რეგიონის მიმართ და ესეც გასათვალისწინებელია. დიპლომატის აზრით, ამ გზაზე გერმანიათან ურთიერთობის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ახალი ინტერესები ჩნდება, სხვანაირად წამყვანი ევროპული ქვეყნის ლიდერის ვიზიტი კავკასიაში გაუგებარი იქნებოდა. ეს არის თანამშრომლობა სახელმწიფოებთან, დასავლური მისწრაფებების განვითარების თვალსაზრისით და ეს მოიცავს რეოგორც ეკონომიკურ, ასე პოლიტიკურ, უსაფრთხოების და სხვა სფეროებს. გარდა ამისა, გერმანია ერთ-ერთი წამყვანი წევრია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ნატოს სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა შავ ზღვაში ნატოს გაძლერების შესახებ, რაც გერმანიის ინტერესსაც წარმოადგენს. ჩვენთვის ეს თანამშრომლობის გააქტიურების შანსია, რომელიც ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ“,- მიიჩნევს მენაღარიშვილი.

როდესაც დასავლეთთან ურთიერთობაზე იყო საუბარი, ექსპერტები, ანალიტიკოსები და დიპლომატები ივანიშვილის ხელისუფლებას ძალაუფლებაში მოსვლის დღიდან ურჩევდნენ განსაკუთრებით გერმანიასთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებას, თუმცა ამ მიმართულებით განსაკუთრებული გარღვევა არ მომხდარა.

ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში კონკრტეტული თარიღიც კი დაასახელა და აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლამდე. ივანიშვილის ასეთი პროგნოზი გაჩნდა თუ არა იმ ახალი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, ძნელი სათქმელია, თუმცა ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ გნებავთ ნატოს, გნებავთ ევროკავშირის მიმართულებით პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია და ხშირად თარიღის დასახელება უფრო რესპონდენტის გამბედაობაზეა დამოკიდებული.

„მსაგავსი პროგნოზებისგან როგორც წესი, თავს ვიკავებ ხოლმე, რადგან რეგიონი და პოლიტიკური პროცესები ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ცვლადი და ნაკლებად პროგნოზირებადია. შანსი, რომ საქართველომ ნაბიჯები გადადგას ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით რეალურია, თუმცა თარიღის დასახელებაზე თავს შევიკავებდი“,- აცხადებს მენაღარიშვილი.

დასავლეთის მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს რუსეთი ყოველთვის სკეპტიკურად ხვდება - გამოიწვევს თუ არა მის გაღიზიანებას გერმანიის კანცლერის კავკასიური ტურნე, მოგვიანებით გამოჩნდება.

„არ ვიცი, როგორ შეხედავს ამას რუსეთი, თუმცა საქართველოსთვის ეს ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია და ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ყველაზე კონსტრუქციულ დიალოგს სწორედ გერმანია ახერხებს“,- აღნიშნავს მენაღარიშვილი.