„თუ დაგვჭირდება მესამე მეჩეთსაც ავაშენებთ, მეოთხესაც, მეხუთესაც, ფეხებზე მკიდია თქვენი კონსენსუსი“, – ასე უპასუხა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ტარიელ ნაკაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ქალაქში ახალი ჯამეს – მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მეჩეთის მშენებლობა საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებამდე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს. რიჟვაძის თქმით, აჭარა არის მულტიკულტურული, მულტირელიგიური და შესაბამისად, საზოგადოებასთან კონსენსუსით უნდა იმოქმედონ.
„მეჩეთთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. პრინციპული პოზიცია ჩვენი გუნდის და ხელისუფლების არის ის, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს ქართული ფულით და ჩვენ ყველა რესურსს და ძალისხმევას დავხარჯავთ ამისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ადგილმდებარეობას და არქიტექტურასთან დაკავშირებით, ამაზე იქნება საზოგადოების ჩართულობა და რა თქმა უნდა, საზოგადოების კონსენსუსი იქნება მიღწეული“, – ეს განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცებამდე გააკეთა.
მოგვიანებით მთავრობის თავმჯდომარემ მისი განცხადების კორექტირება სცადა და განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. ისინი მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ითხოვენ. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან ეს ტერიტორია საჯაროა და აქ მრავლადაა სხვა საეკლესიო ნაგებობები.
ტარიელ ნაკაიძე, რომელიც მთავრობის თავმჯდომარეს შეცვლილი პოზიციის გამო არაკორექტული ფრაზით დაუპირისპირდა, აცხადებს, რომ ბუნებრივი რეაქცია გამოხატა იმ უსამართლობის მიმართ, რასაც მისი თქმით, მთავრობის თავმჯდომარე რამდენიმე დღეა უაზროდ იმეორებს. ნაკაიძის თქმით, ხელისუფლების ასეთი არასწორი დამოკიდებულება შესაძლებელია გახდეს სხვადასვანაირად მოაზროვნე ადამიანების დაპირისპირების მიზეზი.
„მე ხელისუფლებას ვუთხარი, რომ არ შეიძლება ხელისუფლება იყოს შუალედურ პოზიციაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჩემი განცხადების პათოსი იყო, რკომ უფრო კარგად მიმხვდარიყვენ. შეიძლება ლექსიკური თვალსაზრისით არ იყო მთლად კორექტული დამოკიდებულება, თუმცა ეს არ იყო მიმართული რომელიმე აღმსარებლობის მქონე საზოგადოებისკენ. ეს იყო ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადება, რომელსაც ევალება და ვალდებულია ჩემს წინაშე, ნებისმიერი მუსლიმის წინაშე, რომ იყოს როგორც ხელისუფალი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ტარიელ ნაკაიძემ.
თემის მნიშვნელობის მიუხედავად, ნაკაიძე არ ფიქრობს, რომ მისი განცხადება – „ფეხზე მკიდია თქვენი კონსენსუსი“ გახდება ქრისტიანი და მუსლიმი მრევლის დაპირისპირების მიზეზი. ამბობს, რომ ხელისუფლება არ უნდა იქცეს როგორც რელიგიათა შორის, ასევე განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს შორის დაპირისპირების წყაროდ.
„სწორედ ხელისუფლებას ვეუბნები იმას, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ხელისუფლება და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც ეკისრება. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის დაწყების თემა დიდი ხანია დაიწყო. ქალაქ ბათუმს სჭირდება კიდევ ერთი მეჩეთი, მხოლოდ ერთი მეჩეთია და არის საჭიროება, რომ აშენდეს მეჩეთი. როდესაც ვსაუბრობ ამ საკითხზე, მე საქმე მაქვს ხელისუფლებასთან და არა მრევლთან.
პრობლემა არსებობს, მეჩეთი ვერ შენდება და შესაბამისად, უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. თუ არ მოგვარდება, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, ხელისუფლება წყარო გახდება ადამიანთა შორის ურთიერთდაპირისპირების. მე ვურჩევ ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთხელ და სამუდამოდ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლება ვერ მიიღებს შუალედურ გადაწყვეტილებას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ტარიელ ნაკაიძე.
ხელისუფლება ნაკაიძის განცხადებას უკომენტაროდ ტოვებს. თუმცა, საკითხის მნიშვნელობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ საკითხი შესაძლოა, ქვეყნის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ აჭარას გამოაცალონ მშვიდობის სტატუსი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი რუსული და სომხური მხარის ინტერესებზე საუბრობს და მიაჩნია, რომ საკითხი სოწრედ კონსტრუქციული ფორმის საფუძველზე უნდა მოგვარდეს.
„მოუზომავი იყო მისი განცხადება. ეს არ არის მარტივი რამე. აჭარაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და სტაბილურობა დგას მუსულმანთა და ქრისტიანთა კონსენსუსზე, სამოქალაქო მშვიდობა სხვანაირად აჭარაში რთული მისაღწევი იქნება. ნებისმიერი განცხადება, როგორც აჭარის მთავრობის, ასევე მუსლიმთა თემის მხრიდან მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ კონსენსუსი იყოს მტკიცე და სამოქალაქო მშვიდობას საფრთხე არ შეექმნას. ამიტომ, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს მუსლიმი თემის ხელმძღვანელი, ამაზე უნდა ფიქრობდეს“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, ზარდიაშვილი ამბობს, რომ მას ახალი და უცნაური არაფერი არ უთქვამს. მოხდა ამ თემის ხაზგასმა და ისეთნაირად წარმოჩინდა, რომ თითქოს პირველი რასაც გააკეთებს აჭარის ახალი მთავრობა - მეჩეთს ააშენებს ბათუმში. მისი თქმით, ეს რეალობისგან შორს არის, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ბათუმში არ გაჭირდება კონსენსუსი და მეჩეთის აშენებას არ შეექმნება პრობლემა.
„არსებობს უფრო რადიკალური პოზიცები, როცა ამბობენ, რომ ეს არის თურქეთის ინტერესების გატარება. ბუნებრივია, რომ საფრთხე არსებობს, მაგრამ ამ საფრთხეს უნდა სწორი მართვა. ეს მართვა მოხდება ქრისტიანი და მუსლიმი მრევლის კონსენსუსის საფუძველზე. მიზანმიმართულად ხდება ამ თემით სპეკულირება. ეს არის შიდა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ნებისმიერ საბაბს იყენებენ სიმწვავის შესაქმნელად და პოლიტიკური ტემპერატურის მოსამატებლად. ამის კარგი მაგალითი არის „რუსთავი 2“ და ცრუ პროპაგანდის მანქანა მთლიანად, რომელიც ცდილობს ნებისმიერი საბაბი იპოვოს, რათა შესრულდეს მიზანი – ხელისუფლების დამხობა“, – ამბობს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, მეორე მხრივ არსებობს საგარეო ფაქტორი და დაინტერესებული ძალები, რომელთა მიზანია აჭარაში მშვიდობას გამოაცალონ საყრდენი, მოხდეს დაპირისპირება და ამით ხელი მოითბონ.
„ბევრი ძალა არის ამაში დაინტერესებული, მათ შორის ანტითურქულად განწყობილი რადიკალური ძალები. შეიძლება აქ სომხური ინტერესიც წავიკითხოთ. რასაკვირველია, ჩვენი უმთავრესი მოწინააღმდეგის – რუსეთის ინტერესები. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. არა მგონია, რომ აჭარაში არსებობდეს არსებითი საფრთხე დაირღვეს მშვიდობა. ყველა, ვინც აქცენტირებულად ხაზს უსვამს ამ პრობლემას, ან მტრის კარნახით მოქმედებს, ან ძალაუნებურად ხელს უწყობს ამ დაპირისპირებას.
ამ მხრივ ცოდავენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. ისეთ თემას, რომელიც ძალიან დელიკატურია, ზედმეტად ამწვავებენ და არა თუ პრობლემის განუხტვას უწყობენ ხელს, არამედ მუდმივად დაძაბულობას ქმნიან. იგივე თურქეთის საკითხი და ბევრია ისეთი თემა, რაც საზიანოა სახელმწიოსთვის.
მათი მიზანია, რომ თურქეთი გამოაცხადონ ნომერ პირველ მტრად და თქვან, რომ რუსეთზე უფრო საშიში თურქეთია, ეს რასაკვირველია, მცდარი, მავნე და საშიში განცხადებაა. „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია არის უაღრესად საშიში. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, რაიმე მტრობის ძიება და ისტორიული მტრობის გახსენება, ეს არის პირდაპირ რუსული და სომხური ინტერესი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
სწორედ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ასეთ განცხადებას, რაც შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს, უნდა ერიდოს ყველა. რელიგათა შორის დაპირისპირება არის ის თემა, რომელშიც შეიძლება სახელმწიფოებიც ჩაერთონ.
„რას ნიშნავს „ფეხებზე მკიდია კონსენსუსი“? რას ნიშნავს მაინც აშენდება? ან რას გულისხმობს როდესაც ამბობს, რომ კონსენსუსი არ უნდა, ხელისუფლების ნებართვის გარეშე, ძალით აშენდება? საქართველოში არ მიდის მუსლიმანური თემის დევნა, აჭარაში რომ არ წახვიდეთ, აგერ ნახეთ ქვემო ქართლი, რამე პრობლემა არის, ვინმე დევნის მუსლიმანებს? როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ აუცილებლად ამ ადგილზე უნდა აშენდეს, ეს უკვე ულტიმატუმია, რაც არც ტოლერანტობას უწყობს ხელს და არც ურთიერთობების დამყარებას. ღმერთმა ნუ ქნას და თუ დაპირისპირება მოხდა, ვის რად უნდა მეჩეთი, ან იმ მეჩეთში ლოცვას რამე აზრი ექნება? ამაზე ხომ უნდა იფიქროს იმ რელიგიის წარმომადგენელმა?“, – აცხადებს ძაბირაძე.
კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ თემა მარტივი არ არის, მეჩეთის მშენებლობის საკითხი პრობლემა არის პოლიტიკურად დალაგებულ ქვეყნებშიც. მისი თქმით, ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყება, თავისთავად გამოიწვევს დაპირისპირებას და დაპირისპირებას არა ხელისუფლებასთან, არამედ მოსახლეობასთან.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ განცხადების ავტორს რამდენად აძლევს ხელს მოსახლეობას შორის დაპირისპირება, რომელშიც შეიძლება სახელმწიფოებიც ჩაერთოს, უფიქრია ამაზე? ამიტომ, ნებისმიერი საკითხი და მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება რელიგიურ თემას, რომელიც ძალიან სენსიტიურია დღევანდელ მსოფლიოში, ყველა მხარე უნდა ცდილობდეს იყოს მაქსიმალურად ზომიერი და ითვალისწინებდეს შექმნილ გარემოებას. ეს აუცილებელია, მაგრამ თუ დაპირისპირება უნდათ და პირიქით, ამ რელიგიას ქვეყანაში დაპირისპირების დასაწყებად იყენებენ, მაშინ სალაპარაკოც არაფერია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს განცხადებით, ქრისტიანი და მუსლიმი თემის დაპირისპირება ისეთი საკითხია, რომლითაც ბევრი ვინმე შეიძლება იყოს დაინტერესებული. პოლიტოლოგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გასული წლების განმავლობაში ანალოგიური განცხადებები არ გაუკეთებია ნაკაიძეს, ამიტომ კითხვა შეიძლება გაჩნდეს – რატომ ახლა და რატომ ასეთი ტონით?
„ის, რომ შენი რწმენის გავრცელება გინდოდეს, ეს ბუნებრივია. აქ კიდევ რამდენიმე სხვა ფაქტორია, კერძოდ, ხომ არ არის აქ ისლამური სახელმწიფოს გავლენა? ანუ, ვიღაცასთან, ვინც ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელებით არის დაინტერესებული, იმასთან ხომ არ იწონებს თავს ამ განცხადების ავტორი? თუ ასეა, მაშინ მოვლენა შეიძლება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს.
დღეს, როდესაც პრაქტიკულად უპრობლემო მდგომარეობაში არიან მუსულმანები საქართველოში, აგერ თბილისში მთელი უბნებია, სადაც მუსულმანები ტრიალებენ და არავინ მათ ხელს არ უშლის. ოღონდ, გაითვალისწინონ ისიც, რომ თუკი ასეთი განცხადებები გახშირდება, მერე შეიძლება მეორე მხარემ – ქრისტიანულმა მხარემაც იგივე ინტონაციით დააყენოს საკითხი და წავიდეს შეურიგებელ დაპირისპირებაზე. ასეთი რამ თვითონ ისლამის მიმდევრებისთვის იქნება ცუდი, აღარ ვამბობ იმაზე საქართველოსთვის კარგია, თუ ცუდია, რადგან ნებისმიერი დაპირისპირება ცუდია“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.