„რეალურად ოპოზიცია იბრძვის იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რაღაც ნიადაგი მოამზადოს“

„რეალურად ოპოზიცია იბრძვის იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რაღაც ნიადაგი მოამზადოს“

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში წინასაარჩევნო მარათონის სტარტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, საარჩევნო ველზე დიდი გაურკვევლობაა. საკუთარი კანდიდატი მხოლოდ ორ პარტიას ჰყავს დასახელებული, დანარჩენები მოლოდინის რეჟიმში გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. როგორც ჩანს, ყველაფერი იმის მიხედვით დალაგდება, რა სტრატეგიას აირჩევს ხელისუფლება - დაასახელებს სკუთარ კანდიდატს, რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, თუ საერთოდ, უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე - მიმდინარე საარჩევნო პროცესზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

საერთაშორისო დამკვირვებლებიც კი შეშფოთდნენ იმით, რომ წინასაარჩევნო ველზე ჯერ კიდევ სრული გაურკვევლობაა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩქარობენ პარტიები არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთებას?

- ხელისუფლება რომ არ ჩქარობს, ეს გასაგებია, რადგან მზად აქვთ როგორც ორგანიზაციული, ისე ფინანსური და პიარის ნაწილი. თუ გადაწყვეტენ, რომ კანდიდატურა წამოაყენონ, მათ მხოლოდ კანდიდატის დასახელება დასჭირდებათ - სხვა ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუმცა, როგორც ამბობენ, საერთოდ არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას ან დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება თუ პარტიის, თუ მხარს ოფიციალურად დაუჭერენ, ეს დაახლოებით ერთი და იგივე იქნება.

რაც შეეხება ოპოზიციას, აქ ნამდვილად გაურკვევლობაა, თუ ხელისუფლება დაასახელებს კანდიდატს, ოპოზიციის შანსი ნული თუ არა, ნულთან მიახლოებულია. ამიტომ, ოპოზიცია ფრთხილობს, თუმცა დრო მასაც აქვს, მაგრამ წესით უნდა ჩქარობდეს, რადგან მას ბევრად მეტი მუშაობა დასჭირდება - სტრუქტურების შექმნა თუ განახლება, ადამიანური რესურსების მოძიება, როგორც არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ასევე პიარისთვის. წესით, ოპოზიცია უნდა ჩქარობდეს, მაგრამ მაინც ფეხს ითრევენ, რადგან მნიშვნელოვანია, დაასახელებს თუ არა ხელისუფლება საკუთარ კანდიდატს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მან მშვენივრად იცის, რომ რა არეალიც გააჩნია, მხოლოდ მისია და მას ამაში ვერავინ შეეცილება - ფაქტობრივად, მონოპოლია აქვს გამოცხადებული. ახლა მისი ამოცანა საპრეზიდენტო არჩევნების მოგება კი არა, ამომრჩევლის განმტკიცება და იმის დამტკიცებაა, რომ თუ სახელისუფლებო კანდიდატი იყრის კენჭს, მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება.

ანალოგიურ ამოცანებს ისახავს „ევროპული საქართველო“ - როგორც ცნობილია, ერთი ელექტორატია გაყოფილი და ბუნებრივია, ორივე იბრძვის იმისათვის, რომ ეს ელექტორატი საკუთარ მხარეს გადაქაჩოს. მათ ამიტომაც დაასახელეს კანდიდატები.

რაც შეეხება უსუფაშვილ-მარგველაშვილს, რამდენადაც ცნობილია, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ არ შედგება ეს ერთობა, საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს და ასევე ითქვა, რომ მათი გადაწყვეტილების შესახებ პირველ აგვისტოს გახდება ცნობილი. უსუფაშვილმა ღიად თქვა და ვფიქრობ, სწორი მიდგომაა, რომ აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად მიმდინარე, საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ სტრატეგიული შეთანხმება იმის შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას.

გარდა ამისა, ალბათ, მიმდინარეობს კონსულტაციები, რადგან ის ალიანსი, რომელიც უკვე შედგა, მხედველობაში მაქვს „ძალა ერთობაშია“, იმ პარტიებისგან დაკომპლექტდა, რომლებიც სულ ახლახანს გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ - ბუნებრივია, მათ ჰქონდათ ემოციური ბარიერი, რომელიც გადალახეს, მაგრამ ერთმანეთის მიუღებლობა არ ჰქონიათ და მათი გაერთიანება შედარებით ადვილად მოხდა.

გაცილებით რთულია მდგომარეობა მარგველაშვილ-უსუფაშვილის ტანდემის შემთხვევაში, თან როგორც ცნობილია, ისინი აპირებენ ევროპული ორიენტაციის პარტიების შემოკრებას. ვერ გეტყვით, რა ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თუ გარკვეული პოლიტიკური ძალები მათ ირგვლივ გაერთიანდებიან. რეალურად ოპოზიცია იბრძვის იმისათვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რაღაც ნიადაგი მოამზადოს.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაასახელა კანდიდატი და ნეიტრალური კანდიდატის მხარდაჭერაზეც უარი თქვა, მაშინ არჩევნები გარკვერულ ინტერესს ნამდვილად შეიძენს.

თუმცა, არ არის გამორიცხული, გაკეთდეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ რაკინაციონალურ მოძრაობასაქვს ყველაზე მეტი ფინანსური ადამიანური და სტრუქტურული რესურსები, ხელისუფლების არმონაწილეობის შემთხვევაში შესაძლოა, ეს ინსტიტუცია მათ ჩაუვარდეთ ხელში და ამიტომ, ხელისუფლება მოვალედ თვლის თავს, არჩევნერბში საკუთარი ან დამოუკიდებელი კანდიდატით მიიღოს მონაწილეობა - ანუ კონტექსტი იყოს ასეთი, რომ არ უნდოდა, მაგრამ იძულებულია - რამდენად მოსალოდნელია მსგავსი რამ მოხდეს?

- თუ „ქართული ოცნება“ არც საკუთარ კანდიდატს დაასახელებს და არც სხვას დაუჭერს მხარს, ის ელექტორატი, რომელიც მას უჭერს მხარს სად წავა? - რატომ ფიქრობენ, რომ ეს ხმები ნაციონალების მხარეს გადავა? - ეს ასე არ მოხდება.

ადრეც ვთქვი, რომ ხელისუფლების კანდიდატისთვის წინააღმდეგობის გაწევის შანსი ექნებოდა ორ კანდიდატს, მარგველაშვილს და უსუფაშვილს. ასეთ დასკვნას ვაკეთებდი იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩეველი არც ნაციონალებს და არც „ევროპულ საქართველოს“ მხარს არ დაუჭერს და სახლში დარჩება, თუ მისთვის მისაღები ძალა ვერ ნახა და ასეთი იქნებოდა მარგველაშვილი ან უსუფაშვილი. ანუ ორივე მათგანს აქვს რესურსი, რომ ეს ამომრჩეველი მიიზიდოს.

თუ სხვა ოპოზიციური ძალები არ დაასახელებენ კანდიდატს, ის ამომრჩეველი, რომელიც ვერ იტანს „ქართულ ოცნებას“ ან განაწყენებულია და იმედგაცრუებულია, ამ ამომრჩევლის გაერთიანებას შეძლებდა მხოლოდ მარგველშვილი ან უსუფაშვილი.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ დაასახელებს კანდიდატს და მხარსაც არავის დაუჭერს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი სახლში არ დარჩება და თუ შედგება ახალი პოლიტიკური ძალა მარგველაშვილ-უსუფაშვილის მონაწილეობით, ეს ის ძალა იქნება, რომელსაც მხარს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც დაუჭერს, თუ მმართველი პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ანუ იმისი თქმა, რომ თუ ხელისუფლება საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს, მხოლოდ ნაციონალები გაიმარჯვებენ, ზედაპირული მიდგომაა.

გარდა ამისა ჩნდება შანსი, რომ ქვეყანაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ევროპული საქართველო“ და არც „ქართული ოცნება“.

როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილი რატომ იკავებს თავს?

- როგორც ჩანს, ისიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება, იმიტომ, რომ არსებულ რეალობაში, როცა დასახელებულია უკვე რამდენიმე კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, თუ ხელისუფლება ასახელებს თავის კანდიდატს, მას გამარჯვება პირველივე ტურში გარანტირებული აქვს. ამიტომ წაგებული თამაშის თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ საპრეზიდენტო არჩევნებს იყენებ როგორც შესაძლებლობას, მოემზადო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუ მარგველაშვილს მხოლოდ პრეზიდენტობის ინტერესი აქვს და არა პოლიტიკაში საქმიანობის, მაშინ თუ „ქართული ოცნება“ კანდიდატს დაასახელებს, ალბათ, მარგველშვილი უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.

რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებას, რომ თუ ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს დაუჭერს, მაშინ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ზურაბიშვილმა არ მოიგოს ეს არჩევნები და ელისაშვილიც იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის. რამდენად ასოცირდება ზურაბიშვილი ხელისუფლებასთან?

- ნებისმიერი, ვისაც ხელისუფლება მხარს დაუჭერს, ასოცირებული იქნება ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ დამოუკიდებლად არც სალომე ზურაბიშვილს, არც ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს - არც ელისაშვილს, მათ შორის. ელისაშვილს რომ დაუჭიროს მხარი ხელისუფლებამ, მაშინ ის ვისი კანდიდატი იქნება? ელისაშვილმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა წინა არჩევნებში, მაგრამ ბევრჯერ მითქვამს, რომ მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კანდიდატს და მის დაპირებებს, არამედ არჩევნების მოგების დაახლოებით 50% მის ორგანიზაციულ მხარეზე მოდის. იმ უბანზე, სადაც კომისიის წევრი თუ არა, მეთვალყურე მაინც არ გეყოლება, უნდა ჩათვალო, რომ წაგებული გაქვს - ეს არჩევნების ანა-ბანაა.

თუ ელისაშვილი პოლიტიკაში აპირებს დარჩენას, ორგანიზაციულ მხარეზეც უნდა იფიქროს, ან საკუთარი გუნდის შექმნაზე, ან ახალ გაერთიანებაში საკუთარი ადგილის დაკავებაზე და ა.შ. თორემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე კარს არის მომდგარი. დამოუკიდებელ კანდიდატადაც შეიძლება კენჭისყრა, რადგან მაჟორიტარული სისტემაც რჩება, მაგრამ მაჟორიტარული ოლქის მოგებაც გაუჭირდებოდა ელისაშვილს.

შალვა ნათელაშვილს არ გაუკეთებია განაცხადი, არ ვიცით მონაწილეობს თუ არა არჩევნებში. ნინო ბურჯანაძეც ჯერჯერობით ივანიშვილის კრიტიკითაა დაკავებული და არჩევნებში კენჭისყრაზე არ საუბრობს - აქვს მნიშვნელობა მათ მონაწილეობას?

- მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, ოპოზიციისგან რამდენი კანდიდატი დასახელდება, როდესაც სამი და ოთხი პრეტენდენტია იქ მეხუთე და მეექვსეც შეემატება თუ არა, მნიშვნელობას კარგავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება აპირებს საკუთარი კანდიდატურის დასახელებას. თუ არ აპირებს, მაშინ ამ არჩევნებს ფასი დაედება, რადან ეს იქნება შანსი, რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ ხელში ჩაიგდოს პრეზიდენტის სავარძელი. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ბურჯანაძემაც დაასახელოს კანდიდატურა და ნათელაშვილმაც.

თუ ხელისუფლება ჩაერთვება ბრძოლაში, ყველა ხვდება, როგორი რეიტინგი აქვს - ხელისუფლება კი კარგავს რეიტინგს, მაგრამ ეს სამწუხაროდ, ოპოზიციას ემატება - ეს თვითონაც იციან და წაგებული თამაშის თამაში არავის უნდა - ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ოპოზიციისთვის ეს იქნება ბრძოლა მხოლოდ პირველი ოპოზიციონრის სტატუსისთვის.