დავით ჭიჭინაძეც პოლიტსაბჭოს მხოლოდ მედიის მეშვეობით ელაპარაკება

დავით ჭიჭინაძეც პოლიტსაბჭოს მხოლოდ მედიის მეშვეობით ელაპარაკება

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ სამდივნოს გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში ასაჩივრებს, მაგრამ პოლიტსაბჭოსთან წერილობით კომუნიკაციას არ გეგმავს და შესაბამისი განცხადებით მას მედიის მეშვეობით მიმართავს.

„ჯერ არაფერი დამთავრებულა, ვინაიდან ვასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას. როგორც მათ გამაგებინეს მასმედიის საშუალებით, ასევე, მასმედიის საშუალებით მიუვათ ჩემი განცხადებაც. წერილობით არავინ აპირებს მაგათთან საუბარს. პოლიტსაბჭოზე გამოჩნდება ყველას პოზიცია. ეს პროცედურა ასე არ არის, რომ ხუთმა კაცმა რაღაც გადაწყვიტა და მეექვსემ გახმოვანება მოინდომა - „ქართული დემოკრატიის“ ახალმა მამამ ზაქარია ქუცნაშვილმა და კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა... პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია, როდის შეიკრიბებიან და განიხილავენ ამ საკითხს. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, იქ ისედაც ვრჩები“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატის თქმით, პარტიაში მისი დარჩენის ან წასვლის საკითხზე არც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და არც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მათ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ.

დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის სამდივნომ მიიღო. გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრმა: კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, გიორგი ვოლსკიმ, თამარ ჩუგოშვილმა და დიმიტრი სამხარაძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე პოლიტსაბჭო ალბათ პირველივე შეხვედრაზე იმსჯელებს.

მისი თქმით, თემებზე კამათი, მათ შორის მწვავე კამათი პარტიაში წახალისებულია, თუმცა პიროვნული შეურაცხყოფა დაუშვებელია. დეპუტატის განმარტებით, პარტიის სამდივნომ გუნდში არსებული წესების დარღვევაზე რეაგირება მოახდინა.

რაც შეეხება პარტიის კიდევ ერთ წევრს, ლევან კობერიძეს, გია ვოლსკის შეფასებით, მისი განცხადებები პიროვნულ შეურაცხყოფაში არასდროს გადასულა.

„ლევან კობერიძემ გააკეთა გარკვეული განცხადებები, თუმცა არასდროს უკადრია ის, რომ ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენოს, თანაც განგრძობით ფორმაში და თავისი პროფესიონალური მოსაზრებები დაუპირისპიროს პერსონალურად რომელიმე ადამიანს და მისი წასვლა ან გადადგომა მოითხოვოს იმიტომ, რომ მათი აზრები არ ემთხვევა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ იურიდიულ სამსახურში კი აცხადებენ, რომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის დასაბუთებული წერილობითი საჩივრით ჯერ არ მიუმართავს, მათი განმარტებით, დეპუტატს საჩივრის წარდგენის ვადა 1-ელ აგვისტოს ეწურება.