„რომელიმე კანდიდატმა ფეისბუკით რომ მოიგოს არჩევნები, საქართველოში ამისათვის ჯერ ადრეა“

„რომელიმე კანდიდატმა ფეისბუკით რომ მოიგოს არჩევნები, საქართველოში ამისათვის ჯერ ადრეა“

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესასწავლად იმყოფებოდა, თავის ანგარიშში რამდენიმე შენიშვნა წარმოადგინა, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დროულად გამოცხადებაა, რათა პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლოს კანდიდატების დასახელება და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება.

ერთადერთი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ვის წარადგენს პრეზიდენტობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“, მაგრამ ვის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა ბაქრაძესა და ვაშაძეს ამ დრომდე უცნობია.

რაც მთავარია, არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი თავად ხელისუფლებას და კიდევ უფრო დიდი გაურკვევლობა შეიქმნა მმართველ გუნდში მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში ვარაუდი გამოთქვა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი ხელისუფლებამ თუ საერთოდ არ წამოაყენოს კანდიდატურა და მთლიანად ოპოზიციას დაუთმოს ბურთი და მოედანი.

ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ საკუთარი კანდიდატი რომ არ წარმოადგინოს, რომელიმე არა პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებულ კანდიდატს მაინც დაუჭერს მხარს. როგორც ზარდიაშვილი თვლის, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე წარმოუდნგენელია, რომელიმე კანდიდატმა არჩევნები მოიგოს, რადგან არც ერთ მათგანს არ გააჩნია არც ფინანსური და არც ადმინისტრაციული რესურსები არჩევნების ჩასატარებლად.

„ერთადერთი, ოპოზიციიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ გააჩნია განვითარებული საარჩევნო ქსელი. მათი ელექტორატიც ასე თუ ისე, ცნობილია, როგორც წესი, მათ მხარს ამომრჩევლის 10-15% უჭერს მხარს. სხვა პარტიებს უბრალოდ, არ აქვთ შანსი, არა იმიტომ, რომ მაგალითად, დავით უსუფაშვილს ხმას არ მისცემენ, არამედ მისი კანდიდატურა რომ წამოაყენონ კიდეც, რესურსები არ ეყოფა არჩევნების ჩასატარებლად. იგივე შემიძლია ვთქვა, მარგველაშვილზე, არც მას გააჩნია რეგიონული ქსელი და ა.შ. ელისაშვილი თუ გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, უნდა გაითვალისწონოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მერის არჩევნებისგან განსხვავდება და დედაქალაქით კი არ შემოიფარგლება, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატმა ფეისბუკით და ინტერნეტით მოიგოს არჩევნები, საქართველოში ამისათვის ჯერ ადრეა“,- მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

ყველა ელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რამდენი პარტიული ლიდერი თუ დამოუკიდებელი კანდიდატი გადაწყვეტს მარათონში ჩართვას.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აღნიშნა, იმის დაჯერება, რომ მმართველ პარტიას არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, ალბათ, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთულია - მისი თქმით, პარტიის მიერ კანდიდატის დასახელებაზე ან არ დასახელებაზე გადაწყვეტილებას თავად პარტია მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა კი განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში მნიშვნელოვანი დისკუსიები არ წარმართულა.

„ქართულ ოცნებას“ კანდიდატი რომ არ ჰყავს, სამწუხაროდ, ეს განაპირობებს დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრში მათ დინამიკას - ისინი არ ეწყობიან საკუთარ თავზე, ისინი ეწყობიან ძირითად პოლიტიკურ ძალაზე, ეს მათი პრობლემაა და NDI როგორ აფასებს ამას, ეს ცალკე თემაა“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

როგორც დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, როგორც ჩანს, ხელისუფლება ეძებს არა პარტიასთან ასოცირებულ ფიგურას, ასეთის მოძებნა კი საკმაოდ რთულია.

რაც შეეხება არჩევნების თარიღს, რაც NDI -ს მოსაზრებით, სავარაუდოდ, გააიოლებდა პრეზიდენტობის კანდიდატების მობილიზებას, ზარდიაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი და პრეზიდენტს შეუძლია თარიღი აგვისტოს შუა რიცხვებშიც კი დაასახელოს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში არჩევნები უკვე ოქტომბრის ბოლოს დაინიშნება.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნების თარიღის ძალიან ადრე დასახელება როგორც საორგანიზაციო, ისე ფინანსური კუთხით გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ვოლსკის თქმით, მთავარია, პრეზიდენტმა კანონი არ დაარღვიოს და არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში დანიშნოს.

„NDI-ის სურვილი შეიძლება სწორია, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ საკითხის გამწვავება არ მიმაჩნია სწორად“, - განაცახდა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ხელისიფლების საპრეზიდენტო კანდიდატს, როგორც ვოლსკი აცხადებს, არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ვოლსკის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კანდიდატი გუნდიდან ამოიწიოს.

„ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რათა კანდიდატი პარტიის რიგებიდან იყოს წამოწეული. არსებობს ასევე მყარი და საინტერესო მოსაზრება, რომ პარტიას გააჩნია მართვის მყარი ბერკეტები და ამას დაბალანსება სჭირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თუ სხვა პარტიის ან დამოუკიებელი კანდიდატის ხარჯზე მოხდება ხელისუფლების დაბალანსება, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ ექსპერტულ წრეებში თეორიულადაც კი გამორიცხავენ, რომ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს მოგების შანსი მიეცემა,

როგორც ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, საინტერესოა, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი რის ხარჯზე იყრის კენჭს?!

„3 500 უბანია საქართველოში და უბანზე, სადაც კაცი არ გეყოლება, ჩათვალე, რომ ის უბანი გაქვს წაგებული და საერთოდ, ოპოზიციას იმ განლაგებაში, რაც დღეს არის, არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ კანდიდატს დაასახელებს, ან ვინმეს ღიად დაუჭერს მხარს. ამიტომ ოპოზიცია ცოტა უნდა დაფიქრდეს არამარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“,- მიიჩნევს ძაბირაზე და თვლის, რომ „ქართული ოცნება“ თუ სალომე ზურაბიშვილს დაუჭრეს მხარს, ან სხვას, ჩათვალეთ, რომ ის კანდიდატი გაიმარჯვებს.

როგორც ძაბირაძე მიიჩნევს, ყველა რატომღაც თვლის, რომ 2020 წლის არჩევნებში რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ დღეს თუ არ ჩაეყარა ოპოზიციურ ელექტორატს საფუძველი, ზოგადად, 2020 წელსაც პრობლემა გახდება გამარჯვება.

„კი, ბატონო იყარონ სათითაოდ კენჭი. ეს ყველას შეუძლია, თუმცა შანსი არის ნულის ტოლი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტი თვლის, რომ ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კი არ იბრძვის, არამედ საკუთარი ელექტორატის მობილიზებას მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის ცდილობს.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში შესაძლოა კენჭი იყაროს, ალეკო ელისაშვილია. როგორც მან აღნიშნა, აქტიურად ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარი კანდიდატურა დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, საჯაროდ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა ამის სურვილი მას შემდეგ გაუქრა, რაც პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი წარადგინა.

„სულ ველოდები ბოლო წამამდე, რომ გამოჩნდება ისეთი კანდიდატი, ვინც იქნება მებრძოლი, პრინციპული, თანმიმდევრული, თუმცა ასეთს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ბევრი მიჩიჩინებს, რომ ვიფიქრო საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მმართველ გუნდს არ ეყოლება არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი.

„სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ კანდიდატი იქნება. სიტყვაში იტყუება ივანიშვილი, რომ ვითომ მხარს არ უჭერენ, სინამდვილეში კი მხარს უჭერენ და აბა, ვისი კანდიდატია?!“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, „ელისაშვილის გამოჩენას, სიმართლე გითხრათ, ველოდი. ეჭვი მაქვს, ასეთი ფიგურები კიდევ გამოჩნდებიან“, - მისივე მოსაზრებით, ალეკო ელისაშვილი უფრო აღიქმება პარტიებისგან დამოუკიდებელ ფიგურად, ვიდრე სალომე ზურბიშვილი, თუნდაც იმიტომ, რომ ზურაბიშვილს თვითონ აქვს პარტია „საქართველოს გზა“ და პარტიული ფიგურაა.

მისივე განმარტებით, იმის პროგნოზირება, რომელ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს გამარჯვების მეტი შანსი, რთულია და ყველაფერი დამოკიდებულია კანდიდატის საპრეზიდენტო კამპანიაზე.

როგორც დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, სალომე ზურაბიშვილი სხვა პარტიის წარმომადგენელია და იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას მისი მხარდაჭერის პრაქტიკა უკვე გააჩნია, ის ნაკლებად ჩათვლის თავს ვალდებულად, რომ შეხმატკბილებულად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას მაინც მოუწევს არჩევანის გაკეთება რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, რადგან როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, საარჩევნო რესურსები ხელისუფლების გარდა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ გააჩნია, მათ გამარჯვებას კი როგორ შეეგუება საქართველოს მოსახლეობა ეს სხვა საუბრის თემაა და არც თავად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს ნაციონალების პრეზიდენტის ინსტიტუტით გაძლიერება.