NDI წინასაარჩევნო გარემომ დააბნია

NDI წინასაარჩევნო გარემომ დააბნია

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“(NDI), რომელიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიასაც შეასრულებს, 23 ივლისს უკვე ეწვია, წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში მოამზადა და 27 ივლისს ქვეყანა დატოვა. დოკუმენტიდან აშკარად ჩანს, რომ NDI ერთგვარად, დაბნეულია - ორგანიზაციის შეფასების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი საკითხი ბუნდოვანია, არჩევნების თარიღი ცნობილი არ არის, მმართველ პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს, გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია.

„პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული ფუნქციების გამო პარტიების მოსაზრებები არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით იყოფა, რაც საზოგადოებას წინააღმდეგობრივ გზავნილებს აწვდის. შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი გააჩნია: წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დისკუსიები წამოჭრას“, - ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.

მათივე შეფასებით, ოპოზიციური პარტიები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს.

„საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა კანდიდატებისა და პარტიებისთვის, წარმოადგინონ დამარწმუნებელი ხედვა, რათა მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებულია. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციები ადამიანების ყოველდღიური ზრუნვის საკითხების - განსაკუთრებით, ეკონომიკის ჭრილში იქნას განხილული, თუმცა ისეთი დაპირებების გაცემის გარეშე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება“, - აცხადებს NDI-ის დელეგაცია.

NDI საქართველოს პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს და წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში ასახული პირველი რეკომენდაცია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ.

„მთავარი პრობლემა ის არის, წინასაარჩევნო პროცესი ჯერ არ დაწყებულა ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით არჩევნების თარიღი, არ ვიცით ბევრი კანდიდატი. ამიტომ პირველი პუნქტი ჩვენი რეკომენდაციისა ამბობს, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნების თარიღი, კანდიდატები დასახელდნენ და საარჩევნო კამპანია დაიწყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრმა პერ ეკლუნდმა.

ორგანიზაციას კიდევ ერთი შენიშვნა აქვს, მისი შეფასებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული დაშინების სავარაუდო ფაქტები და ძალადობის (თუმცა იშვიათი) ინციდენტების გამოძიების არდასრულება დაუსჯელობის გზავნილს აგზავნის და საარჩევნო გარემოში შიშის ელემენტი შემოაქვს. მმართველი პარტია და ოპოზიცია ამ გამოწვევების მასშტაბებზე ვერ თანხმდება.

NDI თვლის, რომ პროკურორებმა და მოსამართლეებმა 2016 და 2017 წლების არჩევნების დროს ჩადენილი ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელი და დროული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყონ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული და საზოგადოებას პოზიტიური მესიჯი მიეწოდოს.

NDI -ს აზრით, დამატებით გამოწვევებს ასევე წარმოადგენს: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება, ხმების დათვლის და ბიულეტენების შეჯამების პროცედურების დამატებითი განმარტება და საჩივრების განხილვა, რომლის გადაწყვეტა სამართლებრივი და პროცედურული ღონისძიებების გატარებით არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, NDI რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, ყველა საჯარო მოხელეს მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუწყნარებელი იქნება.

„დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ამჟამად მწვავე არ არის, ოპოზიციური და მმართველი პარტიები თანხმდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიაზე შეტევები ხორციელდება და დეზინფორმაციის უწყვეტი ნაკადია. ამ შეტევებთან გამკლავების მიზნით საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ“, - ნათქვამია ანგარშში.

დელეგაციას მიაჩნია, რომ შემოთავაზებულმა საკანონმდებლო და ტექნიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა, საარჩევნო პროცესში არსებულ ზოგიერთ პრობლემას უპასუხოს.

როგორც ორგანიზაციაში თვლიან, 2018 წლის არჩევნების ყველაზე სერიოზულ წინაღობას მხოლოდ კანონები და პროცედურები ვერ გაუმკლავდება.

NDI თვლის, რომ რესურსების - განსაკუთრებით სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენება - და ამომრჩევლის და კანდიდატების დაშინებასთან დაკავშირებული პრობლემები მთავრობამ უნდა აღმოფხვრას. ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამოყენებული უნდა იყოს ზედამხედველობის (განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის), აღსრულების და სანქციების დაწესების მექანიზმები. NDI მიიჩნევს, რომ დარღვევების ამ წრის გარღვევას არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ იგი არ ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში და მიიჩნევს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს.

„შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშს დელეგაცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერისა და გაძლიერების სულისკვეთებით წარმოადგენს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების ლიდერებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სექტემბერში ქვეყანას ინსტიტუტის გრძელვადიანი ანალიტიკოსები ეწვევიან.

ამას გარდა, არჩევნების დღისთვის საქართველოს NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ეყოლება. NDI მჭიდროდ თანამშრომლობს შემდეგ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო (PMMG). სადამკვირვებლო დელეგაციას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.