სვანეთში მიმდინარე მოვლენები პრემიერის განცხადების შემდეგ დაიწყო - მთავრობა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. გუშინ, გამთენიისას მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ხის სახერხი საამქროების შესამოწმებლად შევიდნენ. ფაქტს მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, პროტესტი კი სოფელ ხაიშში გაგრძელდა.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე შსს-ს სპეც-რაზმი გამოჩნდა და დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა.
ხაიშში განვითარებული პროცესების გამო შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა განმარტება გააკეთეს, რომლის თანახმად, ხის უკანონო სახერხების გამოსავლენად ანალოგიური საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, სვანეთის გარდა შესაბამისი მოქმედებები ერთდორულად დაიწყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. გამოვლენილია საბუთების გაყალბების ფაქტები. პასუხისგებაში 15 პირია მიცემული. პარალელურად მოწმდება ხის მასალის სარეალიზაციო პუნქტები. საგამოძიებო სამსახური საბუთებს სწავლობს.
რაც შეეხება სვანეთს, გადაიკეტა მესტიისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი. მოქალაქეების გაღიზიანება ხაიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის მობილიზებასაც მოყვა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოფლებში ხე-ტყის უკანონო ჭრის მონიტორინგისთვის შევიდა. უწყების თანამშრომლებს ადგილობრივების სახერხების დათვალიერება სურდათ, რისი უფლებაც მათ მოქალაქეებმა არ მისცეს. ადგილზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი დღეს ხაიშის მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.
როგორც სუბარი აცხადებს, ხეობაში და სოფლის ცენტრში ამ წუთებში სიმშვიდეა. დღევანდელ შეხვედრაზე კი განიხილება ის პრობლემები და პრეტენზიები, რომელიც ადგილობრივებს აქვთ.
პროცესში აქტიურად ჩაერთვება ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო ერთ კვირაში შესაბამისი უწყების წარმომადგენლები თავად შეხვდებიან მოქალაქეებს და პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ ხედვებს წარადგენენ.
სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რიგი მიზეზების გათვალისწინებით, არც ერთ ადგილობრივზე არ გავრცელდება რამე ტიპის სანქცია და არ მოხდება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.
„შევთანხმდით, რომ ვრჩები ადგილზე და მოსახლეობასთან მექნება დიალოგი, რათა მათი პრობლემა მოვაგროვო და ჩამოვიტანო თბილისში. დაახლოებით 10 დღეში, მთავრობასთან ერთად, ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფება პრობლემების გადაჭრა, ჩამოვლენ და ვიმუშავებთ პრობლემის მოგვარების გრძელვადიან გზებზე. ეს სოფლები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მუშაობენ ხე-ტყეზე, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რომ ეს ყველაფერი მოგვექცია ლეგალურ ჩარჩოებში და ხშირია, რომ ეს ადამიანები და მათი საქმიანობა კანონის ზღვარზეა ან უკანონო. ამ უკანონობას ხშირად ჩვენც ვუწყობთ ხელს, ზოგჯერ იმით, რომ პოლიტიკა ვერ გავატარეთ დროულად, თუმცა ზოგჯერ არის ობიექტური მიზეზები.
მაგალითად ხაიშში სავალი გზა, საავადმყოფო, სკოლა, სახლები, მიწები ეკუთვნის „ტრანს ელექტრას“. ასეთ პირობებში შეუძლებელია ლეგალურად აკეთოს ადამიანმა საქმე, ვინაიდან მიწა, რომელზეც სახერხი დგას, მისი არ არის და ვერ ახერხებს ლეგალიზაციას. ასეთი ბევრი მაგალითია. ჩვენი პირველი ამოცანაა, იმ დონეზე, რაც დასაშვებია, ჭრა და დამუშავება მოვახდინოთ ლეგალურ ჩარჩოებში, სადაც არ არის დასაშვები, იქ შევთავაზოთ ალტერნატიული სამუშაოები“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საქართველოს სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ასევე, მოუწოდებენ შეკრებილებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახორციელებს ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.
„სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ასევე, ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგნელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების პროცესს და მონიტორინგს გაუწევს საპროტესტო აქციას მის დასრულებამდე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხე-ტყის უკანონო ჭრა საქართველოსთვის ახალი პრობლემა არ არის - თემა აქტუალური იყო როგორც კომუნისტური რჟიმის არსებობის პირობებში, ასევე, თავისუფალ საქართველოშიც.
შევადრნაძის ხელისუფლების დროს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა, რომ ქვეყანაში ხე-ტყის მაფია ყვაოდა და სხვადასხვა დაჯგუფებებს ერთმანეთთან სერიოზული დაპირისპირებაც ჰქონდათ - როგორც წესი, ბიზნესს სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მფარველობდა შს სამინისტროც, რომლის კეთილი ნების გარეშე იმ პერიოდში საქართველოში ტვირთები ვერ გადაადგილდებოდა.
შედარებით ცივილიზებული სახე მიიღო ხე-ტყის მაფიამ სააკაშვილის პერიოდში, როდესაც ძალოვანმა სტრუქტურებმა ტვირთების გაცილების გარდა ბიზნესის საკუთარ ხელში ჩაგდებაც მოახერხეს. ერთ-ერთი პირველი დაპირისპირება ყოფილი ხელისუფლების ორ ფავორიტ მინისტრს შორის სწორედ ხე-ტყის თემის გამო მოხდა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვუილმა აჭარაში ვანო მერაბიშვილის მორები დააპატიმრა.
საქმის გარჩევის შემდეგ ყველაფერი ჩაიფარცხა, საბოლოოდ კი ირაკლი ოქრუაშვილი გუნდიდანაც განდევნეს.
როგორც ჩანს, ხე-ტყის მაფიამ ახალი ხელისუფლების პირობებშიც გააგრძელა საქმიანობა - ჰყავდა თუ არა მფარვერლები აღნიშნულ ბიზნესს ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, ამას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გვეტყვიან ხელისუფლების პირველი პირები. თუმცა საინტერესოა ერთი დეტალი, ხე-ტყის უკანონოდ ჭრისა და რეალიზაციის შემთხვევებზე შესაბამისი სამსახურები რეგულარულად ასაჯაროებდნენ ინფორმაციას.
მაგალითად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს. მათივე ცნობით, 125 ფაქტი - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 2018 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 573 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 35 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
2018 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოავლინეს. უწყებაში აცხადებენ, რომ აქედან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს და ა.შ.
პერიოდულად, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხე-ტყის მაფია დაინტერესებული იყო ჰესების მშენებლობის დაბლოკვით. ხუდონჰესის შემთხვევაში მოსახლეობას აბუნტებდნენ იმით, რომ სოფლები დაიტბორებოდა, წინაპართა საფლავები დაიკარგებოდა და ა.შ.
როდესაც ჰუდონჰესის პროექტზე მუშაობისას განსახლების გეგმის შესადგენად გეოლოგები და არქეოლოგები მესტიაში ავიდნენ, მათ მანქანები დაულეწეს, ცემეს და გამოყარეს.
თვითონ სვანები ამბობდნენ, რომ ეს ის ხალხი იყო, ვინც ხე-ტყის ბიზნესითაა დაკავებული და არ აწყობთ ხუდონჰესის აშენება, რადგან ასე იოლად ვერ გაჩეხავენ ტყეს.
ადგილობრივები იმასაც ამბობდნენ, რომ ეს ბიზნესი რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფის ხელში იყო, მათვე ეკუთვნოდათ ე.წ უკანონო ცეხები, ხოლო პროდუქციას აფხაზებზე ყიდდნენ. ამბობდნენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი იყო რუსეთის ინტერესში, რომელსაც არ აწობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ტყის მაფიის წახალისებით ცდილობს საქართველოში აჟიოტაჟის შემოტანას.
იმ ინფორმაციიდან, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში ტრიალებს ძნელი სათქმელია რეალობასთან რა უფრო ახლოსაა, მაგრამ ცხადია, რომ ეს სფერო დღემდე მოუწესრიგებელია. რამდენად დაალაგებს შექმნილ ქაოსს საკანონმდებლო ცვლილებები, მოგვიანებით გამოჩნდება. მთავარია რა არის ხელისუფლების მიზანი - ხე-ტყის მაფიის მფარველის შეცვლა თუ ამ საკმაოდ მომგებიანი ბიზნესის სრული ლეგალიზება.