„რატომ არ ხდებოდა ტყიბულის შახტში უსაფრთხო და მომგებიანი ტექნოლოგიების სრულყოფა?!“

„რატომ არ ხდებოდა ტყიბულის შახტში უსაფრთხო და მომგებიანი ტექნოლოგიების სრულყოფა?!“

„სამთოელები ვერ შევეგუებით მეშახტეების დაღუპვას, ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია“, - აცხადებენ სამთო დარგის წამყვანი სპეციალისტები და მიიჩნევენ, რომ სამართლიანობის განცდა მოითხოვს დროულ რეაგირებას, რათა სამთოელების სიცოცხლე და პრესტიჟი გადარჩეს.

ამ მიზნით დარგის სპეციალსიტები 11 პუნქტისგან შემდგარ რეზოლუციას უგზავნიან მთავრობას, სადაც შახტებში პრობლემის მოგვარების გზებზეა საუბარი.

გამოცდილი სამთოელების მოთხოვნაა, სრულყოფილ იქნას შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოქმედი რეგლამენტები და სტანდარტები ქვანახშირის მომპოვებელ წამყვან ქვეყნებში მოქმედი რეგლამენტისა და სტანდარტის გათვალისწინებით; მკაცრად იქნას დაცული შრომითი დისციპლინისა და შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები, რაც გულისხმობს შრომის უსაფრთხოების მუდმივ ინსტრუქტაჟს სამუშაო ადგილების მიხედვით, მიწისქვეშა ტექნოლოგიური პროცესების ტექნიკურ და ვიდეო მონიტორინგის თანამედროვე საშუალებათა გამოყენებით, მუშა-მოსამსახურეთა ყოველწლიურ სამედიცინო კონტროლს; შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით უზრუნველყოფილ იქნას ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები; შახტის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის დანიშვნა შესაბამის თანამდებობაზე განხორციელდეს უსაფრთხოების მოთხოვნათა სფეროში სწავლებისა და ატესტაციის გავლის შედეგების გათვალისწინებით; ეთხოვოს განათლების სამინისტროს, დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღება სტუ-ში ამფეთქებლის სპეციალისტის მომზადების შესახებ, რისთვისაც განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის დეპარტამენტისთვის გადაცემულია შესაბამისი სასწავლო პროგრამები; გავრცელდეს და სრული მასშტაბით ამოქმედდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ტყიბულის რეგიონისთვის; განხორციელდეს ცემენტის წარმოებაში გამოყენებული კლინკერის იმპორტზე საბაჟოს გადასახადების რეგულირება ტყიბულის ნახშირზე წარმოებული კლინკერის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით; ტყიბულის მინდელის სახელობის შახტზე ციცაბოდ დახრილი ფენების დამუშავებისას რეკომენდაცია მიეცეს საერთაშორისო პრაქტიკაში ანალოგიურ სამთო-გეოლოგიურ პირობებში წარმატებით გამოყენებულ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტყიბულის პირობებისთვის ადაპტირებულ საქვესართულე შტრეკებზე მოპოვების ტექნოლოგიას; ტყიბულის ნახშირის წარმოების გრძელვადიანი პერსპექტივის უზრუნველყოფის მიზნით დაჩქარდეს 300 მგვტ-იან ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა; დაჩქარდეს 13,2 მგვტ-იანი ტყიბულის ელექტროსადგურის რემონტი და ექსპლუატაციაში გაშვება; ჩამოთვლილი ღონისძიებების რეალიზაციამდე მინდელის სახელობის შახტზე განხორციელდეს საკადრო ცვლილებები და გაგრძელდეს ქვანახშირის მოპოვება არსებული ტექნოლოგიისა და შრომის თუ ტექნიკური უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვისა და კონტროლის მექანიზმის მოქმედების პირობებში, რა მიზნითაც შეიქმნას სამთო დარგის მაღალკვალიფიურ სპეციალისტთაგან დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო 3-5 წევრის შემადგენლობით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის ტექნოლოგიური მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო-საკვლევო-საპროექტო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მაჩაიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მინდელის შახტის ტრაგედიაში იკვეთება დაუდევრობა და არაპროფესიონალიზმი, აფეთქებითი სამუშაოების არასწორად ჩატარება, პერსონალის უსაფრთხო ზონაში გაუყვანლობა.

„დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ წინა კვირას მომხდარი ტრაგედია აფეთქების ბრალია, აქ დამწვრობის, ტემპერატურის კვალი აშკარაა“, - განმარტავს გელა მაჩაიძე და ასეთი მოსაზრების მიუხედავად, შახტების დახურვას კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, დახურვის გარდა შახტების კონსერვაციაზეც საუბრობენ, თუმცა კონსერვაციიას მომხრეებმა, ალბათ, არ იციან, რას ნიშნავს შახტების კონსერვაცია. ეს ნიშნავს ძალიან დიდ ხარჯებს, რადგან კონსერვაციის დროს შახტში აუცილებლად უნდა მუშაობდეს ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბანი, წყალქცევის უბანი, თავად უსაფრთხოების წარმომადგენლები უნდა მუშაობდნენ, სალამპე უნდა მუშაობდეს და უსაფრთხოების კუთხით დასაქმებული ხალხის 30-40% სისტემატურად უნდა აკონტროლებდეს შახტს.

სპეციალისტის თვალსაზრისით, ეს ყოველივე გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტყიბულის ნახშირები მიეკუთვნება თვითწვისადმი მიდრეკილ ნახშირებს და, როდესაც უშუალოდ მოპოვების პროცესი არ მიმდინარეობს, ჟანგბადი მოქმედებს ნახშირებზე, ნახშირი იჟანგება, იზრდება მისი შინაგანი ტემპერატურა, გადაიქცევა თვითწვაში, შემდეგ კი ენდოგენურ ხანძარში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთანის აფეთქება და ამას მოჰყვეს დიდი უბედურება. ამიტომ კონტროლი მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს, რაც ექსპლუატაციის პროცესში უფრო იოლია, როდესაც შენ უშუალოდ აკვირდები, ზომავ, ანიავებ და იღებ ზომებს თვითწვის, სამთო დარტყმებისა თუ გამოტყორცნების წინააღმდეგ.

For.ge დაინტერესდა წამყვანი სპეციალისტის პოზიციით იმ არგუმენტის გასაბათილებლად, თითქოს ტყიბულის შახტი წამგებიანი კომპანია იყო, რითაც კომპანიის ხელმძღვანელობა ხშირად იმართლებდა თავს. გელა მაჩაიძემ აღნიშნა, რომ ვერ იტყვის, კომპანია წაგებაზე მუშაობდა, თუ მოგებაზე, მაგრამ შახტი არ არის ის ობიექტი, სადაც შეიძლება დიდი ფული იშოვოს კაცმა. კომუნისტების პერიოდშიც შახტი ყოველთვის დოტაციაზე იყო, მას სახელმწიფოს დახმარება და სახელმწიფო შეღავათების მიცემა აუცილებლად სჭირდება, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რატომ არ ხდებოდა ტყიბულის შახტში უსაფრთხო და მომგებიანი ტექნოლოგიების სრულყოფა?!

„ჩვენ უსაფრთხო და მომგებიანი ტექნოლოგიები შევთავაზეთ შახტის ხელმძღვანელობას, მაგრამ რატომღაც დღემდე იგნორირებულია. ცხადია, ეს უფინანსობით ვერ აიხსნება, უბრალოდ, იქ სხვა ქვედადინებებია“, - გვითხრა გელა მაჩაიძემ.

სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ირაკლი მანჯავიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამთო საზოგადოება ზუსტად იმიტომ შეიკრიბა ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომ განიხილოს ტყიბულის შახტში არსებული პრობლემური საკითხები და მათი მოგვარების გზების შესახებ რეზოლუცია გადაუგზავნოს კონკრეტულ უწყებებს.

„მომზადებული გვაქვს, თუ როგორ უნდა მოევლოს ამ საკითხს ტექნიკურად, თუ საკანონმდებლო დონეზე. აქ კომპლექსური საკითხებია, მათ შორის, მთავარია, უსაფრთხოებისა და ტექნიკური საკითხების დარეგულირება, ქვანახშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მოპოვების ტექნოლოგიის სრულყოფა“, -აღნიშნა ირაკლი მანჯავიძემ და განმარტა, რომ ტყიბულის შახტში დაღუპულთა სტატისტიკით „ჩემპიონები“ ვართ და თითქმის ორჯერ ვაჭარბებთ მსოფლიოს უმძიმეს შახტებში არსებულ ძალიან ცუდ მაჩვენებლებს.