სვანები ხელისუფლებას ქვებით დაუპირისპირდნენ

სვანები ხელისუფლებას ქვებით დაუპირისპირდნენ

ხე–ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით მთავრობას ახალი რეგულაციები შემოაქვს. ამ მიმართულებით, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელ ჭუბერში და ხაიშში შევიდნენ, სადაც ხე–ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებია გამოაშკარავებული. ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე–ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა.

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი ელგანდაშვილის განაცხადებით, უწყების თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე–ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა–მხილების მიზნით.

როგორც ელგანდაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო პერიოდში, გაიზარდა ხე–ტყის უკანონოდ ჭრის შემთხვევები, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა. შესაბამისად, 26 ივლისიდან, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში.

საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხე–მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება. ქვებით და ხელჯოხებით დააზიანეს საგამოძიებო სამსახურის ავტომობილები. სოფელ ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობას გზა გადაკეტილი აქვს. ადგილობრივები სამართალდამცავებს ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები დაუშინა. თუმცა, ამ ეტაპზე სამართალწარმოება არც ერთი ადამიანის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლის თქმით, მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა და თუ სამართალდამცველები ტერიტორიას არ დატოვებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ.

ადგილზე იმყოფება რეგიონული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, სვანეთში ხე–ტყის უკანონო ჭრას მასშტაბური ხასიათი აქვს და სწორედ ამ მასშტაბურობის გამო, სახელმწიფოს ამ რეგიონში რბილი მიდგომა აქვს.

„სამწუხაროა, რომ ეს არის ცხოვრებს წესი, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ამას ასეთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათი ჰქონდა მიღებული, ამიტომაც არის, რომ შედარებით რბილი მიდგომა არის ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კონსტიტუცია, ერთი კანონი და განსხვავებული კანონები ვერ იმოქმედებს სხვადასხვა ადგილზე. ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომა გვაქვს, ესაა სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის სხვა შემოსავალი ალტერნატიული არ არის და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ რაც სვანეთში ხდება მთლიანად ჭუბერის და სვანეთის მოსახლეობის პოზიცია არ არის. მინისტრის განცხადებით, ახლა მთავარია სვანეთში სიტუაცია კანონს დაექვემდებაროს და მოსახლეობა დამშვიდდეს.

„სამწუხაროა, რომ რეგიონში დაძაბულობაა, თუმცა უკანონო ხე–ტყის მოპოვებასთან ბრძოლა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ ხდება მხოლოდ სვანეთში. როგორც უკვე იცით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე რეგიონში ჩაატარა დღეს შესაბამისი მოქმედებები. ძალიან სამწუხაროა, რომ სვანეთში დღეს ასეთი ვითარებაა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობასთან გვექნება კომუნიკაცია და შევძლებთ იქ არსებული სიტუაციის განმუხტვას.

აუცილებელია სიტუაცია განიმუხტოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის მთლიანად ჭუბერის და სვანეთის პოზიცია და ეს არის გარკვეული ნაწილის რეაგირება იმ ქმედებებზე, რაც ჩვენმა კანონის დამცველმა უწყებებმა განახორციელეს. აქვე აღვნიშნავ, რომ პირველ რიგში ყველა უნდა დავრჩეთ კანონის ფარგლებში როგორც მოსახლეობა, ისე სახელმწიფო სტრუქტურები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე–ტყის უკანონო ჭრაში, ან ხელს აფარებს ამას.

„ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე–ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომელთა აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება. გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან მიმართებაში. მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი, თუკი იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის ახალი ინიციატივით ხე–ტყის იმპორტი დღგ–სგან გათავისუფლდება. გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ერთი უწყება ამ პრობლემას ვერ მოერევა და შესაბამისად, გეგმის ნაწილი არის გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობის გაძლიერება.

„მთავრობა ტყის გადასარჩენად საკანონმდებლო ცვლილებებს მიმართავს. ერთი უწყება ამას ვერ მოერევა. აქ ყველა უწყება, მათ შორის საგამოძიებო სამსახური, შსს, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი, ყველა კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს, იმიტომ, რომ ჩვენ ეფექტიანები ვიყოთ. გამოწვევა მართლაც დიდია.

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 40%–ია ტყე და რამდენი ათეული ათასი ადამიანი შეიძლება გვყავდეს, რომ ეს ყველაფერი დაიცვას თუ შენ არ გაქვს სწორი მიდგომები, ამიტომ მათ შორის ტექნიკური საშუალებები, აღსრულების მექანიზმები, ჩვენი მხრიდან მზადყოფნა მაქსიმალურად დიდი უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.