„ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადააგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემა შეგვიქმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ და კომპლექსურად გააზრებული დედაქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ადამიანები თანდათანობით უარს იტყვიან კერძო ავტომობილებზე.
ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა ორინტირებულია ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. ასევე, მიზნად ისახავს საცობებისგან ქალაქის განტვირთვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას.
ყვითელი ავტობუსების - „ბოგდანების“ ერა დასრულდება, მიკროავტობუსთა რაოდენობა შემცირდება, ქალაქს ეყოლება ახალი ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამორტიზებული ავტობუსები ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რიცხვი 900-მდე გაიზრდება, ხოლო მეტროს ახალი შემადგნელობა დაემატება.
როგორ უნდა დავავიწყოთ ჩვენს ხალხს კერძო ავტომობილები, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ზოგისთვის რატომღაც პრესტიჟულად და სოციალური წონის გამომხატველად ითვლებოდა?! ამის შესახებ For.ge-ს გაერო-ს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა ესაუბრა.
კახა კალაძის გეგმა ორიენტირებულია ქალაქის განტვირთვასა და ქვეითთა უსაფრთხოებაზე. ეს ჩანაფიქრი განხორციელებადია?
- ეს გახლავთ სამწლიანი პროგრამა. პრეზენტაციაზე მომავალი სამი წლის ხედვა და ძირითადი აქტივობები იყო წარმოდგენილი, რის განხორციელებასაც ქალაქის ხელმძღვანელობა აპირებს. როგორც ჩანს, პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობა, ძველი ავტოტრანსპორტის ჩანაცვლება. ამისთვის ქალაქის ხელმძღვანელობას, ბუნებრივია, დასჭირდება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა.
თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 270 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც ცოტა არ არის.
- ეს ძალზე ამბიციური და საინტერესო გეგმაა, რომლის შესრულებასაც დასჭირდება ადამიანური, ფინანსური რესურსები როგორც ადგილებზე, ისე დონორებთან კოორდინირებული მუშაობა. ამ გეგმაში ცალსახად საუბარია ერთ პრიორიტეტზე, რომ კერძო ავტოტრანსპორტზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. ამისთვის პირველი პრიორიტეტია ქვეითთა მოძრაობა, შემდეგ კი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
პარკინგის თემამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საპარკინგე ადგილები კი არ ვითარდება, არამედ ორჯერ მეტ გადასახადს შემოიღებენ, რითაც ადამიანებს აიძულებენ, სახლში დააყენონ მანქანები.
- რაც შეეხება ავტომანქანების სახლში დაყენებას, მაგალითად, ჰოლანდიაში, რომელიც ტერიტორიით საქართველოზე ნაკლებია, 9-10-ჯერ მეტი ავტომობილი ჰყავთ ქალაქში, ვიდრე თბილისში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰოლანდიელები ყოველდღიურად იყენებენ კერძო ავტომობილებს. ისინი იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით გადადგილდებიან, ან ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ. დიდ ქალაქებში არის ასეთი პრაქტიკა, რომ კერძო ავტომობილების გადაადგილება ქალაქის ცენტრში უფრო ძვირი უჯდებათ. ამიტომ, თუ თბილისშიც კარგად გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, მაშინ, ბუნებრივია, არავინ გამოიყენებს კერძო ავტომობილს. ამიტომ პარალელური პროცესები უნდა განვითარდეს. თორემ, თუ არ იქნა გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაშინ ადამიანები იძულებულნი გახდებიან, ქალაქში კერძო მანქანით გადაადგილდნენ. დედაქალაქში კერძო ტრანსპორტით გადაადგილება ფასიანიც რომ გახდეს, მანქანას სახლში მაინც არ დააყენებენ და ქალაქში მანქანით შემოვლენ.
აქ ქართველების მენტალობაშია პრობლემა, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება რატომღაც პრესტიჟული ჰგონიათ?
- ეს სტერეოტიპია. ჩვენთან ახლა რომ პრობლემებია, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში ასეთი პრობლემები იყო 30 წლის წინ. არ შეიძლება, ქალაქი განვითარდეს ისე, რომ ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდებოდეს კერძო ავტომობილთა რიცხვი. მაშინ, უბრალოდ, გაიჭედება ქალაქი. დასავლეთშიც ასე იყო და მერე შეიცვალა მიდგომა. ზუსტად ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს ჩვენთანაც. ამაში უნდა ჩადოს დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ის სისტემები, რომლებიც წაახალისებს მოკლე მანძილზე ქვეითთა, ველოსიპედისტთა გადაადგილებას, ისეთნაირად უნდა მოხდეს ქალაქის დაგეგმარება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხები იყოს გათვალისწინებული.
მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირებას ემხრობით?
- მიკროავტობუსების ასეთი სიმრავლის დიდი აუცილებლობა არ არის, როცა ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და, ასევე, არის მეტრო. თუმცა არის უბნები თბილისში, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ არის დაფარული. ამიტომ მიკროავტობუსები ასეთ ადგილებში საჭიროა.
დღესდღეობით 2000-მდე მიკროავტობუსია დედაქალაქში. თუკი მათი რიცხვი შემცირდება, უმუშევრები ხომ არ დარჩებიან მიკროავტობუსების მძღოლები?
- ხალხი დედაქალაქში გადაადგილებას ისევ ხომ გააგრძელებს? ამიტომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმდებიან და გადანაწილდებიან მიკროავტობუსების მძღოლები. აქ საუბარია, რომ სწორად განვითარდეს ქალაქი. ამიტომ ამბიციური მიდგომები საჭიროა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმირებაში უნდა გამოიხატოს. მთავარია, ამ ყველაფრის იმპლემენტაცია, თორემ კახა კალაძის ინიციატივა მისასალმებელია, რომ ქალაქში საცობები აღარ იყოს. საცობის მოგვარებისთვის ზუსტად ეს არის საჭირო-საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობა, პარკინგის, ტაქსის სისტემის მოწესრიგება. ტაქსის სისტემის მოწესრიგება არ ნიშნავს, რომ ტაქსი აღარ იქნება. როგორ არ იქნება? უბრალოდ, ტაქსის მომსახურება მოწესრიგდება. დღეს უცხოელს შევხვდი, რომელმაც შემომჩივლა, თქვენს აეროპორტში ჩამოვედი და, რომ ნახეს, უცხოელი ვიყავი, აეროპორტიდან წამოყვანაში ტაქსისტებმა 250 ლარი მომთხოვესო.
ე.წ. ჭკვიან შუქნიშნებზე როცა საუბრობენ, ჭკვიანი კი არა, ჩვეულებრივი შუქნიშნებიც გამართული არ არის…
- ჭკვიანი შუქნიშნების სისტემაც აღსრულებას უკავშირდება. საგზაო მოძრაობის გამაკონტროლებელი შუქნიშნები სპეციფიკურია, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებას, გზაჯვარედინზე დარღვევებს ავტომატურად აფიქსირებს. როგორც ვიცი, ახლა აპირებენ ინვესტირებას, რადგან ჭკვიანი შუქნიშნები რეალურად უნდა მუშაობდეს. აქ ზოგადად შუქნიშანზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარია იმ შუქნიშნებზე, რომლებიც ცენტრალურ მოძრაობაში გამოიყენება. მათი დიდი ნაწილი რომ გაუმართავი იყო, თვითონაც ადასტურებდა სამინისტრო, რადგანაც პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური დაფინანსება შარშან არ გამოიყო.