ივანიშვილმა ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვალა

ივანიშვილმა ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვალა

„როცა მოვიფიქრებ, გეტყვით, მოთმინება ძალიან კარგი და მაგარი რამეა. არაფერს გეტყვით. როცა მე ამის თქმას გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით“, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერა მიიღოს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ მმართველი გუნდიდან არ დასახელდეს საპრეზიდენტო კანდიდატი და მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, ივანიშვილის პოზიციაა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ოპოზიციამ წაიღოს. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, გუნდში მის პოზიციას როგორც მხარდამჭერები, ისე მოწინააღმდეგეები ჰყავს.

„ჩემი პოზიცია პირველსავე დღიდან, რაც მსჯელობა დაიწყო, იყო განსხვავებული. თავშივე გულწრფელად გეტყვით, რომ არავინ დამიჭირა მხარი. დროში მხრდამჭერების რაოდენობა გაიზარდა. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ჩვენ ჭეშმარიტად და გულწრფელად („ქართული ოცნების“ წევრებს ველაპარაკები, ვინც დღესაც წინააღმდეგია და არ იზიარებს ჩემს პოზიციას) გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს, გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი.

რა თქმა უნდა, გუნდს ეს წაადგება და გუნდს ეს მოსწონს, მაგრამ ქვეყნისთვის ჩემი აზრით, მისი სწრაფი განვითარებისთვის, უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ან დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი (სამწუხაროდ, პარტიებიდან ვერავის დავუჭერთ), ან თუ ღირსეული დამუკიდებელი კანდიდატი არ იქნება, არც არავის დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი - თუ დამოუკიდებელს ვერ ვნახავთ“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, ევროპაში „ცოტა ველურად ჟღერს“ ის, რომ ხელისუფლებაში გამგებლიდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით ყველა პოზიცია, ისე, როგორც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთ პარტიას აქვს.

„პოზიცია მარტივია, დღეს გამგებლიდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“ და იმ ფონზე, როცა ჩვენ გვაქვს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც, ეს ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში, ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელოს. ოპოზიცია გამოდის და იძახის, რომ ესენი გაკოტრებულები არიან და კაცი არ ჰყავს, რომ დაასახელონო, მაგრამ ეს სასაცილოა, რა თქმა უნდა.

„ქართულ ოცნებას“ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პარტია არ არის ჩემთვის ძირითადი. ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო და სახელმწიფო განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ იყვნენ უფრო ძლიერი პარტიები და იყოს კონკურენცია. მსჯელობა გრძელდება. ჩემი პოზიცია არ ნიშნავს, რომ გუნდი აუცილებლად მას გაიზიარებს. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ და არ ვკეკლუცობ სრულებითაც. ალბათ, ოპონენტებიც ამას აიტაცებენ, რომ რადგან ივანიშვილის პოზიციაა, სხვა დანარჩენები მონები არიან და მას დაემორჩილებიან“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ საუბარი იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ნამდვილად იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან უმრავლესობის მეორე ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტობის მანდატისთვის ბიძინა ივანიშვილმა უნდა იბრძოლოს.

ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს საგანგებო მნიშვნელობის საკითხები ეხება, მაგრამ არ ეხება მთავრობისა და სამთავრობო სტრუქტურების მართვა, რაც ადრე იყო. დეპუტატის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს პარტიამ გადაწყვეტილება, თუ რა უფრო მართებული იქნება – საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება თუ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა.

„გადაწყვეტილების გამოტანას არ ვიჩქარებ. პარტია „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ადგილობრივი მმართველობის სრული ბერკეტი, მაჟორიტართა სრული შემადგენლობა ყველა რაიონიდან, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ერთი პარტიის ხელში დიდი ბერკეტია, მეორე მხრივ კი, ფაქტიურად ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ სექტას დაემსგავსა და რომელთა პოზიცია, აქტიობები მიმართულია მხოლოდ იქეთკენ, რომ მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ.

მათ შორის ეს ეხება საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას. ეს არის ფაქტორები, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია, რომ სტაბილურობისათვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი წამოვიდეს, რომელიც არ იქნება ქედმოხრილი, თავდახრილი ყველა საკითხზე და იქნება ზუსტად იმ ფასეულობების მიმდევარი, რის დამკვიდრებასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს – ეს არის დამოუკიდებელი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება და კონსტიტუციის ზედმიწევნით დაცვა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი მიაჩნია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დიმიტრი ხუნდაძეს, რომლის განცხადებით, ოპოზიციისთვის პრეზიდენტის ინსტიტუტის დათმობა დიდ რისკებს შეიცავს და როგორც დეპუტატი განმარტავს, რისკები მდგომარეობს იმაში, რომ დღეს საქართველოს კონსტრუქციული ოპოზიცია არ ჰყავს.

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება უკვე გავაჟღერე. ამ თანამდებობაზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატად თავად ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია. თუ ეს არა, მაშინ კარგი ვარიანტია ის, რაც თავად ბატონმა ბიძინამ შემოგვთავაზა – დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარის დაჭერა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი რაც შეიძლება მალე დანიშნოს. როგორც ბაქრაძე ამბობს, ამით ოპოზიციას საშუალება მიეცემა, თანაბარ პირობებში წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია.

„მაღალი ალბათობით, ველოდებით მეორე ტურსაც და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის გაერთიანება მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ. ეს მაღალი ალბათობით შექმნის წინაპირობას ოპოზიციის გამარჯვებისა არჩევნებში. უნდა ვიბრძოლოთ პირველ ტურშიც და მეორეშიც.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მისი გადასაწყვეტია, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას, თუმცა სასურველია მისი გადაწყვეტილება სწრაფად ვიცოდეთ, ვინაიდან ეს იმოქმედებს გარემოებებზე და რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდება, მით უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის შესაძლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ვერც ერთი კანდიდატი დამოუკიდებელი ვერ იქნება, თუკი მას რომელიმე პარტია გაუმაგრებს ზურგს.

„ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი რესურსი ამოწურა და სწორედ ამას ემსახურება იდეა, რომ მოიყვანონ თითქოსდა გარეშე და დამოუკიდებელი ადამიანი. ვერ იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი, თუკი მის ზურგს უკან დგას „ქართული ოცნება“. რა მნიშვნელობა აქვს ფურცელზე პარტიის წევრობას, თუკი ზურგს გიმაგრებს პარტია და ამ კამპანიას ატარებ ამ პარტიის მხარდაჭერით.

არანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე აქ საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ მისი ნორმით ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება და მოიფიქრეს ეს მიდგომა, რომ თითქოს საზოგადოებას სთავაზობენ ვიღაც დამოუკიდებელს. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს, რომ გამოსავალი არის არა ამაში, არამედ ამ პოლიტიკური გუნდის სრულ დემონტაჟში“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ სჯერათ, რომ ივანიშვილი დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, ეს

ყველაზე დიდი ტყუილია, რაც ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე უთქვამს.

„ისტორიკოსები და განსაკუთრებით ბიძინოლოგები, რომლებიც ალბათ, შეისწავლიან მის ყველაზე დიდ ტყუილს, იტყვიან, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტყუილი ის კი არ იყო, რომ ყველას ექნებოდა უფასო ფული, ან დაბალპროტენციანი კრედიტები და ა.შ. არამედ ის, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ტყუილი და არ მოხდება არასდროს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.