ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის საუბარი ქვეყნის და მმართველი გუნდის შიდა პრობლემებზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი სამომავლო გეგმების შესახებ და შექმნილი პრობლემების ფონზე გაწონასწორებული ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ აჩენს იმედს საზოგადოებაში, რომ შესაძლოა, რიგ შემთხვევაში ხელიდან გაშვებული პროცესები საბოლოოდ ისეთ დემოკრატიულ კალაპოტში მოექცეს, რომელსაც პოლიტიკური რყევები ასე იოლად ვეღარ დააზიანებს. რამდენად რეალურია პროცესის ამ რაკურსით განხილვა, ამ თემაზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ხათუნა ლაგაზიძე: ეს იყო ბევრად განსხვავებული ინტერვიუ, აღსანიშნავია მშვიდი და გაწონასწორებული ტონი. ამის გარდა, ივანიშვილს მტრების ძებნა არ დაუწყია მედიისა და ექსპერთა წრეებში და ესეც მნიშვნელოვანია. კი თქვა, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია არ გვყავს, მაგრამ მის მიმართაც არ ყოფილა ისეთი ხისტი, როგორც ყოველთვის - პირიქით - თქვა, ოპოზიცია უფრო მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდიო.
რაც მთავარია, ეს იყო ივანიშვილი, რომელმაც დაინახა და აღიარა ის პრობლემები, რომელიც მისი გუნდის მმართველობის დროს გამძაფრდა ქვეყანაში. წინამორბედ ინტერვიუებში ივანიშვილი ამ რეალობას საჯაროდ ნაკლებად აღიარებდა ხოლმე.
პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა - დაწყებული, მოსახლეობაში სიღარიბის ზრდიდან - აღნიშნა, რომ ხალხი მედიკამენტებსაც ვერ ყიდულობს - ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილმა იცის ის სიტუაცია, რაც არსებობს ქვეყანაში და არ მოერიდა მის საჯაროდ გამოტანას. ისაუბრა მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებზე და თქვა ის, რის თქმასაც აშკარად მოერიდა პოლიტიკაში ხელახლა დაბრუნებისას, პარტიის ყრილობაზე - ის, რომ მან დაკარგა კონტროლი პროცესებზე, გარედან ვეღარ მართავდა სიტუაციას, გუნდი იშლებოდა და იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო.
გამოჩნდა ისიც, რომ მიუხედავად მისი დაბრუნებისა, მმართველი გუნდი არის მაინც საკმაოდ ეკლექტური და მისი პოლიტიკაში დაბრუნებაც არ აღმოჩნდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც გუნდისთვის დუღაბის როლს შეასრულებდა.
მიზეზი გახლავთ ის, რომ გუნდი არ არის შეკრული საერთო იდეის და მიზნის გარშემო - ანუ „ქართულმა ოცნებამ“ მოსვლის დღიდან არ დასახა საერთო მიზანი რისკენაც უნდა წავიდეს ქვეყანა. ამ დროს, გარდა იმისა, რომ ერს სჭირდება საერთო მიზანი და მხოლოდ ამ საერთო მიზნით დამუხტული ერი შეიძლება იყოს მიმართული სახელმწიფო აღმშენებლობისკენ, ასევე პარტიას და ნებისმიერ თანამოაზრეთა გუნდს სჭირდება იდეა, რომლისთვისაც ისინი ბევრ რაღაცაზე უარს იტყვიან.
ერთადერთი, რაც ამ წლების მანძილზე „ქართულ ოცნებას“ საერთო ჰქონდა, ეს იყო ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ეს არ არის ის იდეა და მიზანი, რომელიც გუნდის ერთიანობას განაპირობებს, იმიტომ რომ მუდმივად იცვლება გარემო და სიტუაცია, რეიტინგები, საგარეო პარტნიორების მესიჯები და ა.შ. ასეთ სიტუაციაში დიდია ალბათობა, გუნდის წევრებს გაუჩნდეთ ცდუნება, რომ სხვა პირობებში და სხვა პარტნიორებთან ერთადაც შეძლებდნენ ხელისუფლებაში ყოფნას, რისი აშკარა ნიშნებიც უკვე იყო მმართველ გუნდში.
გამომდინარე შექმნილი პრობლემებიდან, საგარეო ფაქტორებიდან, გუნდის ეკლექტურობიდან და ა.შ. როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ საკმაოდ წონიანმა ფიგურებმა ჩათვალეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა სხვა კონფიგურაციით, სხვა ჯგუფთან და ფინანსურ პარტნიორებთან ერთადაც შეეძლოთ. ამან გამოიწვია ის ცენტრიდანული პროცესები, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ იყო.
სრულიად სხვაა, როდესაც ერთი იდეის გარშემოა გუნდი გაერთიანებული, მაშინ მისი დაშლა ასე მარტივი არ არის. როდესაც გუნდს ამბიცია აქვს, რომ მარტო ხელისუფლებაში კი არ დარჩეს საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ წინსვლის გარკვეულ საფეხურზე აიყვანოს საკუთარი ქვეყანა და ისტორიაში დარჩეს, ეს ამბიცია კრავს გუნდს, თორემ ხელიასუფლებაში ყოფნა ბევრი კონფიგურაციით არის შესაძლებელი.
ასეთი იდეა „ქართული ოცნების“ არც ერთ შემადგენლობას არ ჰქონია და დადგა ის კრიტიკული მომენტიც, როდესაც გაიხედ-გამოიხედეს მმართველი გუნდის საკმაოდ გავლენიანმა წევრებმა და ჩათვალეს, რომ ივანიშვილის დრო წავიდა, წამზომი ჩართულია და მოდი, სხვადასხვა კონფიგურაციებში ვიფიქროთ ხელისუფლების შენარჩუნებაზე ან ხელისუფლებაში მოსვლაზე.
რეალურად ეს მოხდა - ბოლომდე არ ისაუბრა ამაზე ივანიშვილმა, ეს კონტექსტიდანაც ჩანდა და ინფორმაციაც გამოდიოდა იმ პროცესის შესახებ, რაც მიდიოდა. ამ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ის ყველაფერი, რაც ინფორმაციის მატარებელი ადამიანებისთვის ისედაც ცნობილი იყო.
რომ ყოფილიყო იდეა, ეს ბევრად უფრო გაუიოლებდა ივანიშვილს ისეთი გუნდის შეკვრას, რომლის იმედადაც უფრო მშვიდად იქნებოდა პოლიტიკის მიღმა - მას ასეთი ბირთვი არ აღმოაჩნდა.
მან ისაუბრა ახალი პრემიერის დამსახურებებზე - შეიძლება ითქვას, რომ ბახტაძე თავისი გუნდით შეიძლება იქცეს იმ ბირთვად, რომელსაც მომავალში ივანიშვილი დაეყრდნობა?
- კიდევ ერთი სიახლე, რაც გამოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს, არის ის, რომ ივანიშვილი რეალურად მიჯნავს აღმასრულებელ ხელისუფლებას პარტიის ხელმძღვანელობიგან. ამ ინტერვიუმ განამტკიცა მოსაზრება, რომ მამუკა ბახტაძეს პარტიას არ ჩააბარებს - პირდაპირ თქვა, პარტიას მე მივხედავო - იყო გეგმებზეც საუბარი, საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკური საბჭოს შექმნის შესახებ და ა.შ. ისაუბრა რეგიონებში პარტიის განახლებაზე, ახალი სახეების, ახალგაზრდების მოძიებაზე - კვირიკაშვილისა და ღარიბაშვილისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ბახტაძეს არ ექნება პარტიის რეორგანიზაციის ტვირთი.
ეს ხელს შეუშლის ბახტაძის პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებას?
- წარმატების შემთხვევაში ის შეიძლება იქცეს ერთ-ერთ მაღალწონიან პოლიტიკურ ფიგურად, მაგრამ მას არ ექნება საყრდენი პარტიაში. კვირიკაშვილს პრემიერად მოსვლის პირველ ეტაპზე არ ჰქონდა პოლიტიკური ამბიცია, მაგრამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მას ეს ამბიცია გაუჩნდა და სწორედ ამისი გამოძახილი იყო, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო რეგიონებში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციების ჩატარება, პარტიის რაიონული თავმჯდომარეების შეცვლა - ფაქტობრივად, ის საყრდენს იკეთებდა პარტიაშიც.
როგორც ჩანს, ეს ფაქტორიც გაითვალისწინა ივანიშვილმა და ბახტაძეს აღარ ექნება პარტიული საყრდენი, ის იქნება პასუხისმგებელი უშუალოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე.
სოციალურ-ეკონომიკური კუთხით საინტერესო იყო ჭარბვალიანობისა და სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რამდენიმე სქემის დამუშავების შესახებ ინფორმაცია. როგორც ჩანს, ივანიშვილთან ერთად ეკონომიკური გუნდი ამ კუთხით გარკვეულ გარღვევას ელის და ბახტაძის როლს მოკლევადიან დისტანციაზე სწორედ ამაში ხედავს.
კიდევ ერთი თემა, რომელიც ყურადღების მიღმა არ არის დასატოვებელი, გახლავთ ის, თუ როგორ აპირებდა კვირიკაშვილი ბანკების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რა არგუმენტის საფუძველზე ათავისუფლებდა გადასახადისგან ქართულ ეკონომიკაში მოგების ყველაზე მაღალი მარჟის მქონე სფეროს და ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ არგუმენტის შესახებ.
ასევე საინრეტესო იყო საპრეზიდენტო არჩევნებთან და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებული იდეა - ანუ ხომ არ დავუთმოთ ეს ინსტიტუცია ოპოზიციას და უკვე გაკეთდა შეფასებები - ივანიშვილმა დაინახა, რომ არ შეიძლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში მთელი ხელისუფლების თავმოყრა... როგორ ფიქრობთ, წავა თუ არა მმართველი გუნდი ამ კომპრომისზე და თუ ასეთი რამ მოხდა, რამდენად დადებითად შეიძლება აისახოს შემდგომ პროცესებზე?
- იმის გარდა რა თემებზეც ვისაუბრეთ, ამ ინტერვიუში მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე აქცენტი, რაც გააკეთა ივანიშვილმა და ეს პირდაპირ კავშირშია საგარეო ფაქტორთან. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ინტერვიუს ის ნაწილი რომელიც დაკავშირებული იყო კვირიკშვილთან, ბახტაძესთან და სოციალურ თემატიკასთან, განკუთვნილი იყო ქართული საზოგადოებისთვის, ხოლო ის რამდენიმე აქცენტი, მათ შორის, მისი მოსაზრება პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით განკუთვნილი იყო საგარეო მოხმარებისთვის.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის მიუღებელია ერთპარტიულობა, როდესაც ერთი პარტიის ხელშია ყველა სახელისუფლებო შტო, მით უმეტეს რომ ევროპული დემოკრატია სწორედ მრავალპარტიულობაზე დგას; რომ პარლამენმტი უნდა იყოს მრავალპარტიული; ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში; როდესაც ერთი პარტიის ხელშია ყველაფერი და ამას მიემატება პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რბილად რომ ვთქვათ, ეს დასავლეთისთვის მოსაწონი არ იქნება - ეს ოთხი მესიჯი მაფიქრებინებს, რომ დასავლეთის პოზიცია ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო სააკაშვილთან და შევარდნაძესთან დაკავშირებით.
გარკვეული პერიოდის შემდეგ დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ მკვეთრად ეტყვის, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო ამოიწურა და ძალაუფლება სხვა პარტიას უნდა გადააბაროს. ასე მოხდა შევარდნაძის შემთხვევაში რევოლუციის გზით, სააკაშვილის შემთხვევაში რევოლუციის გარეშე. როგორც ჩანს, მსგავსი მესიჯები მმართველ პარტიაში უკვე მოდის.
ყოველთვის ისმოდა კითხვა, როგორ შეეგუება დასავლეთი 2020 წელს ერთი პოლიტიკური ძალის მესამედ მოსვლას ხელისუფლებაში და როგორც ჩანს, დასავლეთი ორციკლიანი ხელისუფლების ტრადიციას არ შეელევა.
ძალიან საინტერესო იყო ასევე, ის ფრაზა, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებით თქვა - რომ 2030 წლამდე ევროკავშირში შესვლა სრულიად რეალურია. პირველად გაისმა მისი მხრიდან კონკრეტული ვადა - ესეც არის დასავლეთის ყურისთვის განკუთვნილი. სხვათა შორის, კვირიკაშვილმა წასვლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ 2021 წლამდე შესაძლებელი იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანება - რამდენად რეალურია ეს სხვა თემაა, მაგრამ ეს იყო განაცხადი იმის თაობაზე, რომ მე ვარ ის ლიდერი, რომელიც საქართველოს წაიყვანს ნატოსკენ და ესეც სწორედ დასავლეთისთვის იყო განკუთვნილი, რადგან თავად კვირიკაშვილმა ამ დროს უკვე კარგად იცოდა, რომ ის ხელისუფლებიდან წავიდოდა...
თუმცა ეს გზავნილი ერთგვარ წინააღმდეგობაშია ინტერვიუს იმ ნაწილთან, როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში. მან ამავე დროს განაცხადა, რომ 2030 წლამდე ის იქნება პარტიის ლიდერი და ეს იქნება ის პარტია, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას ერთ სულ მოსახლეზე გაასამმაგებს - 2030 წლამდე კი ევროკავშირში შეიყვანს ქვეყანას. ანუ ეს იყო ფაქტობროვად, დასავლეთის მოთხოვნაზე ივანიშვილის შეთავაზება - ვფიქრობ, ეს ამ ინტერვიუს ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატად დამოუკიდებელი ფიგურის წამოყენებას, ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებზე ბევრად უფრო „მეოცნებეა“. ვერავინ დაარწმუნებს ვერ ქართულ და ვერც უცხოურ საზოგადოებას, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის იგივე, „ქართული ოცნება“.
ვფიქრობ ივანიშვილი იმაშიც დარწმუნდა, რომ სწორედ მოოპოზიციონერო მარგველაშვილი ქმნიდა „ქართული ოცნების“ მმართველობის დემოკრატიულობის იმიჯს. როგორც ჩანს, იგივე იმიჯს სთხოვს დასავლეთი დღეს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ეს არ იქნება იგივე ვერსია. თუმცა, გაპრეზიდენტებული ზურაბიშვილი იქნება გაცილებით რთული პარტნიორი „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე იყო მარგველაშვილი, მაგრამ ეს სხვა თემაა.
გარდა ამისა, ზურაბიშვილს არ გააჩნია არანაირი საარჩევნო ქსელი და რესურსი იმისათვის, რომ არჩევნები ჩაატაროს. თუ „ქართული ოცნება“ დაუთმობს თავის რესურსს, ეს კანონის დარღვევა იქნება. თუ თვითდინაბაზე მიუშვებს პროცესს, ზურაბიშვილი პირველივე ტურში დამარცხდება.
გაცილებით საინტერესო იყო ამ თემის მეორე ნაწილი, როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ თუ დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ მოიძებნა, შესაძლებელია, ხელისუფლებამ საერთოდ არ დაასახელოს კანდიდატი და მთლიანად ოპოზიციას დაუთმოს ასპარეზი.
ასეთ შემთხვევაში ვის უჩნდება პრეზიდენტობის შანსი?
- თუ უსუფაშვილი წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას ელისაშვილის და იმ პოლიტიკური გუნდების მხარდაჭერით, რომლებიც ნაციონალებთან არ ასოცირდებიან, თუ მარგველაშვილს ივანიშვილის ეს განცხადება გაათამამებს და საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, ერთ ან მეორე შემთხვევაში, ანუ უსუფაშვილს ან მარგელაშვილს დაპირისპირება მოუწევს ვაშაძესთან და ბაქრაძესთან. ანუ სამ ძირითად ფიგურანტს შორის გაიმართება შერკინება, თუკი „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს არ დაუჭერს მხარს. ასეთ შემთხვევაში მეორე ტური გარანტირებულია, რომელსაც დიდი ალბათობით, მოიგებს უსუფაშვილი ან მარგველაშვილი - რომელიც წამოაყენებს კანდადატურას.
თუმცა აქვე დგება საარჩევნო ადმინისტრაციული რესურსის თემა. ამ შემთხვევაში უსუფაშვილს უკეთესი მდგომარეობა აქვს მარგველაშვილთან შედარებით, რადგან ასე თუ ისე, გააჩნია რეგიონული პარტიული ქსელი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ მოუწევთ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კარგად განვითარებულ და ორგანიზებულ პარტიულ ქსელთან და არც თუ მცირე ფინანსურ შესაძლებლობებთან გამკლავება. თუმცა პლუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მეორე ტურში ყველა არა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოსული ოპოზიციური პარტია გაერთიანდება სწორედ მარგველაშვილის ან უსუფაშვილის გარშემო, რაც მათი წარმატების საფუძველი გახდება.
ეს სცენარი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ვიტყოდი, რომ მართლაც იდეალურია - ეს გამორიცხავს ყოველგვარ რევოლუციურ განვითარებას და თუ ოპოზიციური პრეზიდენტი გახდება პოლიტიკური სპექტრის მთავარი ღერძი საპარლამენტო არჩევნების წინ, მივიღებთ ზუსტად იმას, რასაც დასავლეთი ითხოვს საქართველოსგან - მრავალპარტიულ პარლამენტს და კოალიციურ მთავრობას. ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი და თუ ივანიშვილი ამაზე წავა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოღვაწე, საქართველოს ისტორიაში. ის იქნება უზარმაზარი ძალაუფლებისა და შესაძლებლობების მქონე პირველი ლიდერი, რომელიც საკუთარი ნებით გაუყოფს ძალაუფლებას სხვა პოლიტიკურ ძალებს. რამდენად მზად არის ამისათვის ივანიშვილი, პასუხი არ მაქვს და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიცია.
თუ განვიხილავთ სხვა სცენარს, „ევროპული საქართველოს“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გაპრეზიდენტებას, ყველაფერი წავა იმისკენ, რომ მოახდინონ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, შემდეგ - შეწყალება და ასეთ შემთხვევასი პროცესები მიიღებს უფრო რევოლუციურ ხასიათს ვიდრე ევოლუციურს.
ყოველთვის ვამბობდი, რომ საჭიროების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოსული ყველა ჯგუფი გაერთიანდებოდა და ამ არჩევნების წინ სწორედ ეს სურათი ვნახეთ. ამის გარდა, ნაციონალებმა და „ევროპულმა საქართველომ“ ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით დადო სიტყვიერი შეთანხმება, რომ მეორე ტურში ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. ამიტომ ვამბობ, რომ რომელიმე მათგანის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რევოლუციური სცენარი სრულიად რეალისტურია - მათ აერთიანებთ მრავალი წელი ხელისუფლებაში, საერთო იდეა, წარმატებები, შეცდომები და დანაშაულები და ეს ცოტა სულაც არ არის.
რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, ზოგი შიშით და ზოგი სხვა მიზეზით, ისევ ნაციონალების გარშემო გადალაგდება და არ დარჩება რეიტინგუილი პოლიტიკური ძალა, რომელიც მას დაუპირისპირდება - სწორედ ასე მოხდა 2003 წელსაც.
ასეთ შემთხვევაშიც კი, ესეც იქნება ივანიშვილის კეთილი ნება, თორემ იმის მიუხედავად, რომ „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი თითქმის აღარ აქვს და ფაქტობრივად, დაქსაქსულია, ეკლექტური და დეზორიენტირებული, საპრეზიდენტო კანდიდატიც, ფაქტობრივად, არ ჰყავს, ასეთ სიტუაციაში არჩევნების ჩატარება ძალზე რთულია. ამის მიუხედავად, სახელისუფლებო კანდიდატი პირველივე თუ არა, მეორე ტურში მაინც აუცილებლად გაიმარჯვებს.