„საზამთროს სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ნაადრევი ყველაფერი შხამ-ქიმიკატითაა გაჯერებული“

„საზამთროს სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ნაადრევი ყველაფერი შხამ-ქიმიკატითაა გაჯერებული“

ჩვენი მოსახლეობა მძიმედ განაწყო იმ ფაქტმა, რომ ზაფხულის თვეებში მათთვის საყვარელი ხილის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ. ეკოტოქსიკოლოგ ხათუნა ახალაიას მტკიცებით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების დოზა 3-4-ჯერ მეტია. რეალურად, შეიძლება თუ არა მივირთვათ ეს პროდუქტები?! ამის შესახებ For.ge-ს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, საზამთრო, ნესვი და ვაშლატამა შხამ-ქიმიკატებს შეიცავს. საზოგადოებაში მაინც არსებობს ეჭვი, ეს ხომ არ კეთდება განგებ ცალკეული ბიზნესის ლობირებისთვის, რათა აღნიშნული პროდუქტები კონკრეტულად მითითებულუსაფრთხო ადგილებშიშევიძინოთ? რეალურად, გლეხებს აქვთ ამდენი შხამქიმიკატი, რომ დიდი რაოდენობით ხილი შეწამლონ?

- ეს მარტივი გასაგებია, უნდა ვკითხოთ გლეხს, ერთ ჰექტარზე რამდენი ტონა საზამთრო მოჰყავს? როგორც წესი, საზამთროს მოყვანის ნორმა არის ერთ ჰექტარზე 20-25 ტონა, შეიძლება, 30 ტონამდეც მოიყვანონ. ამ დროს კი გლეხებს მოჰყავთ 80-100 ტონა. საიდან მოჰყავთ ამდენი? ჩვენი ხილი რომ შხამ-ქიმიკატების ნაკლებობას არ განიცდის, ამის მეორე არგუმენტია რუსთავის აზოტის ქარხანა, რომელიც სასუქებს უშვებს, მათ შორის, გვარჯილას და სხვას. ისინი საზღვარაგრეთაც ყიდიან აზოტს, ამიტომ საინტერესოა, წლეულს რამდენი აზოტი გაყიდეს მხოლოდ საქართველოში? შარშანდელთან შედარებით, 2-3-ჯერ მეტი ხომ არა? სად წავიდა ეს აზოტი? ეს წავიდა მიწაში, წავიდა საზამთროში და ა.შ.

ამის მიუხედავად, სურსათის უვნებლობის სამსახური ირწმუნება, რომ მათ მიერ შემოწმებული ყველა ნესვი და საზამთრო უვნებელია. თურმე მარტო ქერქში ყოფილა პრობლემები, ხოლო ქერქს არავინ მიირთმევს. მათი არგუმენტით, საზამთროს ქერქში რომ ჩავარჭოთ ნიტრატმზომი, იქ მოგვცემს ნიტრატების ჭარბ რაოდენობას, ვიდრე გულში. ამდენად, საგანგაშო არაფერია.

- მე არ მჯერა მათი. ქერქში კი არ არის პრობლემა, არამედ გულში, საზამთროში ნიტრატების რაოდენობა მცირდება გულისკენ. გულში თუ არის 60 მილიგრამი ერთ კილოგრამზე, ზევით-ზევით არის უფრო მეტიც, მაგრამ მთავარია, გულში რა რაოდენობით აღწევს შხამ-ქიმიკატები?! საზამთრო, ნესვი, ვაშლ-ატამა, რაც ჩქარა მოდის, ყველაფერი შხამ-ქიმიკატებითაა გაჯერებული. ნამდვილი საზამთროს სეზონი ჯერ არ დაწყებულა, არამედ იწყება 10-15 აგვისტოდან. რაც ნაჩქარევად მოდის, ყველაფერი საეჭვოა. ამ დროს სურსათის უვნებლობის სამსახური ამბობს, რომ ეს ხილი კარგია.

თქვენ შარშან შეამოწმეთ საზამთროსა და ნესვის შემადგენლობა, წელს თუ შეამოწმეთ?

- წელსაც შევამოწმეთ, არანაირი სხვაობა არ არის, წელსაც შარშანდელის მსგავსი მონაცემებია. შხამ-ქიმიკატების ნორმა არის 60 მილიგრამი ერთ კილოგრამზე, მაგრამ ყველგან გვხვდება 120 მილიგრამიდან ზევით. ე.ი. 2-ჯერ და მეტჯერ მეტი შხამ-ქიმიკატი.

სურსათის უვნებლობას ნიტრატმზომების სისწორეშიც ეჭვი შეაქვს და ამბობს, ნიტრატმზომები დაახლოებით 30%-ით ცდებიანო.

- ისინი ამბობენ, ეს აპარატები იტყუებიანო. სინამდვილეში, ცდომილება 5-7%-ითაა, მაგრამ, რომ შევამოწმეთ, 200-240-280 თუ იყო შხამ-ქიმიკატის რაოდენობა, 280-ის 30% რამდენია? მაშინ გამოვაკლოთ ის 30%, რაც ამ აპარატებს აქვთ ცდომილება. ზოგან შხამ-ქიმიკატები 600 და 800-იც შემხვედრია, ერთხელ 1200-იც შემხვდა და გავოცდი. ცხადია, ასეთ შემოწმებას ხახვს არ ვუტარებ, რადგან ის მაინც თბოდამუშავებას განიცდის, ხახვს ჩვენ მოვშუშავთ, კერძს ვუზამთ და თბოდამუშავებას გადის, ან ხახვს წყალში ჩავდებთ, გამდინარე წყალი ნახევარ საათში ამცირებს ნიტრატების სახიფათო ზონას. პომიდორშიც იგივეა. კიტრში კი ნიტრატები ქერქშია, ქერქს გავთლით და აღარ არის ნიტრატი.

რა ზიანს იწვევს ნიტრატები?

- ნიტრატი არის აზოტმჟავას მარილი. მარილიან საჭმელს ვინც ჭამს, ბევრ წყალს სვამს, ნიტრატი არის არა მარტო სითხის შემცველი, არამედ სითხის შემაკავებელიც და იმ საზამთროში რომ შეჩერდება, ზოგიერთი საზამთრო რომც გაჩუქონ, იმხელაა, სახლში მისი წაღება გაგიჭირდებათ.

მომხმარებლებმა ვიცით, რომ, რაც უფრო გრანდიოზულია საზამთრო ზომაში, მით უფრო უნდა ვერიდოთ. სხვა ამოსაცნობი ნიშნები თუ აქვს შხამ-ქიმიკატებით სავსე საზამთროს?

- დიდ საზამთროს უფრო მეტი ნიტრატი აქვს. ნატურალური საზამთროს ფერია მწვანე, თეთრი ზოლებით. ცხადია, მთლად ქათქათა თეთრი ზოლები არ არის, მაგრამ ყვითელზოლიანი საზამთრო უკვე ნიტრატებითაა. საზამთროს ძირში რომ ყვითელი აქვს, ის უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზოლები რომ ყვითელია, ეს ნიშნავს, რომ ნორმაზე მეტი ნიტრატია, რომელიც გარეთ გამოვიდა. ზოგიერთ საზამთროს გაჭრი, ფერი კარგი აქვს, მაგრამ გემო აღარ აქვს, ეს იმიტომ, რომ ნიტრატები აჩქარებს დამწიფებასაც და გაფუჭებასაც. თუ ის დროულად არ მიირთვით, მერე უკვე მალე ფუჭდება. მე ასეთი წინადადება მაქვს, როგორც ხორცზეა, საზამთროზეც გაიცეს ფორმა 2, უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თვითონ ხომ ამბობენ, 30 თუ 50 ნიმუში შევამოწმეთო, მაშინ გასცენ ფორმა 2-ის მსგავსი დოკუმენტი, რათა საზამთროს გამყიდველს ჰქონდეს საბუთი, რომ მისი საზამთრო შემოწმებულია და ნიტრატების შემცველობა არ აქვს.

ბავშვმა ან მოზრდილმა 10 კილო საზამთრო რომ შეჭამოს დროის მცირე მონაკვეთში, შეიძლება უბედურება დაემართოს, ქელეხის ხარჯები აღარ არის აქ გათვალისწინებული. ყველაფერშია ნიტრატი, ხორცშიცაა, მაგრამ ნორმის დაცვაა ყველგან აუცილებელი. ნიტრატი ცალკე შხამი არ არის, მაგრამ ბევრს რომ შეჭამ, მაშინ არის შხამი.

დიდი საზამთროები აქაური ნაწარმია, თუ შემოტანილია?

- უკვე ჩვენებმაც დაიწყეს დიდი საზამთროების წარმოება, ადრე თურქეთიდან შემოჰქონდათ. აზერბაიჯანული ლენქორანიდანაც შემოდიოდა. რაც ადრეული საქონელია, ყველაფერი ქიმიითაა მოყვანილი. კარგი საზამთრო ფეხბურთის ბურთზე ცოტა დიდი უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს მძიმე. ხანდახან საზამთროს რომ დავსუნავთ, ბალახის სუნი ასდის, ნატურალური გვგონია, ამ დროს კი ის მკვახეა. დააკვირდით, ყუნწები ნახევრამდეა გადაჭრილი, ეს იმიტომ, რომ საზამთროს ჩქარა გაუხმეს ყუნწი. თითქმის ყველა საზამთროს ბრიტვით აქვს ნახევრამდე გაჭრილი ყუნწი, რომ ყუნწი მალე გახმეს.

დიდი საზამთროების გვერდით იყიდება მომცრო საზამთროებიც, ესეც ხომ საეჭვოა? თუკი იმ პარტიაში ყველაფერი ნიტრატებითაა მოწეული, რა გარანტიაა, რომ პატარა საზამთროც უვნებელი არ არის?

- მართალია, ერთსა და იმავე ადგილას არის ეს საზამთრო მოწეული, მაგრამ პატარა საზამთროში ნიტრატები შედარებით ნაკლებია, რადგან მან გაზრდა ვერ მოასწრო.

ვაშლატამასა და ნესვში როგორ მივხდეთ, რომ ნიტრატებითაა გაჯერებული?

- ფერმერის ნამუსს უნდა ვენდოთ.