ევროპარლამენტი საქართველოსგან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშს ელოდება

ევროპარლამენტი საქართველოსგან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშს ელოდება

ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშს მოამზადებს. ამ მიზნით საქართველოში ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეის მამიკინსი ჩამოვიდა, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა დონეზე გამართავს შეხვედრებს.

პირველი შეხვედრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში უკვე გაიმართა. მამიკინსმა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზა და გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიაშია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის 24 ივლისს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრება.

„თქვენ ხართ ლიდერი არა მხოლოდ ევროკავშირის დროშის დემონსტრირებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. მე მოხარული ვარ, რომ ქართული საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში“, - განაცხადა მამიკინსმა.

მისივე თქმით, ახლა შეიძლება საუკეთესო დრო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით, თუმცა მომავალი წლის ნოემბერში ევროკომისია ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდება და სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვლება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ ევროპარლამენტის მომხსენებელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დეტალურად განიხილეს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა.

„ბატონმა მამიკისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით კი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. სწორედ ასეთი ინტერესის გამოხატულებაა ის, რომ ევროპარლამენტი პირველად ამზადებს ანგარიშს, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, რომელსაც ბატონი მამიკისი წარადგენს“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

როგორც ქაცარავა აცხადებს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ასოცირების შეთანხმების ეფექტური და წარმატებული იმპლემენტაცია, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური და ინსტიტუციური დაახლოების საუკეთესო საშუალებაა.

„ამისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან თანამშრომლობას ყველა არსებული მიმართულებით, რაც მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას, სავაჭრო-ეკონომიკურ ინტეგრაციას და ყველა სხვა მიმართულებას, რაც განსაზღვრულია ასოცირების შეთანხების დღის წესრიგით“, - აღნიშნავს ქაცარავა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორის ლაშა ტუღუშის შეფასებით, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, საქართველოს ბევრი მიმართულებით აქვს პრობლემები.

„ძალიან ბევრი მიმართულებით არის პრობლემები, დაწყებული ენერგეტიკის საკითხებიდან, დამთავრებული შრომის უფლებებით. მე ვფიქრობ, სერიოზული გამოწვევები გვაქვს სამართლებრივი სისტემების რეფორმირების მიმართულებით, როგორიცაა სასამართლო და პროკურატურა. ძალიან მწვავედ დგას ეკოლოგიური საკითხებიც. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, რომლის შესრულებასაც ვაგვიანებთ, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ გარკვეული დირექტივები უკვე უნდა გვქონდეს იმპლემენტირებული, მაგრამ სერიოზულად ჩამოვრჩებით გეგმას. ვაჭრობის ნაწილშიც არის პრობლემები“, - განაცხადა ტუღუშმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც გამოწვევებს, ისე მიღწევებს, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში აქვს.