დომხალი ადგილობრივ ბიუჯეტებში

დომხალი ადგილობრივ ბიუჯეტებში

[ეკა ბაქრაძე]

ადგილობრივი თვითმმმართველობების ბიუჯეტებში სრული განუკითხაობაა. სად რა იხარჯება ძნელი მისაგნებია. მაგალითად, შარშან რუსთავის ბიუჯეტი 17-ჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 90 ათასი ლარი რუსთავში „ბონიემის“ ერთ კონცერტს დაახარჯეს.

თბილისში თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა ჩაატარა და კვლევისას რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. აქედან ერთ-ერთი თვითმმართველ ქალაქებში სარეზერვო ფონდების ხარჯვაა, რომლის მონიტორინგი ხშირად რთულია. არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად თუ რაში იხარჯება შესაბამისი თანხა.

ამასთან აშკარაა, რომ რეგიონებში წინასაარჩევნო პერიოდში აკუმულირებული თანხის რაოდენობა იზრდება. არის შემთხვევები, როცა სოციალური პროგრამებისათვის გათვალისწინებული სახსრები წინასაარჩევნო ღონისძიებებს ხმარდება.

პრეზენტაციაზე ქუთაისის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები ოთარ კონჯარიამ, რუსთავის - ნოდარ ხადურმა, ხოლო ფოთისა და ბათუმის შოთა მურღულიამ წარმოადგინეს. როგორც მათ აღნიშნეს, ოთხივე ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლები, ძირითადად, გრანტების ხარჯზე იყო გაზრდილი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ იქ მაღალი ეკონომიკური აქტივობა არ შეინიშნება. ამიტომ ქალაქების ხელმძღვანელებმა მეტი ეკონომიკური აქტივობის ზრდისაკენ მიმართული ღონისძიებები უნდა დასახონ.

ექსპერტების განცხადებით, ოთხივე ქალაქისათვის პრობლემატური იყო წლის განმავლობაში ბიუჯეტში ცვლილებების ხშირი შეტანა. მაგალითად, რუსთავის ბიუჯეტი 17-ჯერ შეიცვალა. ექსპერტების მოსაზრებით, ეს გარემოება საბიუჯეტო პარამეტრების პროგნოზირების დაბალ დონეზე მიუთითებს. მსგავსი შემთხვევების სიხშირე უარყოფითად მოქმედებს ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობაზე, მეორე მხრივ კი, მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას უშლის ხელს.

ექსპერტთა აზრით, სხვადასხვა პროგრამა, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეფექტური მხოლოდ მაშინაა, როცა ბენეფიციართა კატეგორია წინასწარ ზუსტად არის განსაზღვრული. კვლევის შედეგებში ის გარემოებაც ხაზგასმულია, რომ შესაბამისი თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტებიდან სერიოზული თანხა არაპრიორიტეტული პროექტების განხორციელებას მოხმარდა. 

მაგალითად, რუსთავში 88 800 ლარი „ბონიემის“ ერთ კონცერტზე დაიხარჯა. ბათუმში კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით რამდენიმე კონცერტის ორგანიზება დაფინანსდა. მათ შორის იყო 2010 წლის ოქტომბერში გამართული კონცერტები უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით და 25 ნოემბრის კონცერტი პლასიდო დომინგოსა და ქართველი საოპერო მომღერლების მონაწილეობით.

„აღნიშნული ღონისძიებების დიდი ნაწილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. მათი ჩატარებისა და თანხის ხარჯვის მიზანშეწონილობა საქართველოში საკამათო თემაა, რადგან ოფიციალური სტატისტიკით მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა ბაზაშია რეგისტრირებული“, - ნათქვამია მონიტორინგის შედეგების ამსახველ დოკუმენტში.

ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები წლიდან წლამდე მუდმივად კრიტიკის ობიექტია. უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტები 80%-ით ცენტრიდან გადარიცხული ტრასფერების ხარჯზე ივსება. ასეთი ნაწყალობევი თანხის 30% კი მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემიებზე იხარჯება. ის კი არადა, არის შემთხვევები, როდესაც რეგიონის ხელმძღვანელობა კონკრეტული პროგრამისთვის გამოყოფილი დაფინანსების ათვისებას ვერ ახერხებს და წლის ბოლოს „მორჩენილ თანხას“ პრემიებში უშვებს.

ეს და სხვა მსგავსი პრობლემები ადგილობრივი ბიუჯეტების მუდმივი თანამდევია. სავარაუდოა, რომ გაისად დარღვევები კიდევ უფრო თვალისაცემი გახდება, რადგან 2012 საარჩევნო წელია. ხოლო თუ რა ხდება ასეთ წლებში რეგიონულ ბიუჯეტებში, დიდი გამოცნობა არ სჭირდება.