მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უპატრონო ძაღლთა პოპულაციის ზრდის შეჩერების მიზნით მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგეგმება. რას მოიტანს ძაღლების მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაცია, ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი ესაუბრა.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვახტანგ ლომჯარიას თქმით, დედაქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. თქვენ თუ ხედავთ გამოსავალს იმაში, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელდეს სტერილიზაცია-კასტრაცია?
- რაც უფრო მეტ ცხოველს გაუკეთდება სტერილიზაცია-კასტრაცია და არასასურველი ნამატი შემცირდება, ეს უკეთესი იქნება ცხოველთა პოპულაციის სწორი მართვისთვის. ეს არის ერთადერთი სწორი გზა ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად და არა ბარბაროსული მეთოდები, რაც წარსულში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები. წინა წლებში თანამშრომლობა არ არსებობდა ცხოველთა დამცველებთან და არასწორად ხდებოდა ცხოველების ხელოვნური გადაადგილება. სხვათა შორის, ბოლო კვირების განმავლობაში თბილისშიც დაფიქსირდა ხელოვნური გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე.
ეს ნიშნავს, რომ უპატრონო ცხოველებს ერთი ადგილიდან იშორებენ და მეორეზე გადაჰყავთ?
- დიახ, ხდება ცხოველების იზოლირება და შემდეგ მათი დაბრუნება სხვა ადგილას, რაც ცხოველებში აგრესიულობის მატებას იწვევს. ასეთი მეთოდი უარესია. უმჯობესია, ცხოველები იმავე ადგილას დააბრუნონ და სტაბილური რაოდენობა რომ იქნება, ის უკვე თავის ტერიტორიაზე სხვა ძაღლს აღარ შემოუშვებს. ეს არის დაუწერელი და დაწერილი კანონიც. საერთაშორისო კონვენციებშია ეს კანონი, რომ, თუ ძაღლს პირვანდელ ადგილას დააბრუნებ, ის იმ ტერიტორიაზე პერიფერიებიდან სახიფათო ძაღლებს აღარ შემოუშვებს. საკუთარი ტერიტორია ძაღლებს გამაგრებული აქვთ და მას იცავენ.
ადრე ძაღლებისგან წმენდნენ მთელ ქალაქს და ხოცავდნენ ცხოველებს, მაგრამ ერთ კვირაში მაინც ჩნდებოდნენ სხვა ძაღლები, ანუ გამოსავალი არ იყო ძაღლების ხოცვაში, რადგან, როცა ტერიტორიაზე დამცველი ძაღლი აღარ არის, პერიფერიებიდან შემოდიან უფრო მეტად აგრესიული და სახიფათო ძაღლები. ამიტომ ძაღლებს უნდა გაუკეთდეს ვაქცინაცია, დაამუშავონ ვეტერინარული კუთხით, რომ აღარ იყვნენ ვირუსების გადამტანნი, ვეღარ გამრავლდნენ და ამით მოგვარდება პრობლემა.
თბილისში ცოტა რთულია ამდენი უპატრონო ძაღლის თავმოყრა, მაგრამ მასობრივი კასტრაცია-სტერილიზაციით რეგიონები ძაღლებისგან ხომ არ გაიწმინდება და უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, ისე ხომ არ გამოვა?
- ჩვენ ვახორციელებთ ცხოველთა თავშესაფრების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით და ზუსტად იმისთვის ვმუშაობთ, რომ ასე არ მოხდეს. სხვათა შორის, არის მცდელობა, გაიწმინდოს ქალაქები ძაღლებისგან, ეს აჭარის თავშესაფარსაც ეხება, რადგან ამ კუთხით ბათუმის მერის უკანონო სიტყვიერი დავალებაა გაცემული. ასე რომ, მასობრივი სტერილიზაციის შედეგად საქართველოში ძაღლები მაინც დარჩებიან. აქ საუბარია უსახლკარო ცხოველებზე, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ იმ რაოდენობით, როგორც დღეს არიან. მართალია, ერთი მხრივ, სტერილიზაცია-კასტრაცია არაჰუმანურია, მაგრამ ეს არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. რა უმჯობესია, ლეკვები სანაგვე ყუთებთან, ან მაგისტრალებზე დახოცილი ლეკვები, თუ ის, რომ საერთოდ არ დაიბადონ ეს ლეკვები და ძაღლებს გავუკეთოთ სტერილიზაცია-კასტრაცია?! ეს ცივილიზებულ მსოფლიოში მოძებნილი ერთადერთი გამოსავალია.
ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ თბილისში 43 ათასზე მეტი ძაღლი იყო აღრიცხული 2015 წელს, მაგრამ მას შემდეგ გაიზრდებოდა ძაღლების რიცხვი. რა გამოდის, დედაქალაქი ძაღლების ტყვეობაშია?
- ეს არასწორი მონაცემებია. წინა ხელმძღვანელობამ ჩაატარა ცხოველების აღწერა, დათვლა, რაც არანაირი საერთაშორისო სტანდარტებით არ მომხდარა. ერთადერთი, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ვიზიტი განახორციელეს ქუჩებში, რითაც შეუძლებელი იყო ცხოველების ზუსტი რაოდენობის დათვლა. ეს იყო წყალში გადაყრილი თანხები.
ჩვენ შეგვიძლია, ზოოლოგების გათვლით ვიხელმძღვანელოთ და დავასკვნათ, რომ 2015 წლისთვის დაახლოებით 25 ათასი ძაღლი იქნებოდა თბილისში. 2015 წლიდან მოყოლებული, ძაღლების რაოდენობა ვერანაირად ვერ გაიზრდებოდა. მით უმეტეს, რომ ხდებოდა სტერილიზაცია-კასტრაცია. შესაძლოა, მუნიციპალიტეტს უნდა, ჩათვალოს, თითქოს ძაღლების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ ასე ზეპირად შეუძლებელია ცხოველების რაოდენობის დათვლა. ჩემი ვარაუდით, ამჟამად თბილისის მასშტაბით 20 ათასი ერთეული ძაღლი უნდა იყოს, ან ცოტა ნაკლები. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, საქართველოს მასშტაბით ძაღლების რაოდენობა ოთხჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე თბილისში. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, რასაც რამოდენიმე მონაცემიდან, მათ შორის, მოსახლეობის სიმჭიდროვიდან გამომდინარე ვვარაუდობ. ანუ საუბარია დაახლოებით 80 ათასამდე ძაღლზე.
როგორც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, ძაღლები თურმე მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოდიან დედაქალაქში. ამ სიშორიდან დედაქალაქისკენ გადაადგილება შესაძლებელია?
- მეზობელი ქვეყნიდან ცხოველი შეიძლება შემოვიდეს საზღვარზე და ეს პრობლემა არ არის. 30-40 კილომეტრზე შეიძლება ჩვეულებრივ გადაადგილდეს ძაღლი, მაგრამ, თუ მიზეზი არ აქვს, არ გადაადგილდება. დავუშვათ, მეპატრონემ მიატოვა, წაიყვანა სხვა ტერიტორიაზე, 30 კილომეტრით მოაშორა თავის სახლს, მოშორებული ძაღლების გარკვეულ პროცენტს აქვს იმის უნარი, დაბრუნდეს უკან. მაგრამ სხვა ქვეყნიდან ძაღლი თბილისში რომ შემოვიდეს, ამის მიზეზი არ აქვს. ახლომდებარე რეგიონებში კიდევ შეიძლება შევიდეს, თუკი საჭმელს ვერ ნახავს თავისთან. თანაც, ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არააპრობირებული მეთოდით ხორციელდება ცხოველთა პოპულაციის მართვა, სახელმწიფო თავშესაფრებიც არ არსებობს. რაც ჩვენთან ხდებოდა ხუთი წლის წინ, იგივე ხდება ამ ორ ქვეყანაში, სადაც სპეციალური კომპანიები ბარბაროსული მეთოდებით ხოცავენ ძაღლებს. ამიტომაც იქ ძაღლების რაოდენობა არ მცირდება, პირიქით, უფრო მატულობს.
როგორც ვიცი, განსაკუთრებულად მტკივნეულია მდედრი ძაღლების სტერილიზაცია.
- ერთი წლის წინ ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ვეტერინარული მანიპულაციები სხვადასხვანაირად ხორციელდებოდა. ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში არ ჰქონდათ სანარკოზე საშუალება და მხოლოდ დასაძინებელ საშუალებას იყენებდნენ. არ იყენებდნენ კეტამინს, რომელიც გაუტკივარებას იწვევს ქირურგიული ოპერაციის დროს. მას შემდეგ, რაც გავავრცელეთ ეს ინფორმაცია, ერთ თვეში უკვე შეისყიდეს სანარკოზე საშუალებები. სტერილიზაცია-კასტრაციის განხორციელება მტკივნეულია იმ შემთხვევაში, თუ ამას აკეთებს არაპროფესიონალი ვეტერინარი, რომელმაც არ იცის, რომელი საშუალება უნდა გამოიყენოს ნარკოზისთვის. ხოლო, თუ გამოიყენებენ ჩვეულებრივ აპრობირებულ სანარკოზე საშუალებას და პოსტოპერაციულ პერიოდსაც გაივლის ცხოველი, ტკივილი არ ექნება.
როგორც წესი, აგარაკებზე პატრონიანი ძაღლები იშვიათია და უპატრონო ძაღლებს შეიკედლებენ ხოლმე დამსვენებლები. ხომ არ შეიქმნება იმის საფრთხე, რომ ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციის შემდეგ ტურები და მგლები შეესიონ დასახლებას, რადგან ძაღლები მათგანაც იცავენ ტერიტორიებს?
- ძაღლების ნულამდე დაყვანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხშირად ადამიანები აგარაკზე იჩვევენ ძაღლებს, მათ კვებავენ, მერე ტოვებენ აგარაკს და ძაღლი უპატრონოდ რჩება. მაგას სჯობს, საერთოდ არ გამოკვებონ ორი კვირის განმავლობაში და ძაღლიც აღარ დაკარგავს დამოუკიდებლად ცხოვრების ინსტინქტს. როდესაც ფიქსირდება თავდასხმის შემთხვევები, ძირითადად თავდამსხმელია არა მგელი, არამედ მგელძაღლა, ასევე, გამგელებული ძაღლი.
როდესაც მეპატრონეებისგან მიტოვებული ძაღლების გარკვეული თაობა ცხოვრობს ადამიანისგან მოშორებით, ის იბრუნებს ძველებურ ინსტინქტს და ძირითადად ესხმის შინაურ ცხოველებს. ასევე, სახიფათოა კავკასიური ნაგაზები, რომელთაც მეზობელი ვერ კვებავს წესიერად. ამ დროს ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ თავდამსხმელია მგელი. სინამდვილეში, მგელი, თუ მას აქვს შესაბამისი პირობა, ბუნებიდან მოსახლეობაში არ ჩადის. ჩადის მხოლოდ მაშინ, როცა ბრაკონიერები მასობრივად ანადგურებენ კურდღელს და სხვა ცხოველებს. მოგეხსენებათ, ბუნებაში კვებითი ჯაჭვია, მტაცებელი ცხოველები იკვებებიან სხვა ცხოველებით. თუ ეს ჯაჭვი ირღვევა და ადამიანი ხელოვნურად ერევა ბუნების წიაღში, მერე უკვე ხდება ფსიქიკის ცვლილება ცხოველებში და ფსიქიკადარღვეული მგლები ჩამოდიან სოფლად. ასევე, უკანონოდ მოწყობილი ნაგავსაყრელებია პრობლემა, რის გამოც ჩამოდიან გარეული ცხოველები. თითქმის ყველა სოფელში თუ არა, ყოველ მეორე სოფელში მაინც ერთ ნაგავსაყრელი უკანონოდაა მოწყობილი, რომლის სუნზეც მგლები და ტურები ჩამოდიან. ამიტომ ეს პრობლემები არა ცხოველების, არამედ ადამიანებისგანაა გამოწვეული.
რაც შეეხება მგელძაღლას, ეს მგელთან შეჯვარებული ძაღლია?
- არსებობს მგლისა და ძაღლის ნაჯვარი მგელძაღლა, მაგრამ არის ე.წ. გამგელებული ძაღლიც. ანუ ეს არის უკვე ძაღლი, რომელიც გაიყვანეს, დატოვეს დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ტყეებში და გარკვეული თაობის შემდეგ მივიღეთ სხვა ჯიში, სულ სხვა უნარ-ჩვევების მქონე ძაღლი, რომელიც შინაური ძაღლისგან განსხვავდება.