სარფის საბაჟოზე ხმაური და დაპირისპირება გახშირდა. ამჯერად აქცია ქართველმა მძღოლებმა და ტუროპერატორებმა გამართეს, რომლებმაც თურქეთიდან გამომავალი საავტომობილო ნაწილი გადაკეტეს და მხოლოდ ქართველ მძღოლებს ატარებდნენ. პროტესტის მონაწილეთა უკმაყოფილების მიზეზი თურქი სამართალდამცავების მათ მიმართ დამოკიდებულება გახდა.
იმ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილით თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ, უმიზეზოდ აჯარიმებენ და ხელს უშლიან საქმიანობაში. მძღოლები ასევე აცხადებდნენ, რომ თურქეთში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გახშირდა.
ასევე, საქართველოს სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს არ ეძლევათ საშუალება თურქეთის ტერიტორიაზე ტურისტები გადაიყვანონ. ჟანდარმერია მათ ავტომობილებს აჩერებს და აჯარიმებს.
მალევე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსები მივიდნენ. მძღოლებსა და სამართალდამცავებს შორის მოლაპარაკება შედგა. აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსების თქმით, ყველა შეტყობინებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ცემის ფაქტს ეხება, მოკლვლევა დაიწყება. მათივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ, თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები საქმის კურსში არიან. თუკი პრობლემა არ მოგვარდება, ქართველი გადამზიდავები ირწმუნებიან, რომ ვერც ერთი თურქი მძღოლი სარფს ვერ გადმოკვეთავს.
საქმე ისაა, რომ მდგომარეობა რამდენიმე დღეში კიდევ უფრო დაიძაბება, რადგან თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ავტომობლები პირველი აგვისტოს შემდეგ ოფიციალურად დაჯარიმდებიან. მიზეზი ისაა, რომ 1992 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საერთაშორისო საგზაო მიმოსვლის შესახებ“ ხელშეკრულებით - კლასი M1 (მინივენი), კატეგორია „ბე“, მგზავრთა რაოდენობა (7+1) ავტომანქანების რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი კომერციული საქმიანობა რეგულირდება ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.
თურქული კანონებით კი, ამგვარ ტრანსპორტს სპეციალური ნებართვა სჭირდება. ნებართვის არარსებობის შემთხვევაში კი ჯარიმა 180 ევრო და 15 დღით მანაქნის საჯარიმო სადგომზე გადაყვანაა.
პრობლემა უკვე სახეზეა. ქართული კომპანიების კუთვნილ მიკროავტობუსებს, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ, სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქული მხარე მათ მიკროავტობუსებს ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღარ უშვებს. არადა, სწორედ ეს მანქანები არიან თურქეთის ტერიტორიაზე მომუშავე ქართველებისათვის გადაადგლების საშუალება.
მარტო ბათუმში 8 გადამზიდავი კომპანიაა, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვა აქვს. თითოეული კომპანიის მინიმუმ 10 მანქანა მაინც გადის ხაზზე რიზეს, ტრაპიზონისა და ხოფას მიმართულებით. საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირება უფრო ფართო ხასიათს მიიღებს.