პოლიციის სამმართველოს უფროსი მედიას გადაღებას უკრძალავს

პოლიციის სამმართველოს უფროსი მედიას გადაღებას უკრძალავს

გუშინ, 11 ივლისს, ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსთან აქცია გამართეს. ჟურნალისტები დაკავებული ფოტოკორესპონდენტების - ზურაბ ქურციკიძის (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი) და გიორგი აბდალაძის დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციაზე მყოფ ჟურნალისტებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერებით - „მე ფოტოგრაფი ვარ“, „შეწყდეს აგენტების ძებნა მედიაში“.

აქციის მიმდინარეობისას გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიგა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ვიდეო-ფოტო გადაღების შეწყვეტისკენ მოუწოდა: „რას მიღებთ? საქართველოს მოღალატეების მხარდაჭერის გარდა ვერაფერი მოიფიქრეთ? შეიძლება აგენტებს და ქვეყნის გამყიდველებს დაუდგეთ გვერდში“ - ყვირილით მიმართა ჯაფარიძემ „გურია ნიუსის“ რეპორტიორს, რომელიც პოლიციის სამმართველოსთან აქციის მსვლელობას ვიდეოკამერით იღებდა.  

„სახეზე იყო უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის მაგალითი. ჩვენ ვიყავით მშვიდობიან, მდუმარე აქციაზე და ქუჩის მეორე მხრიდან სამმართველოს უფროსის „კომენტარი“, მინიმუმ არასწორი იყო. ჯერ არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. დაკავებულ ფოტორეპორტიორებს მხოლოდ ბრალი აქვთ წაყენებული და ეს არ ადასტურებს მათ ბრალეულობას. შესაბამისად, განცხადებები რომ ისინი აგენტები და სამშობლოს გამყიდველები არიან დანაშაულია“, - აღნიშნა პრესაგე.ტვ-ისთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა, თამაზ ტრაპაიძემ.

გაზეთ „გურია ნიუსის” გამომცემელის, ია მამალაძის თქმით, აგენტების ძიება სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით, რომელიც მხოლოდ უწყინარ სატელეფონო საუბარს და საზოგადოებისთვის უტყუარ მტკიცებულებებად შეთავაზებულ უსუსურ ფაქტებს ეფუძნება, საქართველოში საშიშ სახეს იღებს და თითოეული ჟურნალისტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

-  პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებ დაკავებულ ფოტორეპორტიორებს, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ სიმართლის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. სამწუხაროა, როცა საქართველოში, აგენტებს უკვე ჟურნალისტებში ეძებენ. არ არის გამორიცხული ის ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობას ობიექტურად აშუქებენ, მალე  ვიხილოდ მსგავს სპექტაკლებში, ჯაშუშის თუ სხვა სახის დამნაშავის  როლში. ვფიქრობ, ამ ქმედებით დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში დასაქმებული ჟურნალისტების დაშინებას ცდილობენ. იმედი მაქვს, სიმართლე ადრე თუ გვაინ გამოაშკარავდება, - აღნიშნა პრესაგე.ტვ-ისთან გაზეთ “გურია ნიუსის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა შორენა ღლონტმა.