რუსეთში ქართულ ღვინოს კვლავ ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება. ეს, სავარაუდოდ, ახალი პოლიტიკის ნაწილია, რომლის უკანაც მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი იმალება.
„როსპოტრებნადზორი“ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური სამსახური საქართველოდან შესულ ალკოჰოლურ სასმელის ხარისხს ამოწმებს.
„როსპოტრებნადზორის“ განცხადების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი რუსეთის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტს და მომხმარებლის უფლების შესახებ არსებულ კანონს არ შეესაბამება. შესაბამისად, ფედერალური სამსახურის განკარგულებით, რუსეთის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვეს. საერთო ჯამში, აღნიშნული აკრძალვა 16 ათას ლიტრ ქართულ ალკოჰოლს შეეხო.
„ხარისხის ანალიზი, როგორც მწარმოებლის, ასევე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან წარმოების ტექნოლოგიების დარღვევასა და გამოშვებული პროდუქციის არასათანადო კონტროლზე მიუთითებს“,- აღნიშნულია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.
ეს ყოველივე ხომ არ ნიშნავს, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელების წინააღმდეგ რუსეთში ახალი შეტევას გეგმავენ? ღვინის ეროვნული სააგენტომ „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას უკვე უპასუხა. 2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. მანამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი, სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო.
„საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან 93 შეაჩერა. 2017 წელს 3440 ნიმუშიდან უარყოფითად 299 შეფასდა.
საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.
ამასთან ერთად, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს 6 თვეში აღებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ლოტზე გაცემულ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ ღვინოების ექსპორტზე უარი ეთქვათ. 2017 წელს საექსპორტო პარტიებიდან აღებული და შემოწმებული 469 ნიმუშიდან ექსპორტირებაზე უარი 27 ნიმუშს ეთქვა.
დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა“, - აცხადებენ უწყებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს.