„თითქოს, შესაძლოა, დიმიტრი ქუმსიშვილი დააკავონ და ბრალი წაუყენონ, ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ“

„თითქოს, შესაძლოა, დიმიტრი ქუმსიშვილი დააკავონ და ბრალი წაუყენონ, ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ“

მთავარი პროკურატურა ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის წარმომადგენლის, კოკა კაციტაძის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარე წლის მარტიდან მიმდინარეობს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვის საქმეზე.

„გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. გამოძიების ინტერესის საგანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები.

რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, ისიც იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით. ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განხორციელდა სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან“, - აცხადებს კაციტაძე.

მისივე განმარტებით, ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ზედმეტია და გამოძიება დაიწყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიღებული იყო საგამოძიებო დანაყოფში.

კითხვას, იგეგმება თუ არა ყოფილი პრემიერის გამოკითხვა პროკურატურის წარმომადგენელი თავს არიდებს - მისი თქმით, ამ შემთხვევაში გამოიკითხნენ ის პირები, რომელთაც შემხებლობა ჰქონდათ ამ სამინისტროების საქმიანობასთან დაკავშირებით.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, მზად არიან, დაბარების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მივიდნენ პროკურატურაში, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მისცენ ჩვენება ყველა დეტალთან დაკავშირებით.

გაბუნიას განცხადებით, ხდება არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება.

„ვინაიდან ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, ეპიზოდები ეხება მისი მინისტრობის დროინდელ პერიოდს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბატონი დიმიტრი რაიმე დანაშაულში არის მხილებული. ნუ დავარღვევთ ამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი ბრალდებები, რომ შესაძლოა, ის დააკავონ, არის სიცრუე და ჭორი. ის იყო გამოკითხვაზე და ჩემი აზრით, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო წესითაც უნდა გამოკითხულიყო. ეს ბუნებრივია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და კიდეც გაჟღერდა, რომ სხვა მოხელეებიც იქნებიან დაბარებული პროკურატურაში გამოკითხვაზე. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და ამ პროცედურას უნდა მივყვეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი და დადგინდება ჭეშმარიტება.

„თითქოს შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომ შესაძლოა დიმიტრი ქუმსიშვილი დააკავონ და ბრალი წაუყენონ. ამას ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ და პროკურატურის მხრიდან მინიშნებაც არ ყოფილა ამის თაობაზე. ამის აჟიტირება უხერხულია, უნდა დავიცვათ ამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია“, - განაცხადა გაბუნიამ.

დაახლოებით ორი კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს და აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუმსიშვილი და ალავიძე სხვა პირებთან ერთად იმ კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტები არიან, რომელიც ყოფილი პრემიერის სახელს უკავშირდება. ამავე ინფორმაციების მიხედვით ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჯაჭვს. მსგავსი კორუფციული ჯაჭვები გამოვლინდა ქუმსიშვილის უწყებაშიც.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამინისტროების საქმიანობის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება მიმართული იყო ყოფილი პრემიერისადმი, რომ მას პოლიტიკაში დამოუკიდებლად თამაშის სურვილი არ გასჩენოდა.

იყო თუ არა მოქმედი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტისას ერთ-ერთი განსახილველი თემა ყოფილი პრემიერის ეკონომიკური გუნდის საქმიანობა, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მაღალი დონის შეხვედრებისას დიდი ყურადღება დაეთმო სწორედ ეკონომიკურ თემებს. კულუარული ინფორმაციით, როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ყოფილი ეკონომიკური გუნდის მინისტრების საქმეებს, სავარაუდოდ, გარკვეულწილად, ამ ვიზიტზეც იქნება დამოკიდებული.

ასევე ცნობილია, რომ დასავლურ წრეებში, ცალკე აშშ-ში და ცალკე ევროპაში, საკმაოდ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადადგომამ. თუ გავიხსენებთ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ არავის განუმარტეს საქართველოში რა მიზეზით გადადგა ყოფილი პრემიერი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ის, რაც საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხდება, დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ინტერესის საგანსაც წარმოადგენს.

რა ინსტრუქციები მიიღო ბახტაძემ, სავარაუდოდ, კულუარებში მოგვიანებით ამისი განსჯაც დაიწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი როგორც აცხადებს, პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა, დემონსტრირებაა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავია მოწინავე ადგილი.

ზალკალიანის თქმით, პრემიერ-მინისტრს კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპელი პარტნიორებისთვის საქართველოს მთავრობის მიდგომები გაეცნო და ესაუბრა ყველა იმ პრინციპზე, მათ შორის მცირე მთავრობის კონცეფციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტში დამტკიცდა.

„ყველა ამ პრინციპმა და საქართველოს მთავრობის მიდგომებმა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა და ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ყველა ამ მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კიდევ უფრო ინტენსიური განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ გვექნება მათი შეუქცევადი მხარდაჭერა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ექნება თუ არა ახალ პრემიერს ის მხარდაჭერა, რასაც კვირიკაშვილმა მიაღწია თავისი პრემიერობისას, ძნელი სათქმელია, ამ ეტაპზე კი რაც უკვე ვნახეთ, ის არის, რომ გრანდიოზული მოლოდინები, რაც ნატოს სამიტამდე შექმნეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა, მაინც და მაინც არ გამართლდა.