საეჭვო ტენდენცია: ჩვენი დენი იაფდება და სხვისი ძვირდება

საეჭვო ტენდენცია: ჩვენი დენი იაფდება და სხვისი ძვირდება

საქართველოს ექსპორტზე მეტი ელექტრონერგია გააქვს, მაგრამ ფულადი სარგებელს ნაკლებს იღებს. ამის მიზეზი საექსპორტო ტარიფის შემცირებაა. ამ დროს, როდესაც ჩვენ დენის იმპორტს ვეწევით ფასი მუდმივად მაღლა იწევს. სად არის აქ ლოგიკა? სპეციალისტებმა არსებულ სქემას ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის ექსპროტი გაიზარდა თითქმის 5%-ით და 456.3 მლნ კვტ/სთ შეადგინა. პარალელურად ციფრები აჩვენებს, რომ მაისის თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის საექსპორტო ფასი შემცირდა და 1 კვტ/სთ-ზე 2.9 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 3%-იანი ვარდნაა. ამასთან, საქართველოსთვის ძირითად საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში - ადგილობრივი ფასი წლიურად 6.0%-ით დაეცა და 4.1 აშშ ცენტი შეადგინა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან განხორციელდა და მათგან ყველაზე მეტი აზერბაიჯანიდან, 516.6 მლნ კვტ/სთ, ყველაზე ნაკლები კი – სომხეთიდან, 7.8 მლნ კვტ/სთ.

საერთო ჯამში, 2018 წლის იანვარ–ივნისის პერიოდში იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ 592.1 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი ნახევარის მონაცემებზე დაახლოებით 33%-ით ნაკლებია.

იმპორტის შემცირება რასაკვირველია კარგია, მაგრამ საექსპორტო ელექტროენერგიაზე ფასის დაცემა უკვე ეჭვებს აღძრავს. მსოფლიოში ენერგეტიკულ რესურზე მოთხოვნილება მუდმივად მატულობს, ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით ხდება. ურთიერთგამომრიცხავ მოცემულობას MT Rading-ის წარმომადგენელი საქართველოში დავით წიქარიძე წარმოუდგენელს უწოდებს და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, წარმოუდგენელი და არაადეკვატური გარემოებაა. ელექტროენერგიაზე ფასი რატომ უნდა მცირდებოდეს? რჩება მხოლოდ ორი ვარიანტი: ან ზოგადად ბაზარი დაეცა და ენერგორესურსი გაიაფდა, ან კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე და ვიღაცამ აიღო თანხები. შესაძლოა, რაღაც ცვლილებები საერთაშორისო ბაზარზე მართლაც მოხდა, მაგრამ მაინც მეორე ვარიანტი უფრო სარწმუნო მგონია. ფაქტია, მსგავსი შემთხვევა ფასთან დაკავშირებით ხშირად ხდება. არადა, ენერგორესურსი ზოგადი ტენდენციით ყველგან ძვირდება და რატომღაც ჩვეთან პირიქით გამოდის. რანაირად არ უნდა იფიქრო ასეთ დროს კორუფციაზე?!“ - განუცხადა „კომერსანტს“ წიქარიძემ.

იგი ასევე გენერაციის ნაკლებობასა და ჰიდროელექტროსადგურების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ჰესების აშენება ქვეყნის ენერგოეფექტურობის გარანტორია.

ენერგეტიკულ პერსპეტივის გამოკვეთაზე საუბრობს ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოში“ დირექტორი მურმან მარგველაშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ჰიდროენერგეტიკული პროექტების ბედი ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს. აუცილებელია დაპირისპირება პროფესიულ დისკუსიაში გადავიდეს.

„ხშირად მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობის გამო ხდება მათი შიშის გაზვიადება. ხშირად კი მათი პრეტენზიები საფუძვლიანია, ამიტომ დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე უნდა გადავიდეთ, რადგან ასეთი დაპირისპირების გამო, შესაძლოა, ისეთი პროექტებიც შეჩერდეს, რომელთა მშენებლობაც დიდ პრობლემას არ იწვევს და მოსახლეობისთვის სარგებლიანი იქნებოდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, არ არის შემუშავებული სტრატეგია და არ არის უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა, ასევე არ არსებობს ხედვა იმისა, თუ როგორი იქნება ბაზარი, რაც საბოლოოდ ამ დარგში სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვას ართულებს.