ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობა საგანგაშოდ იზრდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევებით დადგინდა, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ტყვიის შემცველობის ზომიერი მატებაა – დაახლოებით 15%-დან 20%-ის ფარგლებში.
„საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით დიდი კვლევა ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.
ასეთი კლევის შედეგები 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. როგორც „იუნისეფის“ ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თამარ უგულავა ამბობს, კვლევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები ჩაერთვებიან. თავად კვლევა 200-მდე სხვადასხვა მაჩვენებელს იკვლევს და ის სექტემბრიდან ოჯახებში მისვლით ჩატარდება.
„ვიცით, რომ ვიღებთ პროდუქტს, მაგალითად, სუნელების სახით, სადაც ტყვიის შემცველობა იყო მომატებული, ასევე ვიცით, რომ არ ხდება სამშენებლო მასალის, საღებავებისა თუ სათამაშოების შემოწმება, შესაბამისად, შეიძლება იფიქრო, რომ ეს ყველაფერი მძიმე მეტალების შემცველია. თუმცა, ამ დროისთვის წინასწარი მოლოდინების შესახებ საუბარი რთულია. რეკომენდაციები იქნება იმაზე დაყდნობით, რა შედეგებსაც მივიღებთ. უნდა დავადგინოთ წყარო, უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის და შემდგომ უკვე პრევენციული ნაბიჯები გადავდგათ. ყველა ქვეყანამ გაიარა ტყვის შემცველი პროდუქტების კონტროლი და მოხდა მათი ამოღება ხმარებიდან“, - განაცხადა უგულავამ.
ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე აღიშნავს, რომ ტყვია ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ლითონია.
„ადამიანის ორგანიზმში ტყვია ხვდება როგორც წყლისა და საკვების, ისე ჰაერის საშუალებით. ორგანიზმში ტყვიის გაზრდილი დონე იწვევს ავთვისებიან სიმსივნეს, მიოკარდიულ ინფარქტს, ზრდის შეჩერებას, სმენის დაქვეითებას, ინტელექტუალურ დეგრადაციას. როგორც ამერიკელებმა დაადგინეს, არათუ ატმოსფეროში მყოფი ტყვია, არამედ საკვებ პროდუქტთა შესაფუთ ზოგიერთ ქაღალდსა და მუყაოში უმცირესი რაოდენობით შემავალი ტყვიაც კი გადადის საჭმელში და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ტყვია, ძირითადად, შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტითა და სასუნთქი გზებით. ამ ლითონით მოწამვლის ადრეული სიმპტომებია: თავის ტკივილი, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, მხედველობის დარღვევა. ყველაზე საშიშია ტყვიის ხანგრძლივი ზემოქმედება, რადგან მას ახასიათებს აკუმულაციური თვისებები, ე. ი. შეუძლია, დაგროვდეს და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს“, - აცხადებს გახოკიძე.
ჯერჯერობით საგანგაში მდგომარეობას ვერ ხედავენ ექიმები. პედიატრ თემურ მიქელაძის აზრით, თუკი ბავშვი სწორად იკვებება და მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ნახშირწყლებით, ცილებით, მაშინ ტყვიით ინტოქსიკაცია არ მოხდება.
„ზოგადად ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ტყვიით ინტოქსიკაციას ახასიათებს საშუალო სიმძიმის მოწამვლა, მწვავე მოწამვლა და ქრონიკული მოწამვლა. მწვავე მოწამვლა უვითარდებათ საბადოს მომპოვებელ თანამშრომლებს ან ნავთობმომპოვებელი ქარხნის მუშებს. როგორც წესი, ბავშვებს უვითარდებათ ქრონიკულად მოწამვლით მიმდინარე კლინიკური გამოვლინებები, როგორიც არის ადვილად დაღლა, ნერვულ-რეფექტორული აგზნებადობა, სხვადასხვა ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენა, საგნის ათვისების უნარის დაქვეითება, მოსწრების დაბალი მაჩვენებელი სკოლებში და ა.შ. ქრონიკული მოწამვლის შემთხვევაში, თუ მან გამოიწვია უკვე ცენტრალურ-ნერვული სისტემის დაზიანება, თუ ჩალაგდა ღვიძლსა და სხვა ორგანოებში, მისი გამოძევება საკმაოდ ძნელი ხდება და დაზიანებული ორგანოების აღდგენა ვეღარ მოხდება.
თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ტყვიით მოწამვლა. თუ ბავშვი სწორად იკვებება, მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ცილებით, ნახშირწყლებით, მინერალებით, ასეთ შემთხვევაში ტყვიით მოწამვლა, პრაქტიკულად, არ ვითარდება“, - განაცხადა მიქელაძემ.
მისი აზრით, ტყვიით ინტოქსიკაცია ყველაფრიდან შეიძლება მოხდეს, თუმცა ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ არის. ასეთი შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელია.