გამოძიებამ კალანდიას ბრალეულობა გამოკვეთა

გამოძიებამ კალანდიას ბრალეულობა გამოკვეთა

„თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც არაა გამორიცხული“, – აცხადებს შს მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, რომლის განცხადებით, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. უწყებაში არ გამოვრიცხავთ მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას. კონკრეტულად რა მტკიცებულების მოპოვება შეძლო გამოძიებამ ამ ეტაპზე, მეზვრიშვილი დეტალებზე არ საუბრობს.

„მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება. როგორც კი შეგვექმნა საკმარისი სტანდარტი იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით ერთი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ. თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არაა“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, შს სამინისტრომ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მიხეილ კალანდია, რა დროსაც კალანდია ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, დ.ღ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მიხეილ კალანდიას ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო. შეგახსენებთ, რომ ხელახალი ძიების ფარგლებში შსს-მ საქმეზე დ.ღ.-ს გარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავა.

დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ არასრულწლოვანს ცრუ ჩვენება არ მიუცია და შესაბამისად, ის ბრალს არ აღიარებს და დეტალებზე სასამართლოში ისაუბრებს. რაც შეეხება ბრალის შესაძლო დამძიმებას, რაზეც მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საუბრობს, არასრულწლოვანის მშობელი ამ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.

დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განცხადებით, ბრალდებული ფიქრობს, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა. მისი თქმით, ბრალდებული მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზაზა სარალიძის თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.

„იმ ნაწილში, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრა ნამდვილად შედგა, ამას არ უარყოფს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა ის ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ მას სთხოვა, მათ შორის საუბარი მათ შორისვე დარჩენილიყო, რაც გაითვალისწინა და სასამართლოსთვის არ მოუხსენებია ამის თაობაზე. თუმცა ის ფიქრობს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ყოფილა ამ შეხვედრაზე, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა“, – განაცხადა მარიამ პაპოშვილმა.

მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ დაკავებული მოწმე იყო მისი შვილის მეგობარი და პირი, რომლის გამოც ინციდენტი დაიწყო. სარალიძე ბრალდებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის სამი სავარაუდო მიზეზს ასახელებს:

„დაკავებული არასრულწლოვანი, რომელიც ჩემი შვილის ძმაკაცია, ცრუ ჩვენებები მისცა არა გამოძიებას, არამედ სასამართლოს. მხოლოდ და მხოლოდ ეს პიროვნება არ არის დასასჯელი. იმედია ეს პროცესები გაგრძელდება და ნებისმიერი პირი, ვინც ცრუ ჩვენება მისცა, გამოვლინდება. არა მხოლოდ არასრულწლოვანი მონაწილეები, არამედ ის პირები, ვინც ყველაფერი დაინახა და არაფერი თქვა, ასევე ის პირები, ვინც შეეცადა ამ საქმის გაყალბებას და ამ საქმის თეთრი ძაფებით შეკერვას.

არაფერს გამოვრიცხავ, ეს შესაძლებელია ყოფილიყო დაშინება, მოსყიდვა ან თავისი მენტალობა, მაგრამ ფაქტია, ამ პირთან დაკავშირებით შს სამინისტროს ჩხრეკის ორდერი რომ ჰქონდა გაცემული, მივიდნენ წარმომადგენლები და მხოლოდ მისი მშობლების მიერ მოწოდებულ ტანსაცმელს დასჯერდნენ. არ შევიდნენ ობიექტზე და არ გამოიკვლიეს თავიდან ბოლომდე. ეს მიუთითებს, რომ საქმე ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე აურიეს“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

როგორც სარალიძე აცხადებს, დაკავებულმა მოზარდმა სასამართლოს კიდევ ერთი ინფორმაცია დაუმალა, რომლის მიხედვითაც სასამართლოში ჩვენების მიცემამდე კომუნიკაცია ჰქონდა ზაზა სარალიძესთან და მას საქმის ფაქტობრივი გარემოებები უამბო. მოგვიანებით კი სასამართლოში მოზარდმა ეს შეხვედრა საერთოდ უარყო.

„დაკავებულმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა და დამალა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მასზე ზეწოლას მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები ახდენდნენ, მათ შორის მირზა სუბელიანი და ბორია კაკუბავა.

„იქიდან გამომდინარე, რომ აქამდეც დასაკავებელი იყო, მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ცრუ ჩვენებები მისცა, მიხეილ კალანდიას ისევ და ისევ მფარველობას უწევენ“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია მიხეილ კალანდიას დაკავება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ–ერთი მთავარი ფიგურანტია. ამ დროისათვის მას ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება და გირაოთია გათავისუფლებული. გამომდინარე იქიდან, რომ კალანდია ბრალის წარდგენისას არასრულწლოვანი იყო, მისი ბრალდების საქმე სასამართლოში ცალკე წარიმართა.

სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალი სხვა პირებსაც წარედგინოთ. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, თავის დროზე პროკურატურის მიერ რიგი საკითხები არ შესრულდა. სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა წინადადებით, დაიწყოს გამოძიება იმ პირების წინააღმდეგ, ვინც იყვნენ გამოძიებაზე პასუხისმგებლები, რადგან მთელი რიგი საკითხები, რაც უნდა ჩაეტარებინა გამოძიებას, არ ჩაატარა. მისი თქმით, სულ მცირე იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობა.

„ამიტომ ამ საქმეში ბრალის წარდგენას სხვა პირთა მიმართ ნამდვილად არ გამოვრიცხავ. ამ საქმეში იყო თეთრი ძაფები და გამოძიება ახლა ცდილობს ხარვეზები გამოასწოროს. სამწუხაროა, რომ ჩვენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაშიც ვიხილეთ და მოწმეების გულწრფელობის მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები და თავად ჩვენებები, რაც შევისწავლეთ, არის ხშირ შემთხვევაში ზოგადი და რჩება განცდა, რომ კრიტიკული შეკითხვები ან დაზუსტებები არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ის, რომ ზუსტი სურათი, ვის რა როლი ჰქონდა, არ გავქვს.

ალბათ, ეს წაყენებული ბრალდებაც დასტურია იმისა, რომ ხარვეზები იყო და დღეს გამოძიება ცდილობს, ეს ხარვეზები გამოასწოროს. რამდენად იქნება შესაძლებელი საბოლოო ჯამში დავადგინოთ მკვლელების ვინაობა, ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა, მეტი ინფორმაციის მოპოვება და სიცხადის შემოტანა შესაძლებელი იქნება, თუ სწორად წარიმართება გამოძიება“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.