ვლადიმერ პუტინის სიმბოლური საჩუქარი-ბურთი დონალდ ტრამპმა მიიღო და მეუღლეს გადაულოცა უმცროსი შვილისთვის წასაღებად. თუმცა ვის მოედანზეა მსოფლიოს ბედის წარმმართველი ბურთი ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპი უკვე მერამდენედ აოცებს სამყაროს. ჯერ იყოდა, სენსაციით გაანებივრა ევროპელები, როცა განაცხადა, რომ ბრექსიტი შესანიშნავი რამეა, ნატო მოძველებული ორგანიზაციაა, ხოლო ევროკავშირი დასაშლელია. ახლა კი ტრამპმა არაფერი გააკეთა პუტინის ტრიუმფის ჩასაშლელად. ჰელსინკის შეხვედრის შესახებ For.ge ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
ვისთვის იყო ეს შეხვედრა პროდუქტიული -ექსცენტრული ტრამპისთვის, თუ გამოცდილი მზვერავის-პუტინისთვის?! მართლაც ასე უსუსური იყო ეს შეხვედრა, როგორც ამერიკელებს სურთ წარმოაჩინონ?
- „სი-ენ-ენ“-სა და „ვაშინგტონ პოსტს“, ანუ ლიბერტარიანული, ნეოკონსერვატიული მიმართულების ტიპის გამოცემებს, ფაქტობრივად, გამოცხადებული აქვთ ცივი ომი ტრამპთან. ეს გამოჩნდა კიდეც ლონდონში, როდესაც გაიმართა ტრამპის პრესკონფერენცია, ასევე, ჰელსინკშიც გამოჩნდა დამოკიდებულება ტრამპის მიმართ. აქ არის შიდა ამერიკული პოლიტიკური დაპირისპირება. მეორე მხრივ, ტრამპმა შეიტანა ის ცვლილებები, რასაც არავინ ელოდა. ფაქტობრივად, მან დაიწყო ნეოიზოლაციონალისტური საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება და ულტრანაციონალისტური პოლიტიკის წამოწევა, რაც უჩვეულოა ამერიკისთვის თუნდაც რუზველტის პერიოდიდან მოყოლებული. ნახევარი საუკუნე გავიდა, გაიარა ცივმა ომმა, გაიარა პოსტ ცივმა ომმაც, ახლა ახალ ცივ ომშიც შევედით, მაგრამ ტრამპმა დაიწყო მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჰელსინკის სამიტმა, როგორც იალტის კონფერენციამ და რეიკიავიკის შეხვედრამ გორბაჩოვსა და რეიგანს შორის და შემდგომში უკვე 1993 წელს კლინტონსა და ელცინს შორის შეხვედრამ, კარდინალურად შეცვალა მსოფლიო წესრიგი. ჰელსინკის სამიტმა წარმოაჩინა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, სადაც ამერიკა უკვე აღარ არის გლობალური ჰეგემონი. აქ არის ოთხი გლობალური აქტორი, რასაც მე ვამბობდი კარგა ხნის წინ, ფაქტობრივად, ჰელსინკის სამიტზე მოხდა ამის დადასტურება. ანუ შეიქმნა კვადრიპოლარული მსოფლიო წესრიგი, სადაც მთავარი აქტორები არიან ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი. ეს უკვე დადასტურდა, დასავლეთის ჰეგემონობა უკვე პირველად დადგა ეჭვქვეშ. ტრამპმა დასავლეთის, როგორც ერთიანი გავლენის ცენტრის არსებობა ეჭვის ქვეშ დააყენა. შესაბამისად, დასავლეთი გაიყო ორ ნაწილად. ეს არის ამერიკა და ევროკავშირი.
ტრამპმა ევროკავშირი პირველად გამოაცხადა მტრად და მოწინააღმდეგედ. ასეთი რამ არ ყოფილა ევროკავშირის დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე. მერკელმაც აღიარა, რომ ამიერიდან უკვე ევროპამ თავი უნდა გაანებოს ამერიკაზე სწორებას. ამასთან, ამ ორი დღის წინ ევროკავშირმა და ჩინეთმა მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი. ფაქტობრივად, ევროკავშირი და ჩინეთი გაერთიანდა ამერიკა-რუსეთის წინააღმდეგ ამ სამიტის ფონზე. ამას არავინ მიაქცია ყურადღება, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა შექმნეს ერთიანი დაჯგუფება, ამ დროს კი ტრამპი და პუტინი ჰელსინკში მსჯელობდნენ საკუთარ პრობლემებზე. ჰელსინკის შეხვედრას ორივე მხარისთვის უნაყოფოდ არ ჩაუვლია, პირიქით, მხარეებმა ორი კონკრეტული ინსტიტუტის შექმნა შეათანხმეს. კერძოდ, შეიქმნა ორი კომისია, ერთი შეიქმნა მსხვილი ბიზნესის ურთიერთობების კომისია, მსხვილმა ბიზნესმენებმა უნდა შეათანხმონ ერთმანეთთან, რომელ პროექტებს წარუდგენენ თავიანთ მთავრობას. ფაქტობრივად, ტრამპმა ამით ამერიკის მხრიდან სანქციური პოლიტიკა დაასამარა. გარდა ამისა, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ორმხრივი კომისია. ესეც საინტერესო ფაქტია, რადგან, რასაც ადრე ტრამპი თავს არიდებდა, ეს ნაბიჯი უკვე გადადგა. ორ საკითხთან დაკავშირებით ამერიკამ და რუსეთმა საერთო პოზიცია გამონახეს. საუბარია სირიის კონფლიქტთან და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. უბრალოდ, ვერ შეთანხმდნენ უკრაინასთან მიმართებით, სტრატეგიულ შეიარაღებასთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სერიოზული უთანხმოება, მაგრამ ისინი დათანხმდნენ, რომ მუდმივად ექნებათ შეხვედრები. ეს იყო გარღვევა. სამწუხაროდ, საქართველოსთვის ეს არ არის კარგი, მაგრამ ამერიკამ და რუსეთმა, როგორც სახელმწიფოებმა, შეძლეს საერთო წერტილების გამონახვა.
შესაძლოა, რუსეთთან დაახლოება ტრამპის ინტერესია, რაც მის სავაჭრო ინტერესებსაც ესადაგება, მაგრამ ეს არის რიგითი ამერიკელების ინტერესი? თავისუფალი სამყაროს ლიდერი თუ აღარ იქნება ამერიკა, მაშინ ამერიკელების ჰეგემონობა დასრულდება?
- ეს ერთია, მაგრამ, მეორე მხრივ, ტრამპმა წამოაყენა საკითხი- „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. მან წარმოაჩინა, რომ ამერიკის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს. ტრამპი საუბრობს ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე. მას აღარ სურს, ამერიკა იყოს მსოფლიო დემოკრატიის ბურჯი და აპირებს, გადავიდეს პრაგმატული და პრაქტიკული ტიპის საგარეო პოლიტიკის კეთებისკენ.
გამოუვა ტრამპს პრაგმატული პოლიტიკა, რადგან ვიცით, რომ პუტინის სახით მას დემოკრატი ლიდერი კი არა, ფაქტობრივად, მზვერავი ელაპარაკება?
- ამერიკის საგარეო პოლიტიკა დღეს ყალიბდება სამი ცენტრის ფარგლებში. პირველი ეს არის ნეოკონები (ნეოკონსერვატორები) - მაკკეინი, ჩეინი, კოგანი და სხვები; მეორე, ეს არის დემოკრატები, დავარქვათ ამას ნეოლიბერალები და მესამე, უშუალოდ ტრამპის ულტრანაციონალისტური დაჯგუფება, ადმინისტრაცია. დღეს ტრამპს მისმა უახლოესმა გარემოცვამ არ უღალატა, როგორებიც არიან თუნდაც ჯონ ბოლტონი და მეტისი, ანუ ყველაზე მეტად ქორები. ამ ქორებმაც დაუჭირეს მხარი ტრამპს. ჯონ ბოლტონი პირდაპირ ჩავიდა მოსკოვში, იმავე პომპეომაც დაუჭირა ტრამპს მხარი. ბევრმა უსაყვედურა ნეოკონების მხრიდან, იმავე ცერეუ-ს ყოფილმა დირექტორმა ჯონ ბრენანმა თქვა, რომ ეს არის ღალატი და ტრამპი მთლიანად პუტინის ჯიბეშია. სენატში ძირითადად უფრო ნეოკონები აქტიურობენ. იქ დაფიქსირდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ სამიტის მიმართ, მაგრამ ტრამპის გუნდმა აშშ-ის პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩემი აზრით, ამერიკის შიდა პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ალბათ, დაიწყება ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი და შეიძლება, გადატრიალებამდეც მივიდეს საქმე. გამორიცხული არ არის სამხედრო გადატრიალებაც, რაც ამერიკაში უჩვეულო და მიუღებელია. ამერიკის პოლიტიკური ელიტა, რომელთაც შეჯერებული ჰქონდათ, რომ რუსეთი მოწინააღმდეგე, მტერია და ტრამპს უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი ხისტი პოზიცია, ფაქტობრივად, ტრამპმა ხახამშრალი დატოვა.
ამერიკელები ყველაზე მეტად გააღიზიანა იმან, რომ ტრამპმა „ამერიკის სისულელეებს“ დააბრალა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის დაძაბვა.
- ფაქტობრივად, ტრამპმა საკუთარ დაზვერვას დასდო ბრალი, რომ ის არაკომპეტენტური ყოფილა. გამოდის, რომ იგი თავის დაზვერვის სამსახურს არ ცნობს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეხვედრა იყო პუტინის ტრიუმფი?
- ეს იყო პუტინის ტრიუმფი. აშკარაა, რუსები მართლაც ჩაერივნენ ამერიკის არჩევნებში, მათ მოიყვანეს ტრამპი. პუტინმა არც დამალა, რომ ის ტრამპის მხარეს იყო. რაც ყველაზე მთავარია, ტრამპს ბოდიშიც კი მოახდევინეს, ტრამპმა გააქარწყლა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ამერიკის საქმეებში რუსეთი არ ჩარეულა. ბურთის პამპულაობა, რაც წამოიწყო პუტინმა და ტრამპს, ასევე, უთხრა, რომ სირია ჩემი გავლენის სფეროაო, შემთხვევითი არ ყიფილა. ასეთივე ტონით, ალბათ, პუტინმა საკითხი დაუსვა კავკასიაზეც. თუკი პუტინმა ტრამპს აღმოსავლეთთან მიმართებით უთხრა, რომ სირიაში ჩვენს მოედანზეა ბურთიო, თუკი ახლო აღმოსავლეთს ედავება და ეუბნება, იქ ვართ ჩვენ დომინანტებიო, მაშინ კავკასიის შესახებ რას იტყოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?! მით უმეტეს, ბოდიში ამ სიტყვაზე, ტრამპს საერთოდ ფეხებზე ჰკიდია და საერთოდ არ აინტერესებს, კავკასიაში რა მოხდება.
შვარცნეგერს რომ დავესესხოთ, მართლაც წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა რონალდ რეიგანმა ბერლინის კედელთან გორბაჩოვს უთხრა, ჩამოშალეთ ეს კედელიო? ტრამპი ასეთი პრინციპული არასდროს იქნება პუტინთან?
-არა, ეს გამორიცხულია. სამწუხაროდ, ტრამპმა დაანახა სუსტი მხარე რუსეთს. ის ძლიერი პოზიცია, როცა კლინტონი ჩადიოდა და ელცინს თავის ვასალად მიიჩნევდა, როგორც გორბაჩოვი „დაითრია“ ჯერ რეიგანმა და მერე ბუშმა, ეს ერა უკვე დასრულდა. პუტინმა უკვე გადაუთამაშა ტრამპს თავისივე მოედანზე.
ვიცოდით, რომ ტრამპი არაპროგნოზირებადი, ექსცენტრული იყო, მაგრამ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტრამპი სუსტი პოლიტიკოსიცაა? თუ, უბრალოდ, მას თავისი იდეები აწუხებს და რუსეთთან სიმბიოზში ხედავს ამერიკის მომავალს?
- ტრამპს თავისი იდეები აწუხებს, მას ნამდვილად არ სურს რუსეთთან ცუდი ურთიერთობის განვითარება, სცადა კიდეც იმის წარმოჩენა, რომ სხვა ძალები ახვევდნენ თავს ანტირუსულ პოლიტიკას და თავისი პოლიტიკა „გაალაითა“.