ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ უმრავლესობა 76 მანდატს შეინარჩუნებს, რაც საკმარისია მთავრობის დასამტკიცებლად. კონსტიტუციოანლისტის განცხადებით, მმართველი პარტიის შიგნით პროცესები იმდენად მწვავდება, რომ „ქართული ოცნება“ ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს. შეძლებს თუ არა ივანიშვილი პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესების შეჩერებას, ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
უმრაველოსობაში ამბობენ, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა პიროვნულად ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი, რასაც მმართველი გუნდის სტაბილურობა ჰქვია. ფაქტია, რომ ჭიჭინაძე თავისი გამონათქვამების გამო გუნდიდან გარიცხეს, ასეთი მიდგომა რამდენად მძიმე ვითარების წინაშე აყენებს პარტიას?
ვახტანგ ძაბირაძე: პარტია წესდების საფუძველზე ფუნქციონირებს, არ ვიცი, არის თუ არა წესდებაში გარიცხვის პროცედურა. თუ არის, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, იმიტომ, რომ პარტიიდან გარიცხვის პროცედურა მარტო კომუნისტურ პარტიაში იყო. მეტიც, მაშინ კომუნისტებმა აკრძალეს ფრაქციონიზმი, არ შეიძლებოდა ფრაქციების შექმნა. ამიტომ, აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, პარტიამ რა გადაწყვიტა, არამედ საუბარია იმაზე, წესდებაში უნდა იყოს ისეთი პუნქტი, რომლის საფუძველზე ხდება პიროვნების პარტიიდან გარიცხვა. როგორც გითხარით კომუნისტურ პარტიაში იყო ასეთი მეთოდი. დასავლური სტილის პარტიებში ასეთი მიდგომა არ არის.
შესაბამისად, იგივე დამოკიდებულებაა გვაქვს ჩვენც. თუ არ შეიძლება ვინმეს კრიტიკა, განსხვავებული აზრის გამოთქმა, მაშინ რაღაცა ისეთი მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც ამ პროცესს დაარეგულირებს და არა გარიცხვა.
პარტია ერთ აზრზე უნდა იყოს, განსხვავებული აზრის არსებობა აკრძალულია, რამდენად არის ეს დემოკრატიული მიდგომა, ეს კიდევ სხვა საკითხია. მე არ მიმაჩნია, რომ ადამიანი თავისი შეხედულების გამო, არ ვლაპარაკობ იმაზე, რამდენად სწორია, ან არასწორია, უნდა გარიცხო პარტიიდან. ეს ცოტა უხერხულია.
როგორ ფიქრობთ, ჭიჭინაძის გარშემო განვითარებული პროცესი, როგორ შეიძლება მიიღოს დასავლეთმა, როგორც განსახვევბული აზრის დევნა, თუ პარტიის შურაცხყოფაზე რეაგირება?
– ალბათ, დასავლეთი საკმაოდ ფრთხილი იქნება ამ სიტუაციასთან მიმართებაში. ზოგადად, თუ აკვირდებით, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაში დასავლეთი არის ძალიან ფრთხილი.
რატომ იჩენს ამ სიფრთხილეს დასავლეთი პარტიასთან ურთიერთობაში?
– როგორც ჩანს, ნდობის ფაქტორი არ არის იმდენად მაღალი, რომ აქ მიღებული გადაწყვეტილებები უაპელაციოდ მიიღოს დასავლეთმა. თავად ის ფაქტი, რომ მოულოდნელად გაუშვეს გიორგი კვირიკაშვილი, ამიტომ მამუკა ბახტაძე იძულებული გახდა სასწრაფოდ წასულიყო ბრიუსელში და იქ რაღაცა საკითხებზე გაემართა მოლაპარაკება. ეს ერთ–ერთი მანიშნებელია იმისა, რომ დასავლეთი თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ რაღაცა საკითხებში მთლად დარწმუნებული არ არის. შესაბამისად, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ისმენენ - პარტიიდან გარიცხეს დეპუტატი, რომელიც თვლიდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ძნელი მოსათმენი და ასატანი იყო, ნდობის კუთხით კითხვის ნიშნები კიდევ უფრო ჩნდება. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.
გარდა ამისა, ძალიან გულწრფელად ვკითხულობ – ჭიჭინაძის გარიცხვით რა მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, გნებავთ პოლიტიკურად, გნებავთ საზოგადოებრივად? ხანდახან ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, აი, გაბრაზებული კაცი რომ დაუფიქრებელ სიტყვას წამოისვრის.
იქნებ იმიტომ, რომ მმართველობის სტილშია პრობლემა, თავისუფლება არ არის პარტიაში?
– არ ვიცი რისი პრობლემაა, მაგრამ ვინმეს შეუძლია ახსნას, რა მოიგეს ამით? მადატს ხომ ვერ ჩამოართმევენ, მით უმეტეს მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა. გარიცხეს, მაგრამ რა დააკლდება ამით ჭიჭინაძეს და რას მოიგებს „ქართული ოცნება“ გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი არგუმენტი მისცეს ოპონენტებს სალაპარაკოდ, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა პარტიაში აკრძალულია. კიდევ უფრო რთულდება ვითარება და ამას ვერ ვხვდებიან. გარიცხეს პარტიიდან, მაგრამ იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი, სრულიად თავისუფალი, ვერავინ ვერ დააშინებს და ვერ დაუშლის აზრის გამოხატვას.
ძალიან გულწრფელად მინდა გავიგო, რატომ აკეთებენ ამას. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მივიღებ პასუხებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პარტიაში შეიძლება ბევრი გამოჩნდეს ასეთი და ამიტომ, ამ მეთოდით შეაშინებენ, ცდებიან. თუ გამოსაჩენია, ეს ხალხი ისედაც გამოჩნდება. ასე რომ, პოლიტიკურად, სამართლებრივად, საშინაო და საგარეო კუთხით, ეს პროცესი მომგებიანი არ არის. ამიტომ, ვერ ვხვდები ასეთი შეცდომა რატომ დაუშვეს.
კომუნისტური მმართველობა ახსენთ, საინტერესოა დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადება – „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება“, მის ამ განცხადებას უმრაველობის მძაფრი შეფასება მოჰყვა და მოუწოდეს, დატოვოს პარტია, მაგრამ მოგვიანებით ფოფხაძემ ბოდიში მოიხადა. როგორ ფიქრობთ, პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირება მივა იმ კონდიციამდე, რომ პარტია დაიშალოს?
– თუ გახსოვთ, დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დაიწყო, როდესაც გარკვეული დეპუტატების ნაწილი ვერ მოხვდნენ სიაში. შემდეგ ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ მათ არ დავტოვებთ ყურადღების გარეშეო, მერე თქვა, რომ კერძო სექტორში დავასაქმებთო. არ ვიცი ეს დეპუტატები სად არიან ახლა, მაგრამ მაშინ იყო ასეთი განცხადებები. ამით იმის თქმა მინდა, რომ ანალოგიური ვითარება მწიფდება ახლაც.
ივანიშვილი კი არა, ვინც არ უნდა დაბრუნებულიყო, აქ უკვე ადამიანებს აქვთ ორმაგი დატვირთვა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვინ აიღებს ხელში სადავეებს, აი, ეს არის დღეს „ქართული ოცნებაში“ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, არის ზოგადი დაპირისპირებები, მაგრამ უფრო მეტად ეს პრობლემა დგას „ქართულ ოცნებაში“. ამიტომ მიდის ბრძოლა „ოცნების“ შიგნით ჯგუფებს შორის. როგორ გადაწყდება, როგორ დასრულდება ეს ურთიერთობა, ამას ვნახავათ. „ქართული ოცნება“ ერთიანობას ვერც ერთ ვარიანტში ვერ შეინარჩუნებს.
ის ადამიანები ვინც ნახავენ, რომ „ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში ვერ მოხვდებიან, ბუნებრივია, დატოვებენ „ქართულ ოცნებას“ და დაიწყებენ საკუთარი გუნდის ფორმირებას, ან სხვაგან ადგილის ძებნას. ამიტომ, ივანიშვილი ამ პროცესს ვერ გააჩერებს. როდესაც დაბრუნდა მაშინვე ვთქვი, რომ არასწორ ადგილზე დაბრუნდა, მაგრამ ისიც ვთქვი, რომ დროებით ამ პრობლემას მოაგვარებს, ოღონდ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო აშკარა გახდება დაპირისპირება მმართველ გუნდში.
მე ამ პროცესებს ველოდებოდი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თავად საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა გამხდარიყო ერთ–ერთი მიზეზი ამ დაპირისპირების, თუ რომელი ჯგუფიდან მოხდებოდა კანდიდატის დასახელება და გაყვანა. ცალკე ეს პროცესებიც მიდის „ქართულ ოცნებაში“ და ბუნებრივია, რომ იქნება დაპირისპირებაც და იქნება გახლეჩვაც. ცხადია, სხვა განვითარება ამ პროცესს ვერ ექნება. თქვენ მკითხეთ შესაძლოა, რომ დაიშალოს უმრავლესობა? – ვფიქრობ, რომ 76 მანდატს, ანუ იმ რაოდენობას მანდატებისას პარტია შეინარჩუნებს, რაც საკმარისია მთავრობის დასამტკიცებლად. ამას გააკეთებს, მაგრამ უფრო მეტი, ალბათ გაჭირდება.