„რახან ტრამპს რესპუბლიკელებმა მიაყენეს შეურაცხყოფა, ეს ადამიანები პარტიიდან უნდა გაირიცხონ?“

„რახან ტრამპს რესპუბლიკელებმა მიაყენეს შეურაცხყოფა, ეს ადამიანები პარტიიდან უნდა გაირიცხონ?“

„ქართული ოცნების“ მმართველობაში ბზარი გაჩნდა, რაც შესაძლოა პარტიის დაშლით დასრულდეს. დავით ჭიჭინაძის განცხადება, რომ დეპუტატებს თემის ვალდებულება აქვთ, რადგან ასეთ პარლამენტის თავმჯდომარეს ითმენენ - პარტიიდან გარიცხვის საფუძველი გახდა. კრიტიკის გამო დასჯილ ჭიჭინაძეს მხარდამჭერები გამოუჩდა უმრავლესობაში.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, უმრავლესობას მმართველობის სტილი დაუწუნა და აღნიშნა, რომ თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს არ ექნება – „შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძის განცხადების სტილი არ მოეწონა პარიტიას და კოლეგებმა პარტიიდან გასვლის რეკომენდაცია მისცეს. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ვისაც მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ კომუნისტების პარტიაა, უმჯობესია წავიდნენ ამ კომუნისტური პარტიიდან“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, თუ ჩათვლიდა, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, კომკავშირში ვერ გაჩერდებოდა. კილაძე აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძის განცხადება პარტიისთვის შეურაცხმყოფელია.

ნებისმიერ განვითარებულ, დასავლურ პარტიას აქვს პარტიული დისციპლინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის წევრს განსხვავებული პოზიცია არ უნდა გააჩნდეს. მმართველ გუნდში ეს სტანდარტი დარღვეულია, პარტიისთვის მიუღებელია მისივე წევრის განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობაში არაერთხელ დადასტურდა.

„ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატი ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა. ჭიჭინაძის ბედს გაიზიარებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე, რომელიც პარტიიდან გარიცხვას ერთხელ გადაურჩა. საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ გედევან ფოფხაძე დაპირისპირებულია კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო კილაძესთან და ამ მოტივით, ხშირად კომიტეტის სხდომაზეც არ დადის. როგორც დეპუტატები პირად საუბარში აცხადებენ, კილაძემ არაერთხელ მოითხოვა კომიტეტიდან ფოფხაძის ჩამოშორება.

ოცნებაში დაწყებული დაპირისპირების ფინალი, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის დაკვირვებით, პარტიის დაშლა იქნება. for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი აცხადებს, რომ პარტიაში დაწყებულ დაპირისპირებას შესაძლოა, მოჰყვეს უფრო ძლიერი დაპირისპირებები.

დეპუტატ ჭიჭინაძის გარიცხვამ აჩვენა ის ხარვეზი, რომქართული ოცნების“ მმართველობაში არის პრობლემები?

რამაზ საყვარელიძე: სახეზე გვაქვს მმართველობის მძიმე პრობლემა. ამ დღეებში ვაკვირდებოდით ტრამპი–პუტინის შეხვედრის შედეგ, ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ და მათ შორის რესპუბლიკელებმა, პირდაპირი მნიშვნელობით სასტიკად გალანძღეს ტრამპი, მაგრამ ეს არასად არ შეფასებულა, როგორც დისციპლინის დარღვევა პარტიის შიგნით. ეს ჩვენ გვაქვს მართლცა საბჭოთა მენტალიტეტი და მიგვაჩნია, რომ პარტიაში დისციპლინა უნდა იყოს. თუ კი დასავლეთის რელსებზე გადადიხარ, პარტიაში ასეთი დისციპლინა მიუღებელია.

პარტიის შიგნით პოზიციათა მრავალფეროვნება პარტიის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია?

– მაგის ლუსტრაცია გახლავთ რა მაგალითიც მოვიყვანე ტრამპთან დაკავშირებით. დიდ ამერიკაში არ დგება ისე საკითხი, რომ რახან ტრამპს რესპუბლიკელებმა მიაყენეს შეურაცხყოფა და აქ არ არის ლაპარაკი პოლიტიკურ კრიტიკაზე, ამიტომ ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიიდან უნდა გაირიცხონ. მთელი მსოფლიო აკვირდება ამ პროცესებს. პოლიტიკურ მოღვაწეებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი აზრი, რომელიც განსხვავებულია პოლიტიკური ლიდერებისგან. ვერაფრით ვერ გავითავისეთ, რომ არ არის სავალდებულო, პარტიის პოლიტიკური ლიდერების პოზიციაზე იყოს მთელი პარტია.

როგორ ფიქრობთ, ჭიჭინაძის გარიცხვა, გედევან ფოფხაძის გაფრთხილება, შეიძლება გახდეს პარტიის დაშლის მიზეზი, რისი საფუძველი შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნები?

– დაიშლება თუ არ დაიშლება, ეს ცალკე საკითხი გახლავთ. შეიძლება პირიქით მოხდეს, ვიღაცეებს შეეშინდეთ და გაჩუმდნენ. აი, ფოფხაძეს არ შეეშინდა, სამაგიეროდ შეტევაზე გადავიდა ქუცნაშვილი–კილაძე, ასეთი დაპირისპირებები ჩნდებოდა პარტიაში, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო მძიმე დაპირისპირებაში გადავიდა, ვიდრე ივანიშვილის მობრუნებამდე იყო. არადა, ივანიშვილი მობრუნდა იმისთვის, რომ შიდა დაპირისპირებები მოესპო. ე.ი. რაღაც არასწორი მოხდა - ამ დაპირისპირებას შეიძლება მოჰყვეს უფრო ძლიერი დაპირისპირებები.

შემთხვევით აღფრთოვანებული ხომ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ იმით, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, პარტიიდან გარიცხეს ჭიჭინაძე. თან ჭიჭინაძეში არ არის პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ პარტიამ უნდა მოახერხოს შიდა დიალოგით, მოლაპარაკებით და ზოგჯერ ყურადღების მიუქცევლობითაც, აჩვენოს, რომ პარტია იმართება თავისუფლების პრინციპით და, რომ ამ პარტიაში ყველა არის თავისუფალი.

კრიტიკის გამო დასჯილი ჭიჭინაძე არის ის შემთხვევა, როდესაც თავისუფლების პრინციპი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ?

– რა თქმა უნდა, ეს თავისუფლების პრინციპი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც ასეთი კითხვის ნიშანი ჩნდება, პარტიის რეიტინგი კიდევ უფრო დაიწევს. ვიცით, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი არის დნობადი. ყველაფერს რომ თავი დაანებო, არჩევნების მოგება ხომ უნდა ამ პარტიას და არჩევნების წინ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც მის ავტორიტეტს შელახავს, ნიშნავს, რომ მისი კანდიდატიც აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ. ამ ნაბიჯით არ შეიძლება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა კარგი შედეგი დადოს. ამაზეც ხომ უნდა დაფიქრდეს პარტია, როცა ასეთ ნაბიჯს დგამს?! რატომ არ უფიქრდებიან ამას, არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, გული მწყდება, არ მემეტება „ქართული ოცნება“ იმ შეცდომებისთვის, რომელსაც პერიოდულად უშვებს.