[მანანა ნოზაძე]
ყოფილი „მხედრიონელი“, აფხაზეთის ომის ვეტერანი დოდო გუგეშაშვილი მართლმადიდებლებს დედაეკლესიის დასაცავად მოუწოდებს. იგი ქაშუეთის ტაძართან მისულიყო და სხვა რელიგიებისთვის პრივილეგიის მინიჭების ხარჯზე მართლმადიდებლობის დაკნინებას აპროტესტებდა.
- უპირველეს ყოვლისა, უარყოფითი შეფასება გაკეთდა საპატრიარქოს მხრიდან და, მე მგონი, ამ შემთხვევაში, მოქალაქე დოდო გუგეშაშვილი ამაზე უკეთ ვერ შეაფასებს ჩვენი პარლამენტარების ნამოქმედარს, ეს მემილიონედი შეფასება იქნება. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ, ქართველები, დასაბამიდან ტოლერანტული ერი ვართ. მართლმადიდებელი ქართველებისა და საქართველოს მხრიდან არცერთ კონფესიას არასდროს შექმნია და არც არასდროს შეექმნება პრობლემა. პირიქით, ჩვენი სამშობლო ყოველთვის თავშესაფარი იყო საკუთარი სამშობლოდან და ქვეყნიდან დევნილი სხვადასხვა სარწმუნოებისა და კონფესიის ხალხისთვის. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, სრულიად მიუღებელია. მოსახლეობა ამას არ უნდა შეეგუოს. მე ვფიქრობ, თუ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, მაშინ ყველამ ერთად ხმა უნდა ამოვიღოთ. უნდა განვაცხადოთ, რომ უპირველეს ყოვლისა, თითოეული მართლმადიდებელი ქართველი თუ არაქართველი მზად არის, რომ ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას დღესაც ისევე შეეწიროს, როგორც ოდითგან ეწირებოდნენ. ჩვენმა წინაპრებმა თავი შესწირეს სარწმუნოებას, ისევე, როგორც - სამშობლოს ტერიტორიულ ერთიანობას.
თავის შეწირვა ახსენეთ. ფიქრობთ, რომ თავდადების დრო დაუდგათ ქართველებს?
- არა, არ ვფიქრობ, რომ ასე მწვავედ დგას საკითხი. უბრალოდ, ჩვენი ეროვნული სიამაყე გახლავთ ჩვენი სარწმუნოება, ენა და სამშობლო, რომელიც დღეს დარტყმის წინაშე დგას. ამ სამი სიწმინდის დაცვა ოდითგან საპატიო იყო. არის თავგანწირვა, თავშეწირვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამაზე არ მიდგება საქმე.
ქართული ეკლესია ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში შესვლისგან თავს იკავებს. თქვენი აზრით, ესეც ხომ არ უწყობს ხელს ხელისუფლებისა და პარლამენტარების მხრიდან ხალხის ნების უგულებელყოფას?
- ამ საკითხშიც სრულიად ვეთანხმები უწმინდესს, ბრძენ ადამიანსა და ერის სულიერ მამას. დედა ეკლესია და უწმინდესი პოლიტიკურ ლაბირინთებში არ უნდა იყოს ჩარეული და არც პოლიტიკურ ვნებათაღელვაში უნდა ჩართონ. პირიქით, უწმინდესის ყოველი ქადაგებით უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და მთავრობამ, თუკი ასეთი სახელმწიფო ჩვენ დღეს გაგვაჩნია.
26 მაისის აღლუმზე უწმინდესი არ დაესწრო, ეს მისი პოზიცია იყო?
- უწმინდესმა თავისი პოზიცია ყოველთვის, ყველა მოვლენის მიმართ გამოხატა ისე, როგორც საჭიროა, როგორც ეს ერის სულიერ მამას შეშვენის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დედაეკლესია დროშების ფრიალს, მიტინგებზე ბრახა-ბრუხსა და მეგაფონებით სირბილს დაიწყებს, ძალიან ცდება. თუ ჩვენ გონიერება გაგვაჩნია, მთავრობამაც და ხელისუფლებამაც სწორედ უწმინდესის გაწონასწორებული და მშვიდი ტონით ნათქვამი ნებისმიერი სიბრძნე უნდა მოისმინოს. მხოლოდ ასე უნდა წარიმართოს ჩვენი ქვეყანა და მაშინ იქნება ის გაბრწყინებულიც და ერთიანიც. ქრისტეს მერე, დედამიწის ზურგზე არ მეგულება უფრი ბრძენი ადამიანი, სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული, როგორიც უწმიდესი და უნეტარესია. უწმინდესი ერთ სიტყვაში გამოხატავს იმ სიბრძნეს, რაც სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ფორმაა. ჩვენსა და უფალს შორის არის ერთადერთი შუამავალი - უწმინდესი, რომელმაც გაცილებით უკეთ იცის, როდის როგორი განცხადება უნდა გააკეთოს.
თქვენეული ხედვით, რა მოხდა 26 მაისს?
- 26 მაისი უკვე შევაფასე და ვთვლი, რომ ეს იყო უმსგავსობა. სადამსჯელო ოპერაცია, ძალიან მძიმე „სანახაობა“. არა მხოლოდ „სანახაობა“, არამედ მძიმედ მომხდარი ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ არც ოქრუაშვილის მხარდამჭერი ვარ, არც ბურჯანაძის და არც იმ ოპოზიციის, ვთვლი, რომ თავიდან ყველაფერი შესანიშნავად დაიწყო, როდესაც მერიამ გააფრთხილა ორგანიზატორები. მათ კი, თავის მხრივ, შემდგომში აღარ გააფრთხილეს მომიტინგეები და არ შეატყობინეს მერიის პოზიცია.
მაგრამ მხოლოდ მერიის გაფრთხილებით არ ამოწურულა ყველაფერი.
- დიახ, ბოლომდე გავყვეთ მოვლენებს. 26 მაისს მოხდა არა მხოლოდ ძალის გადამეტება, ეს მსუბუქად ნათქვამია. მე ვთვლი, რომ თავიდან ყველაფერი ცივილურად იყო, როდესაც მერიამ ისინი გააფრთხილა. ისიც ცივილურია, წყლის ჭავლით დაშალო ნებისმიერი აქცია. მაგრამ მას შემდეგ, როცა ხელ-ფეხშეკრულ ადამიანს უმოწყალოდ სცემ, როდესაც ცდილობ, პრაქტიკულად უფლებაწართმეულ ადამიანს, ღირსებაც წაართვა, ეს ამაზრზენობა და დანაშაულია, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ აუცილებლად გამოძიებული უნდა იყოს.
26 მაისის კადრების ხილვა თქვენთვის გასაკვირი არ იქნებოდა. ომის დროსაც ხომ იყო მსგავსი ფაქტები, როცა ხელფეხშეკრულ ადამიანებს სცემდნენ?
- ომის დროს ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. არსებობს კანონი მეომრებისთვის, კაცური, ვაჟკაცური კანონი, როდესაც ღირსებას არ ართმევ ადამიანს. გაცილებით ადვილია ვიღაც მოკლა, ვიდრე ის, რომ ხელ-ფეხი შეუკრა და მას ღირსება წაართვა. ღირსეული ქართველი ტყვეზე ხელს არასდროს აღმართავდა.
ღირსეული ქართველი ხელს არ აღმართავდა, მაგრამ არაერთი კადრი არსებობს, როცა ჩვენს მოწინააღმდეგეებს დატყვევებული ქართველების დამცირება სიამოვნებას ანიჭებდა, როგორც აფხაზებს, ისე - ოსებს.
- მარტო აფხაზსაც ნუ ვიტყვით, დავანებოთ თავი აფხაზებს. სეპარატისტები და დაქირავებული ჩრდილო-კავკასიელები და ყველა ეს ხროვა, გამოგზავნილი იყვნენ რუსების მიერ და ასევე, საქართველოს გამყიდველებისგან.
აფხაზეთის ომის ვეტერანებმა აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება პირად შეურაცხყოფად და იქ დაღვრილი ქართული სისხლის უპატივცემულობად აღიქვეს. როგორ გგონიათ, რატომ ითხოვს ექსპერტი მამუკა არეშიძე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?
- ამაზე კომენტარის გაკეთება ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება. ეს იქნება შეურაცხყოფა იმ იდეისთვის, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია. რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებას, არ ვიცი. მე არ მინახავს მამუკა და წარმოდგენა არ მაქვს, რით შეუძლია ეს ახსნას. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ მამუკა არეშიძემ რაღაც სხვა განცხადება გააკეთა და სხვანაირად მოხდა მისი ინტერპრეტაცია. არასდროს არავის თავში აზრად არ უნდა მოუვიდეს, რომ აფხაზეთს მიეცეს დამოუკიდებლობა, თუ ისეთი ავადმყოფური აზროვნების არ არის, როგორიც რუსეთის იმპერია და მისი ავადმყოფი და ფსიქიურად დაავადებული მედვედევი თუ პუტინია.
არეშიძის თქმით, ამით აფხაზეთს დავიბრუნებთ და მის გენოფონდს რუსებისგან გადავარჩენთ.
- აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ არა მისი დამოუკიდებლობის აღიარებით. აფხაზეთი ძალიან მალე დაბრუნდება. არა იმიტომ, რომ მას ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი დაიბრუნებს, არამედ უფალი არ დაუშვებს იმას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იქნას სხეულიდან ამოგლეჯილი.
და აფხაზეთის დაბრუნება იარაღით მოხდება?
- არ ვიცით, ეს უკვე გაირკვევა, თუ როგორ არის აფხაზეთი დასაბრუნებელი. ყველაზე მთავარი, რაც უნდა ითქვას ისაა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი იმპერიალისტურმა რუსეთმა წაგვართვა. აუცილებლად მოვესწრებით იმ დროს, და იმედს ვიქონიებ, ძალიან მალე, როდესაც საქართველოს დატოვებს რუსეთის საოკუპაციო ჯარი და საქართველოს შემოუმტკიცდება თავისი აფხაზეთი, აფხაზი მოსახლეობითურთ და ცხინვალის რეგიონი იმავე ოსი მოსახლეობითურთ.