სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-სა, ნახევრდება და 50%-მდე მცირდება. ეს ნიშნავს, რომ საფინანსო სფეროში მკაცრი შეზღუდვები ისევ გაგრძლდება, რამაც ქვეყანას ბოლო დროის უდიდესი პრობლემა - ჭარბვალიანობა - თავიდან უნდა აარიდოს.
„გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებაში იწერებოდა პროცენტი, შემდეგ ჩნდებოდა სხვა ტიპის ხარჯები, მაგალითად, სესხის გაცემის საკომისიო, მომსახურების საკომისიო და ა.შ. რეალურად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდიოდა უფრო მაღალი. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი პრაქტიკა და აქედან გამომდინარე, ყველა საფინანსო ინსტიტუტი თუ კერძო პირი, ვინც იქნება დაკავებული ფინანსური საქმიანობით, ვალდებული იქნება, თავის მომხმარებელთან კონტრაქტში დააფიქსიროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ხარჯის მითითებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიურ 50%-ს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, ჯარიმებზე ლიმიტის დაწესდებაც.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია არ იზიარებს პრემიერის პათოსს და მიიჩნევს, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დაწესება ნეგატიური შედეგების მომტანია.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სამოქალაქო კოდექსში წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დაწესებას ეხება. ვფიქრობთ, თუკი სექტორის მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, ნეგატიური შედეგი გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა შენგელიამ.
მისივე თქმით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთანაც, დაკრედიტების ინსტრუქციებთან დაკავშირებითაც.
„საბედნიეროდ კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან ამ დებულებებთან დაკავშირებითაც ვხედავთ გარკვეულ რისკებს“, - განუცხადა შენგელიამ „საქმის კურსს“.
მან უცხოურ ვალუტაში სესხების აკრძალვის გავლენაც შეაფასა სექტორზე და აღნიშნა, რომ ეს იყო შოკი, რომელმაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სექტორი, თუმცა ადაპტაცია მოხერხდა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე პრემიერის ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ პარლამენტიდან წინააღმდეგობა გამორიცხულია.
„მამუკა ბახტაძის ინიციატივები, რომელიც მან ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დააანონსა, ეხმიანება იმ მწვავე პრობლემას, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის კერძო მევახშეებთან ქონების დაგირავებას უკავშირდება. ეს ათეულ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს მძიმე ტვირთად აწევს. ეს არა მხოლოდ სოციალური, არამედ მაკროეკონომიკური საკითხიცაა, ვინაიდან ეს ადამიანები იძულებით ამოვარდნილები არიან ეკონომიკის კვლავწარმოების პროცესიდან. ჭარბვალიანობა ხელს უშლის სიღარიბის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის თითოეულ ოჯახამდე მიტანას. ამიტომ რეგულაციები ამ სფეროში საჭიროა.
აღნიშნული ცვლილებებით იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონებების, ავტომობილების და უძრავი ქონებების დაგირავება. ასევე წესდება ლიმიტები, სესხების პროცენტების მაქსიმალური ზღვარი (მაგ: ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50% -მდე) ჯარიმებისა და საურავების ოდენობაზე და ა.შ. ჭარბვალიანობის შემცირება დადებითად იმოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ასევე საქართველოს მოსახლეობას შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.