საქართველო გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა - დედობის ასაკში მყოფი ქალები ქვეყნიდან გარბიან

საქართველო გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა - დედობის ასაკში მყოფი ქალები ქვეყნიდან გარბიან

საქართველო 2018 წლიდან გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევიდა და ეს დაახლოებით 25 წელი გაგრძელდება. ქვეყანა შობადობის კლებას ვერ ასცდება. სავალალო შედეგს იწვევს ის, რომ ქვეყნიდან გასულთა 70% ქალია და ყველა მათგანი რეპროდუქციული ასაკისაა.

პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში იზრდება ხანდაზმულთა რაოდენობა, ხოლო დედობის ასაკში მყოფი ქალები საზღვარგარეთ ემიგრაციაში მიდიან. ამ ყველაფრის ფონზე, დემოგრაფიული სურათი აქვს მეზობელ ქვეყნებს. სომხეთში და განსაკუთრებით აზერბაიჯანში ამ კუთხით დადებითი სურათია.

2018 წელს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზიც გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 2 900 000 ადამიანამდე შემცირდება. შედარებისთვის, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს.

„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ დემოგრაფიულ კატასტროფას ხელს უწყობს მიგრაციაც. ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყნიდან ქალების გადინების პროცესი, რომელიც არ ნელდება.

„ქვეყნიდან გასულთა 70% ქალბატონია და ყველა მათგანი რეპროდუქციული ასაკისაა (35-40 წლიდან 50-55 წლამდე) ეს კი დემოგრაფიულ პრობლემას ქმნის, ქვეყნიდან ყველაზე დიდი რაოდენობით შრომითი მიგრანტები გადიან. წარსულში საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ რუსეთსა და თურქეთში გადიოდნენ, ახლა უმეტესად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გადიან.

ქართველმა მიგრანტებმა ყველაზე მეტად წარმატებას ამერიკაში მიაღწიეს, რადგან იქ კაპიტალის დაგროვების ბევრი საშუალება არსებობს და სხვადასხვა სახის ბიზნესი აქვთ წამოწყებული“, - განუცხადა „კომერსანტს“ თამარ ჩიბურდანიძემ.

თუ დემოგრაფიულ ვითარებას რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ, 2050 წლისთვის დიდი პრობლემები გველოდება. ამ დროისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით იზრდება, სომხეთის - 7%-ით, საქართველოს მოსახლეობა კი 28%-ით მცირდება, რაც სერიოზული დისბალანსია და შესაძლებელია რეგიონში პოლიტიკური ცვლილებების საფუძველიც გახდეს.

ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. საქართველოში ხანდაზმულთა რაოდენობა კი, მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას. დაბერების კოეფიციენტის მიხედვი, მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს - 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს - 11%-ით.

ახლა გვიდგას შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდი. 80-იან წლებში საქართველოში 450 000 გოგო დაიბადა, ხოლო 90-იან წლებში მათი ნახევარი - 225 000. სწორედ ეს თაობა შედის ახლა დედობის ასაკში, საიდან მოვიყვანოთ ეს დაუბადებული ახალგაზრდები, რომლებიც ვერ გაჩნდნენ 90-იან წლებში? სწორედ ამიტომ შევედით დემოგრაფიულ კრიზისში, რომელიც გასტანს ერთი დემოგრაფიული თაობა, ანუ 25-27 წელი“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.