„უკვე წასული ადამიანის მიმართ ასეთი განცხადება არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არც სწორია და არც დამაჯერებელი“

„უკვე წასული ადამიანის მიმართ ასეთი განცხადება არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არც სწორია და არც დამაჯერებელი“

პრეზიდენტის შემდეგ, ყოფილ პრემიერს პარლამენტის თავმჯდომარე უპირისპირდება. მიზეზი მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა გახდა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაშინდელი მთავრობის ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ შრომის უსაფრთხოების კუთხით პარლამენტს სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსტიტუციის შესაბამის მუხლში და ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომისიაში ჩამოყალიბებული პოზიცია. თუმცა შემდეგ დაიკავა საკმაოდ ხისტი პოზიცია მთავრობის ხელმძღვანელობამ და ეს გახდა მიზეზი იმ პროცესებისა, რომელიც თქვენ კარგად გახსოვთ. მათ შორის, პროტესტის საბაბიც გახდა ჩვენი პოზიციის ცვლილება. მაშინ ანგარიში გავუწიეთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას, რაც ვფიქრობ, რომ იყო არასწორი კომპრომისი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის სკანდალური განცხადების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ღიად ადასტურებს, რომ შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრება გიორგი კვირიკაშვილის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ითხოვდა, საკანონმდებლო ორგანოს შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არ გაემკაცრებინა.

„ბატონმა ირაკლიმ თქვა ის, რაც რეალურად მოხდა და ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით - ჩვენ გვქონდა განსხვავებული პოზიციები“, - ამბობს სოფო კილაძე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, საპარლამენტო გუნდი თვლიდა, რომ უსაფრთხოების ნორმების მიმართ უფრო მკაცრი, დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო, ხოლო სანქციები უფრო ხისტი. ასევე, აღსრულების მექანიზმები, შრომის ინსპექციის მანდატი უფრო ფართო უნდა ყოფილიყო და ა.შ. მაგრამ მაშინდელ მთავრობას სხვა დამოკიდებულება ჰქონდა.

მთავრობიდან წასულ გიორგი კვირიკაშვილს უკვე მთელი მმართველი გუნდი აკრიტიკებს და ირაკლი კობახიძის მსგავსად, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მმართველ გუნდს ჰქონდა სწორი პოზიცია შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელი ამის წინააღმდეგი იყო. მაგალითად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ კვირიკაშვილმა შრომითი უსაფრთხოების კანონის გამკაცრება ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვა. შესაბამისად, დეპუტატი დღეს თვლის, რომ კვირიკაშვილის მიდგომა არასწორი იყო.

მმართველმა გუნდმა ორკესტრირებულად გაილაშქრა ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ. თუმცა, უმრავლესობაში კვირიკაშვილს დამცველებიც გამოუჩნდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოს დაკნინების მცდელობაში ადანაშაულებენ. უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ იმ სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც ირაკლი კობახიძეს აქვს, მისი განცხადება პარლამენტის შეურაცხყოფაა.

„ეს არის პარლამენტის დაკნინება. პარლამენტის თავმჯდომარე რომ ამბობს, უმრავლესობას ჰქონდა სწორი პოზიცია და არ აკეთებდაო. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში, მაგრამ პარლამენტის სტატუსიდან გამომდინარე, თუ არ აკეთებდა, მაშინ ეს საკითხი უფრო აქტუალურად უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში, რომ მას ეს შეესრულებინა. ახლა, ამ შემთხვევაში, რიგით დეპუტატზე ხომ არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ უმრავლესობაზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე. არ ვიცი, რისგან არის ეს გამოწვეული, რატომ გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ თუ რამე არ მოგწონს, ისე უნდა გააკეთო, რომ ეს რაღაც შეიცვალოს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი კობახიძეს უპირისპირდება უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დავით ჭიჭინაძე, რომლის განცხადებით, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის.

დეპუტატი განმარტავს, რომ თავის დროზე, როცა უმრავლესობის ფორმატში, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, სწორედ ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარემ თქვეს, რომ პარლამენტს რომ ასეთი კანონი მიეღო, ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდა.

„საკმაოდ გასაოცარი იყო ის, რაც გუშინ მოვისმინე. ჩვენ ბევრი სხვა კომპრიმისული კანონი გვაქვს მიღებული, რომელიც ძალიან ხშირად წინ დაგვხვდება, რადგან ადამიანის უფლებები დაცული არ არის. გამოდის, რომ კომპრომისები ხალხის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. როდესაც ამას ადამიანი აღიარებს, მხოლოდ აღიარება არ არის საკმარისი - ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

„ქართული ოცნების“ ნაწილი გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ ირაზმება. ანალიტიკოსების დაკვირვებით, პარლამენტის თავმჯდომარის და ფრაქციის ლიდერის განცხადება ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ კვირიკაშვილის, როგორც მომავალი ოპოზიციის ლიდერის საფრთხე იგრძო და ამ მოტივით დაიწყო მისი დისკრედიტაციის მცდელობა. თავად კვირიკაშვილ რამდენად იქნება ოპოზიციის ლიდერი, ამ ეტაპზე უცნობია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, რადგან თავად გიორგი კვირიკაშილმა განაცხადა, რომ საჯარო პოლიტიკა დაასრულა. ამის მიუხედავად, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს შესაძლოა, საჯარო პოლიტიკაში ყოფნის რესურსი არ ჰქონდეს, მაგრამ ოპონენტობის რესურსი კვირიკაშვილს და გარკვეულ ჯგუფს აქვთ.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იგრძნო ეს საფრთხე. ყოველი შემთხვევისთვის სიფრთხილეს თავი არ სტკივა და გადაწყვიტა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, რაც აისახა კობახიძის ამ გახმაურებულ ფრაზაში. მაგრამ ვეთანხმები ბექა ნაცვლიშვილს, რომელიც ობიექტურობითაც გამოირჩევა, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან საკითხის ასე დაყენება, რომ პარლამენტა ვერ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც მიაჩნდა, რომ უნდა გადაედგა, მართლაც პარლამენტის შეურაცხყოფაა.

კობახიძის ლოგიკით გამოდის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მთავრობა მართავს, როცა პირქით უნდა იყოს. ეტყობა კობახიძე ვერ მიხვდა, რომ მომგებიან სიტუაციაში არ აყენებს პარლამენტს მისი განცხადება. იმ ლოგიკით, რომ პარლამენტი უნდა იყოს პოლიტიკის განმსაზღვრელი ყველა მიმართულებით“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, არის კიდევ მეორე ლოგიკა, რის გამოც კობახაძის და ყველა მათგანის პოზიცია წამგებიანია - რაც უფრო მეტად იგრძნობს მოსახლეობა, რომ მმართველ პარტიას ეშინია კვირიკაშვილის ოპონენტობის და ცდილობს კვირიკაშვილი წამგებიან ჭრილში წარმოადგინოს, მით მეტია შანსი იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ვისთვისაც მიუღებელია, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე მისი ოპონენტი - „ნაციონალური მოძრაობა“, იზრუნოს და უბიძგოს კვირიკაშვილს და მის გუნდს პოლიტიკისკენ.

„ასეთი ბიძგი პროვოცირებული იქნება იმ შეფასებებით, რაც კეთდება ამ შემთხვევაში კვირიკაშვილის წინააღმდეგ. პირიქით, მე რომ „ოცნების“ წევრი ვიყო, ჩავთვლიდი, რომ მომგებიანია, რაც შეიძლება მეტი პედალირება კვირიკაშვილზე როგორც დადებით და პოზიტიურ პოლიტიკურ ფიგურაზე, რომ მერე თუ მან გადაწყვიტა რაიმე დამოუკიდებელი თამაში, იგი აღიქმებოდეს, როგორც „ოცნებიდან“ გაშვებული ხელოვნური ოპოზიცია. ვერ ვხვდები ასეთი სვლა რატომ არ მოსდით თავში. ის, რომ ვიღაცა არ გინდა მოვიდეს ხელისუფლებაში და მასთან ჩხუბს იწყებ, ამას დიდი პოლიტიკური მანევრები არ სჭირდება. მთავარია, გაიაზრო, შენი მანევრი იმ შედეგამდე მიგიყვანს, რაც გინდა, თუ საწინააღმდეგო შედეგამდე? მე ვთვლი, რომ ეს მანევრები, თუკი რეალურად დაგეგმილი მანევრებია – კობახიძის და სხვათა შეტევა ყოფილ პრემიერზე, გაუმართლებელი მანევრია. შეიძლება იმის საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს, რისკენაც ეს მანევრია მიმართული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

კობახიძის საბრალდებო ტონი მიუღებელია ვახტანგ ძაბირაძისთვის. კონსტიტუციონალისტის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის საკანდალურმა განცხადებამ დაადასტურა, რომ მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კვირიკაშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება იქნება შეცდომა და წამგებიანი მისთვის. მას დრო სჭირდება და დრო სჭირდება საზოგადოებას, აღიქვას რა ხდებოდა ადრე და რა ხდება დღეს. არა მგონია, რომ კვირიკაშვილი სასწრაფოდ აპირებდეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებას. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, თავისთავად, მე რაღაცა არ მახსოვს, რომ დებატები ყოფილიყო პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით. დავიღალე მოსმენით - „მე შიგნით ჩუმად მაგრად ვომობდი“. თუ ომობდი გამოსულიყავი და საკუთარი პოზიცია დაგეფიქსირებინა საჯაროდ. ვინ დაიკავა ხიტი პოზიცია და ვინ არა, ამაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ.

პარლამენტი არის წყარო აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტს შეუძლია მთავრობა გადააყენოს, დასვას უნდობლობის საკითხი. ამ საკითხთან მიმართებაში თუ ასეთი პრინციპული იყო პარლამენტის თავმჯდომარე, არ ეთანხმებოდა კვირიკაშვილის „ხისტ“ პოზიციას, მაშინ ღიად დაეფიქსირებინა, ვინ უშლიდა ხელს? ახლა უკვე წასული ადამიანის მიმართ ასეთი განცხადება, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის სწორი და არც დასაჯერებელი არ არის“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.