საერთაშოროსო სავალუტო ფონდის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით საბანკო ჭარბდავალიანებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. კერძოდ, ჩვენში ყოველი 1000 კაციდან 676-ს ბანკის ვალი აქვს. როგორია ამჟამად ქვეყანაში ცხოვრების დონე, რამდენად უმჯობესდება იგი, რა ვითარებაა სხვა ქვეყნებთან შედარებით და სამართლიანად ნაწილდება თუ არა შემოსავლები ცალკეულ სოციალურ ჯგუფებს შორის- ამ თემებზე For.ge ეკონომიკის პროფესორს აზიკო (ილია) სისვაძეს ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ სოციალურ მდგომარეობას, არის თუ არა, მისი გაუმჯობესების შესაძლებლობები?
- „საქსტატის“ მონაცემებით 2005-2016 წლებში, როდესაც ქვეყანის ეკონომიკა ასე თუ ისე დასტაბილურდა, მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 303,6%-ით გაიზარდა, რაც არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შემოსავლების ერთი ნაწილი „შეჭამა“ ინფლაციამ, ხოლო მეორე - საბანკო დავალიანებამ, საბოლოოდ საკმაოდ შემაშფოთებელ სურათს მივიღებთ. ამ პერიოდში სამომხმარებლო ფასები 167,4%-ით გაიზარდა და შესაბამისად, შემოსავლების რეალურმა ზრდამ მხოლოდ 136,2%, ხოლო საშუალო წლიურმა მატებამ 2,1% შეადგინა. როგორც ვხედავთ, თითქოს საგანგაშო არაფერია, მაგრამ დროის იგივე მონაკვეთში მოსახლეობის საბანკო დავალიანების ზრდის ტემპი - 1103,5%, ხოლო გადახდილი საშუალოთვიური სარგებლისა - 1657,8% იყო. ეს გარემოება კატასტროფულად აისახა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, განსაკუთრებით კი მცირეშემოსავლიან ნაწილზე, რომლისთვისაც დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი მწირი შემოსავლების დიდ ნაწილს მთლიანად შთანთქავს.
2017 წელს ცხოვრების დონის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით გამოკვლეულ 142 ქვეყანას შორის გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს და უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას და რუსეთს. რა მდგომარეობაა ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით?
- მოსახლეობის ერთ სულზე მოსული რეალური შემოსავლების ზრდა კეთილდღეობის მატებაზე ჯერ კიდევ არ მიუთითებს, რადგან თუ ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრო განაწილების ხარისხი მატულობს, მაშინ, როგორც წესი, მდიდრდება მოსახლეობის მცირე ნაწილი, ხოლო უმრავლესობა ღარიბდება. ამდენად, ცხოვრების დონის დასახასიათებლად ეს გარემოებაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.
„საქსტატი“ შემოსავლების უთანასწორო განაწილებისა და სიღარიბის დონის დასადგენად იყენებს ე.წ. ჯინის კოეფიციენტს, სიღარიბის აბსოლუტურ და შეფარდებით მაჩვენებლებს, რომელთა ანალიზი 2006-2016 წლებში აჩვენებს, რომ ქვეყანაში მცირდება, როგორც შემოსავლების უთანაბრო განაწილება, ისე სიღარიბის დონე. თუმცა ეს გარემოება სრულ წინააღმდეგობაში მოდის ამ პროცესების აღქმასთან მოსახლეობის მხრიდან, რაც დასტურდება საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალწლიანი სოციოლოგიური კვლევის შედეგებით. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი - ხომ არ არის ეს მაჩვენებლები ხელოვნურად შელამაზებული? მით უმეტეს, რომ ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ადგილობრივზე გაცილებით უარესია ხოლმე.
იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეძლოს აქტიური ღონისძიებების განხორციელება ქვეყანაში ცხოვრების დონის ასამაღლებლად და სოციალური სამართლიანობის მისაღწევად, პირველ რიგში, მათი მიზეზები უნდა დადგინდეს. რომელია ეს მიზეზები?
- ასეთი მრავალია, რომლებიც შეიძლება ფუნდამენტურ და კერძო მიზეზებად დაიყოს. ფუნდამენტურია ჩვენთან ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დამკვიდრებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოწყობის მორალურად მოძველებული ულტრალიბერალური საბაზრო ეკონომიკის მოდელი, რომელიც ე.წ. „ლიბერტარიანიზმის“ იდეოლოგიას ემყარება. იგი თავისი ბუნებით ანტიხალხურია, ემსახურება მხოლოდ სამართლებრივი ჩარჩოებიდან ამოვარდნილი მონოპოლისტური ბიზნესის ინტერესებს, პერმანენტულად წარმოშობს მასობრივ სიღარიბეს, უთანასწორობას და მთლიანად გამორიცხავს ეკონომიკის, მათ შორის, სოციალური ურთიერთობების რეგულირების შესაძლებლობას.
სწორედ ეკონომიკის და სოციალური ურთიერთობების სახელმწიფოებრივი რეგულირებაა ეკონომიკური ჩამორჩენილობიდან და მასობრივი სიღარიბიდან გამოყვანის გადამწყვეტი პირობა.
ეს რაღაც ახალია. კი მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების და ეკონომისტების უმრავლესობა ხომ ერთსულოვნად გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო რეგულაციები ეკონომიკის განვითარების დამამუხრუჭებელი ფაქტორია?
- ასეთი კატეგორიული მტკიცება შედეგია არაკომპეტენტურობისა ან შეგნებული მცდელობისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა მონოპოლისტური ბიზნესის დაკვეთით, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფონ. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს დემოკრატიულმა ქვეყნებმა საბოლოოდ თქვეს უარი ჯუნგლის კანონებით მოქმედ ველურ კაპიტალიზმზე და სახელმწიფოს მიერ რეგულირებად სოციალურ ეკონომიკაზე გადავიდნენ, რითაც არამარტო სიღარიბე დაძლიეს და სოციალური სამართლიანობა დაამკვიდრეს, არამედ ეკონომიკურ გიგანტებადაც გადაიქცნენ.
„ლიბერტარიანელებს“ კი შევახსენებ, რომ რეგულირებაში იგულისხმება არა ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი უხეში ადმინისტრირება, არამედ ფაქიზი მოტივაციური და სხვა ეკონომიკური მეთოდები, რომლებიც პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური პროცესების წახალისება-დაჩქარებაზეა მიმართული.
საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება - ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-10 მუხლით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა. ახლა უკვე საჭიროა გაბედული ქმედებები სოციალური ეკონომიკის დასამკვიდრებლად.
იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს დემოკრატიულმა ქვეყნებმა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია გააცნობიერეს სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა და პრაქტიკულად განახორციელეს იგი, ჩვენთან ამ თემაზე საჯარო საუბარიც კი „ბოლშევიკურ მკრეხელობად“ მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი გულწრფელად უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ევროპისაკენ, როგორც ჩანს, ისიც კი არა აქვთ კარგად გაცნობიერებული, თუ საით მიდიან. ასე რომ, მათ უბრალოდ ვურჩევდი - მინიმალური ზომით მაინც გაეცნონ ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური მოწყობას.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რეგულირებად ეკონომიკასა და ჰუმანურ სოციალურ ურთიერთობებზე დამყარებული ევროპა მიიღებს კი თავის რიგებში ველური კაპიტალიზმის მქონე ქვეყანას? თუ ეს მაინც მოხდა, სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების გამო, გაღატაკებულ და უსამართლო საქართველოს სამუდამოდ დატოვებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
თვითდინებაზე მიშვებული, აულაგმავი, ულტრალიბერალური საბაზრო ეკონომიკა საუკეთესო გამოსავალია მხოლოდ ანტიხალხურ მონოპოლიურ ბიზნესზე მიყიდული ხელისუფლებისათვის, რომელსაც ამასთან, ეკონომიკის გაძღოლის უნარიც არ გააჩნია.
თქვენ ძალზე რადიკალურ და მიუღწეველ მოთხოვნებს ხომ არ აყენებთ ან იქნებ უტოპიურსაც? ჩვენი ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება მხოლოდ მაღალგანვითარებული ეკონომიკის პირობებშია შესაძლებელი, რომლისგანაც ჩვენ ძალზე შორსა ვართ?
- ამ საკითხზე ტრადიციულ თვალსაზრისს მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები. მართლაც, სრულფასოვანი სოციალური პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი პირობა ეკონომიკის განვითარების მაღალი დონის მიღწევაა. თუმცა, სავსებით სამართლიანად მიგვაჩნია საპირისპირო მტკიცებაც - ცხოვრების სათანადო დონის, სოციალური სამართლიანობისა და შესაბამისი შრომითი მოტივაციის გარეშე მძლავრი ეკონომიკა ვერ აშენდება.
საყოველთაო სოციალური ჰარმონია, მოსახლეობის ყველა ფენის მოტივირებული ერთობლივი ძალისხმევა და ამ ფაქტორებით გამოწვეული სოციალური სინერგიული ეფექტია ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ეკონომიკა მოკლე დროში დააყენოს ფეხზე. შესაბამისად, რეფორმები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, როდესაც რადიკალური ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნები სინქრონულად წარიმართება.
როგორ გესახებათ საქართველოს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების შესაძლებლობები და რომელი ინსტრუმენტებით შეიძლება მისი განხორციელება?
- სოციალურ ეკონომიკაში კომპლექსურად გამოიყენება რეგულირების ინსტრუმენეტთა მთელი არსენალი, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფისკალურია, მათ შორის, შემოსავლებზე პროგრესიული საგადასახადო განაკვეთები, რომლებიც ე. წ. „ჩაშენებული სოციალური ამორტიზატორების“ სისტემას ქმნიან და უზრუნველყოფენ გაზრდილი ჭარბი შემოსავლების საბიუჯეტო გადანაწილებას მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე. ასევე, დაბალი გადასახადებით ხდება ეკონომიკის პროგრესული დარგების და სამეურნეო პროცესების მოტივაცია, ხოლო მაღალი გადასახადებით იზღუდება ნაკლებად საჭირო დარგები და მავნე პროცესები, მაგალითად სათამაშო ბიზნესი, მონოპოლისტური ტენდენციები და სხვა.
თუმცა, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პროცესების საგადასახადო რეგულირების და შესაბამისად, რეფორმების განხორციელების შესაძლებლობა შეზღუდულია და შეიძლება ითქვას, რომ ირიბად იკრძალება კიდეც კონსტიტუციის 94-ე მუხლით, რომლის თანახმად ხელისუფლებას რეფერენდუმის გარეშე არ შეუძლია გადასახადების განაკვეთების გაზრდა, გარდა აქციზური გადასახადისა. მიზანი ერთი შეხედვით კეთილშობილურია - უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მოტივაცია. თუმცა, ნებისმიერი სტრატეგიულად მოაზროვნე ინვესტორი საკითხს ლოგიკურად დააყენებდა - ღირს კი მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება იმ ქვეყანაში, რომელიც კრიზისების რეგულირების ქმედით ინსტრუმენტებს არ ფლობს?
ამდენად, ხელისუფლებას ვურჩევ აღნიშნული მუხლი სასწრაფოდ ამოიღოს კონსტიტუციიდან, ვიდრე პარლამენტში საამისო უმრავლესობა აქვს.
როგორც ცნობილია, ევროპაში სოციალური ეკონომიკის მრავალი მოდელი გამოიყენება, როგორიცაა ბისმარკის, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს, კორპორაციული, კონსერვატიული, გერმანული, შვედური, ამერიკულ-ბრიტანული და სხვა. აქედან საქართველოში რომელი მოდელის დანერგვას დაუჭერდით მხარს?
- ჩვენს ქვეყანაში გამოყენებულმა სოციალური ეკონომიკის მოდელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს, ერთი მხრივ, ქართული რეალობის თავისებურებები - ეკონომიკის მიღწეული დონე, ინტელექტუალური და ბუნებრივი რესურსები, ეროვნული მენტალობა, ეთნოფსიქოლოგია და სხვა, ხოლო მეორე მხრივ, იმ ქვეყნების სასარგებლო გამოცდილება, რომლებმაც მოკლე დროში შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეს.
ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილია ორიენტაცია იქნას აღებული ეტალონად მიჩნეულ შვედურ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელზე, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების უმაღლეს სტანდარტებს, სოციალური დაცულობის ოპტიმალურ დონეს და სამართლიანობას, ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და მაღალ ეფექტიანობას. ამასთან, იმის გამო, რომ თავიდან ასეთი მოდელის პარამეტრების მიღწევა შეუძლებელია, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით, ეკონომიკის აღმავლობის კვალობაზე. მთავარია, რომ მოსახლეობამ რეფორმის დასაწყისიდანვე იგრძნოს მისი სიკეთე.
რეფორმების განხორციელებისათვის სოციალურ ქვეყნებში უკვე არსებობს საფუძვლიანად დამუშავებული კონცეფციები, სტრატეგიული გეგმები და პრაქტიკით შემოწმებული გამოცდილება, რომელიც, ჩვენი ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით, შემოქმედებითად შეიძლება გადამუშავდეს. გარდა ამისა, ამჟამად საქართველოში მოღვაწეობენ უაღრესად განათლებული, შემოქმედებითად მოაზროვნე და რეფორმატორულად განწყობილი პოლიტოლოგები, ეკონომისტები და სამართალმცოდნეები, რომლებზე დაყრდნობით ქვეყნის რადიკალური სისტემური მოდერნიზაცია სავსებით რეალურ ამოცანად გვესახება. სხვაგვარად, სამუდამოდ ჩამორჩენილი ქვეყნების ბოლო რიგებში მოგვიწევს ჩანჩალი.
რას იტყოდით ახალი მთავრობის იდეაზე მცირე მთავრობის შესახებ?
- ეკონომისტის პოზიციიდან საკითხს განსხვავებულად დავაყენებდი - ხელისუფლება უნდა იყოს არა მცირე, არამედ ოპტიმალური, ამ თვალსაზრისით დიდიც კი, რომლითაც შესაძლებელი გახდება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავება, რადიკალური რეფორმების განხორციელება და მაქსიმალური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მიღწევა. გარდა ამისა, მართვის თეორიისა და პრაქტიკის ელემენტარული ჭეშმარიტებაა - რაიმე საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის აუცილებელი პირობა სპეციალიზაციაა. აქედან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ეკლექტიკური „მოდღვება“ ერთ სამინისტროში მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნება.
ამჟამად, როდესაც განვითარებული ქვეყნები მეცნიერებასა და ცოდნაზე დამყარებულ ინოვაციურ ეკონომიკაზე გადადიან და ამდენად, ამ დარგების განვითარებას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევენ, მათი გაერთიანება სხვებთან ყოვლად გაუმართლებელია. ხელისუფლებას შევახსენებ დიდი ფრანგი მეცნიერის ჟ. კიურის სიტყვებს: ქვეყანა, რომელიც არ ზრუნავს მეცნიერების განვითარებაზე, ადრე თუ გვიან სხვისი კოლონია გახდება.
აღნიშნული გარემოებების და ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად გაცილებით ეფექტური იქნებოდა არსებულიყო გაცილებით მეტი სპეციალიზებული, მაგრამ კომპაქტური ზომის და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სამინისტრო, რომლებიც თავის ფუნქციებს თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე მინიმალური ხარჯებით განახორციელებდნენ. მომიჯნავე სამინისტროთა გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ ეს ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიასთან ერთად სინერგიულ ეფექტსაც გამოიწვევს.