საქართველოში მწეველებს 2 თვის წინანდელი აკრძალვა ვერ მოუნელებიათ და უკვე ახალი შეზღუდვა მზადდება. პარლამენტში შეტანილია ინიციატივა, რომელიც ღია ადგილებში მოწევის რეგულაციას ეხება. თუკი ეს ნორმა ამოქმედდა, თამბაქოს მომხმარებლებს უფრო დიდი პრობლემები ელით, ვიდრე ამჟამინდელი აკრძალვის შედეგად დაატყდათ თავს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი ითხოვს ღია სივრცეში მოწევა მხოლოდ სპეციალურ ადგილებზე იყოს დაშვებული. ამ ინიციატივით ორგანიზაციამ უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს საკანონდმებლო წინადადებით. ახალი ინიციატივის მიხედვით, დაწესებულებების ტერიტორიაზე, ღია ადგილებზე მოწევა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ამისთვის სპეციალურად დადგენილ ადგილებზე.
„მიმდინარეობს მონიტორინგი, თუ როგორ არიან მომზდებული შესაბამისი სამსახურები მოქალაქის ინფორმირებისთვის, მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ მონიტორინგის შედეგად ვნახეთ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერაც დიდია ამ საკითხში. კანონი მუშაობს და ადამიანები მას იცავენ. პირველი თვის განმავლობაში სულ 100-მდე ჯარიმა იყო. 6 თვის მანძილზე ის თანდათან სოციალურ მოთხოვნად იქცევა.
თუმცა არის სიტუაციები, როდესაც მწეველებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ადგილები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კლინიკებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ სხვისი უფლებების შელახვის გარეშე მოწიონ თამბაქო. ამიტომ კომიტეტი იმსჯელებს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის სახით ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარმოდგენილი წინადადების შემდეგ.
„ჯიბისის“ ცნობით, კომიტეტი ასევე იმსჯელებს კიდევ ორ საკანონმდებლო წინანდებაზე, რომლებიც ფაქტობრივად ერთმანეთის საპირისპირო შინაარსისაა.
ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნენის ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ გულისხმობს, რომ ნაცვლად სამორინესი, ჩაიწეროს სათამაშო და აზარტული თამაშები, რადგანაც მათი მოსაზრებით, სლოტბარების, აზარტული თამაშების და ტოტალიზატორების ნაწილი განთავსებულია ცალკე, სამორინეს გარეშე და ისინი არაკონკურენტულ პირობებში არიან ჩაყენებული იმათთან, რომლებიც სამორინეებთან არის განთავსებული და სადაც კლიენტებს აქვთ მოწევის უფლება. მათი თქმით, ეს იწვევს კლიენტურის გადადინებას.
უნდა ითქვას, რომ მოწევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით იმ კანონის აღსრულებაც ძნელია, რომელიც ამჟამად მოქმედებს. ახალი რეგულაციის აღსრულება მარტივი არაა, რადგან მონიტორინგის ჯგუფები ცოტაა, იმ ობიექტების რაოდენობა კი, სადაც მოწევა აიკრძალა ათი ათასობითაა. მოწევის ნორმის პოტენციური დამრღვევების რაოდენობა სულაც მილიონს აჭარბებს.
კონტროლის სისუსტეს ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც. სამინისტროსგან მიღებული წერილის თანახმად, სამართალდამცველებმა ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების დარღვევის სულ 140 შემთხვევა გამოავლინეს, აქედან 101 მაისში, ხოლო 39 კი - ივნისში. ეს შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი - 11 შემთხვევა; იმერეთი - 87 შემთხვევა; მცხეთა-მთიანეთი - 2 შემთხვევა; სამცხე-ჯავახეთი - 15 შემთხვევა; შიდა ქართლი - 5 შემთხვევა; ქვემო ქართლი - 12 შემთხვევა; კახეთი - 1 შემთხვევა; აჭარა - 2 შემთხვევა.
გამოვლენილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ეს კანონი მხოლოდ 140-ჯერ დაარღვიეს ანდა ზოგადად კანონს უფრო ხშირად არღვევენ, მაგრამ პოლიციამ მხოლოდ 140 შემთხვევა გამოავლინა. აქ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი დარღვებების ნახევარზე მეტი იმერეთზე მოდის. რომ არა იმერეთში სამართალდამცავთა შედარებით აქტიურობა, დარღვევათას სტატისტიკა კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა.