საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის პრეტენზიები წლიდან წლამდე ნახტომისებურად იზრდება. მითი, რომ საზოგადოება ფინანსურად გაუნათლებელია და ამიტომ ყველაფერი თავსი თავს უნდა დააბრალონ, სწრაფად იმსხვრევა. ბოლო დროს სულ უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტი ვლინდება იმის შესახებ, რომ საფინანსო ორგანიზაციებს ათასგვარი ხერხით შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი.
2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ბანკებში 2047 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით მეტია. 2017 წლის პირველ 5 თვეში ბანკებში 1472 პრეტენზია იყო.
წელს მოქალაქეებმა ყველაზე მეტი საჩივარი შეიტანეს მიმდინარე ანგარიშის თაობაზე (782 განაცხადი), სამომხმარებლო სესხის შესახებ (404 განაცხადი) და საკრედიტო ბარათის გამო (196 განაცხადი).
შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციულ ბანკებში შესული და სრულად განხილული პრეტენზიებიდან მხოლოდ 17,8% (366 განაცხადი) იქნა მიჩნეული საფუძვლიანად ბანკების მიერ და მათი გადაწყვეტა მომხმარებლების სასარგებლოდ მოხდა, 74,5%-ის შემთხვევაში (1 526 განაცხადი) ბანკმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, 106 შემთხვევის განხილვა კი კომერციულ ბანკებს არ დაუსრულებია.
ასევე იზრდება მომჩივანთა რაოდენობა მიკროსაფინასო ორგანიზაციებშიც. როგორც ჩანს, მოქალაქეებმა თანდათან ისწავლეს საკუთარი უფლებების დაცვა და სულ უფრო მეტად ეწინააღდეგებაინ საფინანსო ორგანიზაციების დადგენილ ხშირ შემთხვევაში უსამართლო მოთხოვნებს.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ ეროვნულ ბანკში 631 პრეტენზია დაფიქსირდა. აქედან 28 შემთხვევაში მომხმარებლის პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს, თუმცა პრობლემა არ აღმოფხვრილა; 251 ფაქტზე - პრეტენზიის პრობლემა მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და პრობლემაც აღმოფხვრილია; 9 შემთხვევაში პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა; 343 ფაქტზე კი პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.
ოფიციალური მონაცემებით, საჩივრების უმეტესობა (528) სამომხმარებლო სესხებს ეხება. შემდეგ მოდის მომენტალური განვადება, რომელთან დაკავშირებითაც იანვარ-მაისში 40 პრეტენზია დაფიქსირდა; 17 შემთხვევაში კი პრეტენზია იპოთეკური სესხებთან იყო დაკავშირებული.
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში მუდმივად მიდის საუბარი მოსახლეობის ფინანსურ გაუნათლებლობაზე. თითქოს ქართველებს წარმოდგენა არ ჰქონდეთ საკრედიტო პროდუქტებზე. რა თქმა უნდა, საქართველოში ფინანსური განათლება დაბალ დონეზეა, თუმცა საკრედიტო ინსტიტუტებსა და კლიენტებს შორის არსებული პრობლემების მთლად მოსახლეობაზე გადაბრალება არასწორია.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, ადამიანი არის თუ არა ფინანსურად განათლებული, ეს დიდ უპირატებოსაბას არ აძლევს მას ქართულ ფინანსური ინსტიტუტებთან ურთიერთობისას. რამდენადაც საბანკო ბაზარზე კონკურენცია ძალიან დაბალია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე წლებია აღნიშნავენ და მომხმარებელი ხშირად არჩევანის გარეშეა. უმეტეს შემთხვევაში კლიენტს უწევს არჩევანის გაკეთება ან აიღოს კრედიტი კაბალური პირობებით, მიუხედავად იმისა, რომ იცის თუ რა ცუდ ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, ან საერთოდ არ აიღოს.
„შედეგად, მოსახლეობა კრედიტებს იღებს მიმდინარე ფინანსური პრობლემების დასაფარად და იძულებულია საკრედიტო ინსტიტუეტების მიერ შემოთავაზებულ კაბალურ პირობებს ბრმად დათანხმდეს. თუნდაც ხელშეკრულების ბოლომდე წაკითხვის და კლიენტისთვის მიუღებელი მუხლების აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უშანსოდაა იქ რამე ცვლილება შეიტანოს.
სამწუხაროდ, კვლავ რჩება კლეინტებისთვის პრობლემატური მიმართულებები, როგორიცაა ბანკის მიერ კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნების მოთხოვნა და საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ნებისმიერი მუხლის ცვლილება მისი გადაწყვეტილებით, რაც რისკის ქვეშ აყენებს მომხმარებელთა ფინანსურ სტაბილურობას“, - აღნიშნავს ჯანიაშვილი.