ბეიონსე დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

ბეიონსე დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

გუშინ ბრიტანულმა საინფორმაციო საშულებებმა გამოაქვეყნეს მუსიკალური ალბომების გასული კვირის მორიგი ჰიტ-პარადი.

 

ამ ნუსხას სათავეში მოექცა ამერიკელი მომღერალი ბეიონსეს სტუდიური ჩანაწერი “4”. ეს ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის 24 ივნისს გამოვიდა და ივლისის პირველივე დღეებიდან ბრიტანულ ჩართებში გალიდერდა.

 

ადგილობრივი შოუ-ბიზნესის თემაზე მწერალი ჟურნალისტების აზრით, ალბომი “4”-ის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ბეიონსმა მონაწილეობა მიიღო გლასტობერის ფესტივალში. მომღერალმა ამ ღონისძიებაზე კონცერტი 26 ივნისს გამართა.

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამერიკელი ვარსკვლავი დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ კიდევ ორ ფესტივალზე გამოვიდა. 9 ივლისს მსმენელებმა შოტლანდიაში ჩატარებულ “T in the Park”-ზე იხილეს, 10 ივლისს კი მისი შემოქმედებით ირლანდიურ “Oxegen”-ზე მისულები დატკბნენ.

 

ბრიტანული ჰიტ-პარადის მეორე საფეხურს, უკვე მერამდენე თვეა მომღერალი ადელის ალბომი “21” ინარჩუნებს, მესამე პოზიციაზე კი ლედი გაგას სტუდიური ჩანაწერი “Born This Way” იმყოფება.

 

ბრიტანული სინგლების ჰიტ-პარადში წინა კვირას გალიდერდა DJ Fresh-ისა და ჯგუფი “Kosheen”-ის ვოკალისტი შან ევანსის ერთობლივი კომპოზიცია “Louder”.