„პატრულმა ტურისტებს უნდა მოაშოროს ბოშები და მათხოვრები, რომლებიც აფურთხებენ, წყალს ასხამენ და ტალახს უსვამენ“

„პატრულმა ტურისტებს უნდა მოაშოროს ბოშები და მათხოვრები, რომლებიც აფურთხებენ, წყალს ასხამენ და ტალახს უსვამენ“

რამდენად არიან ტურისტები დაცულნი საქართველოში, შეიძლება თუ არა ერთი ტრაგიკული ფაქტის მიხედვით ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და რა გავლენას იქონიებს ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედია ტურისტულ ნაკადზე?! ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ესაუბრა.

ხადას ხეობაში დაღუპული სმიტების ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ბიზნესითაც იყო დაკავებული, მაგრამ მათი ტრაგედიის შემდეგ საინტერესოა, სიფრთხილის მოყვარული უცხოელები გარისკავენ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას?

- პირველ რიგში, ეს თითეული ჩვენგანის ტრაგედიაა და მეც მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ახლობლებს. ჩვენმა საზოგადოებამ მომხდარი ფაქტი ძალზე მტკივნეულად მიიღო, რაც სრულიად ადეკვატური იყო. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ტრაგედია საქართველოში შემოსულ ტურისტთა ნაკადს არ შეამცირებს. უბრალოდ, გააჩნია, ნაკადებს, ვინაიდან ჩვენთან ტურისტების უმეტესობა არის ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან. მათ ეს ფაქტი არ შეაჩერებთ. იმ ტურისტების ყურამდე თუ მივიდა ეს ინფორმაცია, ვინც მთაში წასვლას აპირებს კარვით, ალბათ, ისინი ბევრად ფრთხილად იქნებიან. რაც შეეხება დასავლეთ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩამოსულ ტურისტებს, მათზე ეს ინფორმაცია ძალზე უარყოფითად იმოქმედებს, რადგან ისინი ბევრად ყურადღებიანნი არიან. თავისთავად, საელჩო გამოაცხადებს გაფრთხილებას საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ოჯახებისთვის, ამერიკელი მოგზაურებისთვის და თვითონ საელჩო დააწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. შეიძლება, ისინი გააფრთხილონ, თუ წახვალთ ასეთ პირობებში, მაშინ ჩვენ ვერ ვაგებთ თქვენზე პასუხსო.

მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების შესახებ კარგა ხანია, არაფერი გვსმენია. ტურისტებისთვის ასეთი გაფრთხილება აუცილებელი იქნება?

- მართალია, ბოლო დროს ასეთი ფაქტები არ მომხდარა, მაგრამ იყო დრო, როცა საქართველოში აყაჩაღებდნენ ტურისტებს, ასევე, იყო რეგიონები, სადაც ამერიკის საელჩო თავის მოქალაქეებს არ ურჩევდა მოგზაურობას. როგორც კი ამერიკის საელჩო გამოაცხადებდა ხოლმე ასეთ გაფრთხილებას, მაშინვე ამას მოჰყვებოდა ძირითადად ინგლისურენოვანი სამყაროს მხრიდან თავშეკავება. ეს იყო დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია და ა.შ. საქართველომ ეს ნაბიჯი ერთხელ უკვე გაიარა. ზუსტად ერთი ნაბიჯი გვაკლია იქამდე, რომ ისევ შემობრუნდეს ეს ყველაფერი, რაც ძალიან სამწუხარო იქნება.

სახელმწიფო უნდა იყოს ყურადღებით, რადგან ტურისტული ნაკადი ძალიან დიდია და ქვეყანა მოუმზადებელია. არ არსებობს უსაფრთხოების პრევენცია. სადაც ცოტა ტურისტია, იქ იშვიათად ხდება მსგავსი რაღაცები, ხოლო, სადაც ბევრი ტურისტია, უფრო ხშირია ასეთი ფაქტები. წელს უკვე იმდენი ტურისტი დაიღუპა, ირანელების ოჯახი გადაცვივდა კვადროციკლით, უკრაინელები მდინარე ჭოროხზე ჯომარდობისას დაიღუპნენ. რამდენი იყო კიდევ ავტოსაგზაო შემთხვევა. მთელი სეზონი ჯერ წინ არის და გულის ფანცქალით ველით, კიდევ რა უნდა მოხდეს. გვეშინია წინასწარ, ცხადია, ამ ყველაფრის საფუძველი უნდა მოვძებნოთ. მწყემსს რატომ უნდა ჰქონოდა გაუფორმებელი იარაღი? რატომ დადის ამდენი შეუმოწმებელი მანქანა, მიკროავტობუსი? ეს შიდა ტურიზმსაც ეხება. რა, საქართველოს მოქალაქეები არ დაღუპულან? რის გამო? უწესობისა და გაუთვალისწინებელი ფაქტების გამო. ამისთვის ჩვენმა ქვეყანამ უნდა შექმნას უსაფრთხოების სტრატეგია. ეს ეხება განათლების სამინისტროსაც იმ კუთხით, რომ სკოლიდანვე ასწავლონ ბავშვებს, რა არის საყოფაცხოვრებო უსაფრთხოება, დაწყებული ქუჩაზე გადასვლით. სანამ საზოგადოება არ მიხვდება, რომ თვითგანადგურების პროგრამაა ჩართული, მანამდე არაფერი გვეშველება.

უსაფრთხოება ახსენეთ და კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? პატრულმა უნდა მიაცილოს ტურისტები?

- რასაკვირველია, არა. პატრულმა თუ მიაცილა, პოლიციური ქვეყანა გამოვალთ. უბრალოდ, შეშლილ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ იარაღი და მაშინ ეს ოჯახიც მოახერხებდა თავის დაცვას. პრობლემა მოდის იქიდან, რომ ეს ადამიანი იყო ძალადობაში გაზრდილი, ეს გლობალური პრობლემაა, კონკრეტული ღონისძიებები არაფერს არ შველის. ასე, ძველ თბილისშიც დადის პატრული, ახლა გვეუბნებიან, ისინი დაეხმარებიანო ტურისტებს, მაგრამ პატრულის საქმე არ არის ტურისტის დახმარება. პატრული რაში დაეხმარება ვიზიტორს? თბილისის ისტორიას მოუყვება ტურისტს, თუ ქუჩებს ასწავლის? თავისი კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს პატრულს, ისინი უფრო კრიმინალებს უნდა ამოწმებდნენ. პატრულმა ტურისტებს უნდა მოაშოროს თავდასხმა ბოშებისა და მათხოვრებისგან, რომლებიც მათ ეკიდებიან, აფურთხებენ, წყალს ასხამენ და ტალახს უსვამენ.

საქართველოში ჩამოსული ცალკეული ტურისტები იმდენად არიან აღფრთოვანებულნი ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონებით და ჩვენი ლანდშაფტით, რომ არც კი იცავენ უსაფრთხოების წესებს, შეუძლიათ, მიუვალ მთაში, უბრალო ქოხმახშიც დაბინავდნენ. თუნდაც თუშეთში ღარიბულ სახლში გაატარონ ღამე და ამით ბედნიერები იყვნენ. როდესაც გაურკვეველი ფსიქიკის მქონე მწყემსის ანაბარად ხარ და კარავში ცხოვრობ, რისკი ხომ მატულობს?

- სხვათა შორის, თუშეთი ბევრად უფრო დაცულია ამ კუთხით. ყველანაირი ტურისტი არსებობს. ტურისტები ჩერდებიან მინდორშიც და ხუთვარსკვლავიან სასტუმროშიც. თავისთავად უნდა დაიწეროს, რა საფრთხე შეიძლება ელოდოს აქ ჩამოსულ ტურისტს და ეს ინფორმაცია გავრცელდეს, მხოლოდ იმას რომ ვავრცელებთ, რომ თურმე ტურისტები რა მარტივად შემოდიან საქართველოში და ვიზა არ სჭირდებათ. მთელი პროგრამაა შესაქმნელი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ დავიცვათ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები.

უცხოეთში ტურისტებად ჩასული საქართველოს მოქალაქეები რამდენად არიან დაცულნი მსგავსი ფაქტებისგან? თუკი აჭარაში რამდენიმე წლის წინ შემოსულმა ირანელმა ვიზიტორმა 16 წლის გოგონა სადისტურად მოკლა, ვინ დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ?

- ასეთი რამ ყველგან ხდება. ზოგან დაცულნი არიან ტურისტები, ზოგან-არა. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც ამდენი მილიონი ტურისტი შემოდის და ამდენი მთიანი რეგიონია, მას არ უნდა ჰყავდეს სამაშველო ვერტმფრენები, რომლებიც მთაში უზრუნველყოფს სამაშველო სამუშაოს?! გამოდის, რომ ჩვენ ვუშვებთ ტურისტებს და ამ დროს ამისთვის მოუმზადებელნი ვართ. მე მინახავს მაშველები ქვემო სვანეთში, ზემო სვანეთში, იცით, რომ მათ აღჭურვილობაც არ აქვთ? საკუთარი ნაყიდი ფანრებით დადიან, არც წესიერი ფეხსაცმელი აქვთ და არც თოკი. ძალიან ბევრი სფეროა, რომლისთვისაც მთელი სტრატეგია უნდა დაიწეროს, თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოების დაცვა. საქართველოს ისეთი რეპუტაცია აქვს, რომ ხალხმა არ იცის, აქ შემოსვლისას რატომ ხდებიან დაუცველები.

ელემენტარულს გეტყვით, ქალაქ სიღნაღში, ამ ისტორიულ-კულტურულ ქალაქში თავისი ძველი არქიტექტურით, უშუალოდ ქალაქის შიგნით დადის 40-მდე კვადროციკლი, რომელსაც გამონაბოლქვიც აქვს და აყრუებს კიდეც იქაურობას. ეს ხომ არანორმალურია, მაგრამ ვინმე ამას ამჩნევს და ცდილობს ამის გამოსწორებას? ახლახანს გოგონა შემხვდა, რომელსაც სიღნაღში ფეხზე გადაუარა კვადროციკლმა, მაგრამ არ უჩივლა ამის ჩამდენს. ამისთვისაა ქალაქში გამგებელი, რომ ჩვენ თუ ვხედავთ პრობლემას, ისიც უნდა ამჩნევდეს ამ პრობლემას. გახსოვთ, ალბათ, აჭარის სანაპიროზე რამდენი ხალხი დაიღუპა, სანამ არ აკრძალეს სკუტერები და საწყალოსნო ტრანსპორტი?

მთაში ჩადენილი საზარელი მკვლელობა ხომ არ გამოიწვევს ტურისტთა კონცენტრირებას დედაქალაქში. თბილისში უფრო დაცულად ხომ არ იგრძნობენ ისინი თავს?

- თუკი ტურისტი ჩათვლის, რომ საქართველოს მთიანეთი მისთვის საფრთხეს შეიცავს, ადგება და სხვა ქვეყანაში წავა. მისი ინტერესი თუ მაინცდამაინც მთაა, სხვა ქვეყნების მთებს მიაშურებს და არა - ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს.