მთელი საქართველო ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობის შიშმა შეიპყრო. ნიტრატებს ზომავენ სპეციალისტები, სავაჭრო ქსელები და უბრალო მოქალაქეებიც კი. გამოჩნდა საკმაოდ საგანგაშო კვლევებიც, თუმცა სურსათის ეროვნული სამსახური პრობლემას არ ადასტურებს.
ჰიპერმარკეტ „გუდვილს“ სავაჭრო ქსელში საზამთრო და ნესვი არ შეაქვს. „გუდვილის“ მარკეტინგის მენეჯერი ნატა წერეთელი ამბობს, რომ ქსელში მომწოდებლის მიერ სარეალიზაციოდ მოტანილი ხილი უკან გააბრუნა.
„შევამოწმეთ და ნიტრატების რაოდენობა ზღვრულზე მაღალი აღმოჩნდა. იმისთვის, რომ მომხმარებლის უფლება დავიცვათ, უხარისხო პროდუქტს ქსელში არ შევიტანთ. მომწოდებელი იძულებულია პროდუქცია უკან წაიღოს“, - ამბობს წერეთელი.
საზამთროსა და ნესვში ნიტრატების ჭარბი რაოდენობის შესახებ რამდენიმე დღის წინ „აგროჰაბმაც“ განაცხადა.
ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების პრობლემაზე საუბრობენ სპეციალისტები. ეკოტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ კონკრეტულად საზამთროსა და ნესვში იგი დაშვებულ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება. ეს დასკვნა მან 2-წლიანი კვლევის საფუძველზე გააკეთა.
ახალაია მომხმარებლებს ურჩევს, სეზონური ხილი ხარისხის კონტროლირებად მაღაზიებში შეიძინონ და თავი აარიდონ მის ქუჩაში ან ღია ბაზრობებზე ყიდვას. ფერმერულმა მეურნეობებმა კი თავად უნდა იმუშაონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამკაცრდეს ფიტოსანიტარული და სანიტარული ნორმები.
„ბაღჩეული კულტურები, როგორიც არის ნესვი და საზამთრო, ძირითადად, გამოიყენება დაბინძურებული მიწის გასაწმენდად. ძალიან მარტივად ითვისებს აბსოლუტურად ყველაფერს ნიადაგიდან. შესაბამისად, ნიადაგის აგროტექნოლოგიური დამუშავებისას, მინერალური სასუქების არასწორი გამოყენების დროს, ის ღრუბელივით ისრუტავს ზედმეტ ჭარბ მინერალურ სასუქებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია“, - განაცხადა ახალაიამ.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს, მისი ჟანგბადი ნიტრიტებით იცვლება, რაც ანემიასა და იმუნური სიტემის დაქვეითებას იწვევს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მიქაძე კი ამბობს, რომ არ იცნობს აღნიშნულ კვლევას და არ იცის, როგორაა ჩატარებული - აკრედიტებულ ლაბორატორიაში, თუ ნიტრატების შემცველობა ნიტრატმზომით გაიზომა.
მიქაძის განმარტებით, აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევა ზუსტია, ხოლო თუ საზამთროში ნიტრატი აპარატითაა გაზომილი, აქ დიდი ცდომილება იქნება, დაახლოებით 30%-მდე.
„ჩვენ ვატარებთ ტენდერებს, ტენდერების საფუძველზე ვირჩევთ აკრედიტებულ ლაბორატორიებს. რაც შეეხება საზამთროში, ნესსვსა, თუ ზოგადად, ხილში ნიტრატების შემცველობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სახელმწიფო პროგრამა: წლის განმავლობაში 60-მდე ნიმუში უნდა ავიღოთ, 20-მდე ნიმუში უკვე აღებულია. დარღვევა ჯერჯერობით ნიტრატების ნაწილში არ გვაქვს. ჩვენ ნიმუშებს ვიკვლევთ აკრედიტებულ ლაბორატორიებში.
თუ ნიტრატი აპარატითაა გაზომილი, მაგალითად საზამთროში, მას დიდი ცდომილება აქვს. თუ იგი გაზომილია ნიტრატმზომით, ამ შემთხვევაში გაზომვის მეთოდიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ საზამთროს ქერქში ჩავარჭობთ ნიტრატმზომს, იქ მოგვცემს ნიტრატების უფრო დიდ რაოდენობას, ვიდრე გულში. საზამთროს ქერქს კი არავინ მიირთმევს.
ნიტრატი ძალიან არამდგრადი ფორმაა, რომც იყოს ჭარბი რაოდენობით ხილში, საზამთროში, ბოსტნეულში, შეგვიძლია, რამდენიმე დღე გავაჩეროთ ის და ნიტრატი დაიშლება“, - განაცხადა მიქაძემ.
მის მოსაზრებას ეთანხმება სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი თამარ გობჯიშვილი. მისი თქმით, საზამთროში ნიტრატების შემცველობასთან დაკავშირებით არც ერთი ინფორმაცია არ იძლევა ზუსტ შედეგს.
„საკმაოდ აქტუალური გახდა მოქალაქეებისა და მასმედიისთვის აპარატით სურსათის შემოწმება. ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც სპეციალური აპარატით თავად ამოწმებს საზამთროში ნიტრატების რაოდენობას. ასევე ტოქსიკოლოგებმა ჩაატარეს პრესკონფერენცია, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში შემოწმებული კვლევების საფუძველზე საზამთროში ნიტრატების შემცველობასთან დაკავშირბით მძიმე მდგომარეობაა. მინდა ვთქვა, რომ ნიტრატების შემცველობასთან დაკავშირებით გავრცელებული არც ერთი ინფორმაცია არ იძლევა დაზუსტებულ შედეგებს“, - აღნიშნა გობეჯიშვილმა.
მისი ინფორმაციით, აპარატის მწარმოებელი კომპანია არ იძლევა სიზუსტის გარანტიას. წლების წინ ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, აპარატის მიერ დადგენილი ნიტრატების რაოდენობა ლაბორატორიულს შეადარეს და რადიკალურად განსხვავებული შედეგი მიიღეს.