საქართველოში დეპოპულაციის პროცესი ისევ დაიწყება?!

საქართველოში დეპოპულაციის პროცესი ისევ დაიწყება?!

[გიორგი ბექაური]

ხუთწლიანი მატების შემდეგ, შარშან საქართველოში უფრო ნაკლები ახალშობილი დაიბადა, ვიდრე 2009 წელს. მართალია, კლება თვალშისაცემი არ არის, მაგრამ დემოგრაფების აზრით, ტენდენცია კანონზომიერია. ისინი თვლიან, რომ უახლოეს მომავალში, შობადობის მაჩვენებელი ისევ შემცირდება, ანუ საქართველოში დეპოპულაციის პროცესი დაიწყება.

გასული 5 წლის განმავლობაში შობადობის მატებას ილიას უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე პატრიარქის ინიციატივას უკავშირებს, ხოლო 2010 წელს დაფიქსირებულ კლებას (2009 წელს 63377 ახალშობილი დაიბადა, 2010 წელს კი - 62 585) კანონზომიერს უწოდებს. მისი ვარაუდით, უახლოეს წლებში გარდაცვლილთა რაოდენობა შობადობას მაჩვენებელს გადააჭარბებს.

„შობადობის მატება ცხადია, რომ პირველ რიგში, პატრიარქის მოწოდებამ განაპირობა. მაგრამ იმას, რომ შობადობა შემცირდებოდა, ეს ჩვენ ვიცოდით. ეს არის კანონზომიერი პროცესი და ამას გვერდს ვერ ავუვლიდით. თუ უკრაინასა და რუსეთში დეპოპულაციის პროცესი უკვე დიდი ხნის წინათ დაიწყო (ანუ უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება), ჩვენთან ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ვიყავით დეპოპულაციის ზღვარზე, მაგრამ შემდეგ ეს გადავლახეთ და ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც გაიზარდა.

თუმცა, უახლოეს მომავალში, შობადობის მაჩვენებელი ისევ შემცირდება, ანუ საქართველოში დეპოპულაციის პროცესი დაიწყება და სიკვდილოანობა ყველა ვარიანტში გადააჭარბებს შობადობას. პირველი მიზეზი არის ის, რომ გვყავს დაბერებული მოსახლეობა. 60 წელს გადაცილებულები ქვეყნის საერთო მოსახლეობის 20%-ზე მეტია, ამას ემატება მძიმე სოციალური პირობები, სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობა. ამ პირობებში კი სიკვდილიანობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება“, - აცხადებს ავთანდილ სულაბერიძე.

გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი პერმანენტულად იკლებდა. შობადობის მაჩვენებლის მატება უკვე 2005 წლიდან აღინიშნება. მაშინ 46 512 ბავშვი დაიბადა, 2006 წელს - 47 795, 2007 წელს - 49 287, 2008 წელს - 56 565.

სხვა პრობლემებთან ერთად ბოლო პერიოდში, შესამჩნევად მომატებულია მკვდრად შობადობის მაჩვენებელიც. არსებულ მონაცემებს ექიმ-გინეკოლოგები კატასტროფულს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ მიზეზების დასადგენად ყველა შემთხვევის დეტალური შესწავლა უნდა მოხდეს. საერთოდ კი, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით მკვდრად შობადობის შემთხვევების 1/3 აუხსნელია, ასეთი ფაქტების მიზეზად კი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სიმახინჯეები, ასევე დედის პათოლოგია, დედის არასწორი კვება და არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მკვდრად შობადობის მაჩვენებელი თითქმის ერთ ნიშნულზე ფიქსირდებოდა. 2005 წელს მკვდრად შობადობის 739 შემთხვევა იყო, 2006 წელს - 712,2007 წელს - 632, 2008 წელს - 660. უკვე 2009 წელს მკვდრადშობადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაშინ ასეთი 484 ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა უკვე 2010 წელს ის ისევ გაიზარდა და შარშან გარდაცვლილი 653 ჩვილი დაიბადა.

„საერთოდ, მკვდრად შობადობას მრავალი ფაქტორი იწვევს, გადაჭრით იმის თქმა, თუ რატომ იბადება ჩვილი გარდაცვლილი, რთულია. 2009-10 წლების შობადობის მაჩვენებელს შორის დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ მკვდრად შობადობის თითქმის 30%-ით მატება, საყურადღებოა. შეიძლება ითქვას, რომ განსხვავება კატასტროფულია და ამიტომ, აუცილებელია ყველა აღნიშნული ფაქტის შესწავლა და ამის საფუძველზე სერიოზული ანალიზის გაკეთება“, -აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან-გინეკოლოგი ბესარიონ ტყეშელაშვილმა.

მკვდრად შობადობასთან ერთად, ხშირია ორსულთა პათოლოგიებიც, რაც, სპეციალისტების თქმით, ძირითადად, ქალის მხრიდან უყურადღებობით არის გამოწვეული. მათი თქმით, ორსულობის პერიოდში თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, გინეკოლოგთან ვიზიტებზე უარის თქმა არის ძირითადი ფაქტორები, რაც შეიძლება ფეხმძიმე ქალებში პათოლოგების გამომწვევად ჩაითვალოს.