პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ სახეზე გვაქვს შუალედური ცვლილება, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოჰყვება ფართომასშტაბიანი ცვლილებები. გარდა ამისა, საყვარელიძე ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იწყებს მზადებას, ერთ–ერთი ვერსიით, სახელისუფლებო კანდიდატი შესაძლოა იყოს სოზარ სუბარი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მან გუბერნატორის თანამდებობა დაიკავოს. ბატონო რამაზ, სად ხედავთ სუბარის პოლიტიკურ კარიერას და ამის პარალელურად, ელოდებით დამატებით ცვლილებებს?
რამაზ საყვარელიძე: რაც შეეხება ცვლილებებს, არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს საბოლოო ცვლილებებია. ზუსტად ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სახეზე გვაქვს შუალედური ცვლილება, რომელსაც მოჰყვება სხვა უფრო ფართომასშტაბიანი ცვლილებები და, ალბათ, უფრო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
რა ინფორმაციის საფუძველზე აცხადებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება ცვლილებები?
– ვერ გეტყვით რითი არის განპირობებული, შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს და ერთ–ერთი ისიც, რომ ყველა ვაკანსიისთვის დღეისთვის შეიძლება არ იყოს ნაპოვნი შესაბამისი კანდიდატურა. ასეთ დროს გადათამაშებები და ამა თუ იმ თანამდებობის დროებით დაკავება, ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც შეეხება კონკრეტულად სოზარ სუბარს, არა მგონია, რომ ასეთი, მე ვიტყოდი, სერიოზული ფიგურა მხოლოდ გუბერნატორობის მიმართულებით წაიყვანონ. სოზარს, ამ სიტყვის კარგი გაგებით, საკმაოდ მაღალი ცნობადობა აქვს საზოგადოებაში. მით უფრო, როდესაც სახელისუფლებო გუნდს ცნობადი ადამიანების დეფიციტი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებითვის. ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანი იქნება სუბარის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება, ვიდრე მისი შენახვა სვანეთში გუბერანტორობისთვის. ჩემი აზრით, ლოგიკურად უფრო გამართლებული იქნება, თუ მის ამ ავტორიტეტს გამოიყენებენ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ეკონომიკური ზრდის მიუხედავად იზრდება სიღარიბე, რაც კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდის შეცდომად გამოცხადდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესო ეკონომიკური გუნდი წარადგინა ბახტაძემ, ხედვები და პრიორიტეტები, რომელიც დასახელდა, რამდენად იქნება რეალურად გატარებული? ყოველი ცვლილების შემდეგ ვისმენთ ასეთ შეფასებას – მინისტრი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მთავარია რის უფლებას მისცემს ივანიშვილი, მაგრამ კახა კახიშვილის შემთხვევავ აჩვენა, რომ ივანიშვილზე არ არის დამოკიდებული როგორ შეიძლება პირველმა პირმა მართოს უწყება. წარმოუდგენელი სისასტიკით ცნობილი ქართული ციხე, დღეს არის ერთ–ერთი ჰუმანური. არ ვფიქრობ, ივანიშვილი სატელეფონო დავალებას აძლევდა კახიშვილს, როგორი რეფორმები გაეტარებინა პენიტენციალურ სისტემაში...
– არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. გარდა იმისა, რომ მართლაც საეჭვოა ტელეფონით ემართა ივანიშვილს ციხის თემა, თვითონ ივანიშვილის მოტივაციას თუ დაკვირვებით ჩავხედავთ, ცხადი ხდება, რომ მას სწორედ მართვა არ უნდა. ივანიშვილს უნდა მთავრობა, რომელიც მის გარეშე მოახერხებს ქვეყნის ფეხზე დაყენებას. ფაქტია ისიც, რომ მას უნდა ნორმალური ქვეყანა. ნუ დაგვავიწყდება ივანიშვილის ერთ–ერთი განმსაზღვრელი ნიშანი – ის ქველმოქმედია, ანუ თავის სახელს ძალიან უფრთხილდება. ქველმოქმედი ადამიანების მოტივია, ქვეყნის ისტორიაში დატოვონ ისეთი რაღაც, რომელსაც ფასი არ დაეკარგება. ამდენად, ქველმოქმედი ადამიანებისთვის და ამ შემთხვევაში ივანიშვილისთვის სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეს თუ გასაგებს ხდის იმას, რატომ მობრუნდა ივანიშვილი, ამავე დროს უნდა მივაყოლოთ ისიც, რომ ივანიშვილი არ მობრუნებულა ქვეყნის სამართავად. მართავდა ამ ქვეყანას და დარჩებოდა. მობრუნდა სწორედ იმიტომ, რომ კარგი მმართველები აირჩიოს. მე ამიტომ უფრო მჯერა, რომ ივანიშვილი მინიმალურად ერევა, ყოველ შემთხვევისთვის ცდილობს, მინიმალურად ჩაერიოს მართვის პროცესში, რადგან მართვის პროცესი მისთვის დიდად მომხიბვლელი არ არის. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კაბინეტის შემადგენლობაც მიუშვა თავისუფლად და თუ გამოდგება ეს შემადგენლობა, თვითონ კმაყოფილი იქნება და თუ არ გამოდგება, ხელახლა გადაწყვიტავს ჩარევას.
ერთია მთავრობა და ახალი გუნდი, მაგრამ რამდენად გამოადგება ივანიშვილს ის გუნდი, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, მით უფრო, რომ ეს არ არის ივანიშვილის გუნდი? ამ ახალი გუნდის შეფასებისას, სოციალურ ქსელში, კომკავშირულ ტონალობას ახსენებენ...
– რაც შეეხება საპარლამენტო გუნდს, ისევ იმ ლოგიკას დავუბრუნდები, ჩემი აზრით ივანიშვილს უნდა, რომ მანქანა რომელსაც ჰქვია სახელმწიფო – მუშაობდეს. ამ მანქანის მუშაობის ერთ–ერთი პრინციპი გახლავთ საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელზე ამდენი დითირამბებით შეუძლებელია, განხორციელდეს. ასე რომ, მაგ საქმისთვის, რისკენაც მიისწრაფვის ივანიშვილი – ააგოს ის მანქანა, რომელსაც შეეძლება მის გარეშე მუშაობა, ეს საპარლამენტო გუნდი არ გამოდგება.
ამიტომ მგონია, რომ შემთხვევით არ მიდის ლაპარაკი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და ეს მოდის არა ვინმესგან, აბსტრაქტულად, არამედ სწორედ ივანიშვილისგან. მეჩვენება მის ინტერესში არის უფრო ქმედითი გუნდის ფორმირება. საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება და ამ გადაწყვეტილებაში ერთ–ერთი როლი სწორედ იმ სტილს აქვს, რასაც თქვენ კომკავშირული სტილი უწოდეთ და სრულიად სამართლიანად.
როდისთვის უნდა ველოდოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს?
– საქართველოს კანონმდებლობით საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. მე ასე ვიტყოდი, რომ რიგგარეშე არჩევნები არის აუცილებელი.
ერთია, რომ პარლამენტი არ არის ივანიშვილის გუნდით დაკომპლექტებული, მაგრამ მეორეა ვინ ჩაანაცვლებს ამ გუნდს, ანუ გვქვს ისეთი საკადრო რესურსი, რომ ახალი კადრებით დაკომპლექტდეს საქართველოს პარლამენტი და იყოს საქმიანი გუნდი?
– ძებნას გააჩნია, როგორ ვეძებთ რესურსს, რა პრინციპებით. ზოგადად, რესურსი ბევრი არ გვაქვს, პოლიტიკური რესურსი მით უფრო ძალიან ცუდ დღეში გვაქვს. აგერ, პარტია არ იქმნება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელოდება ამ ახალი პარტიის შექმნას. ეს პოლიტიკური რესურსის დეფიციტის ერთ–ერთი გამოხატულებაა. ანალოგიურად „ქართული ოცნების“ პარტიის შიგნით რესურსების მოძებნა, ალბათ, ძალიან ძნელი იქნება,
მაგრამ მაგ მოტივით, რომ ძნელი იქნება, გაჩერება არ შეიძლება. უნდა მოისინჯოს ყველა გზა ამ ეტაპზე, თუ გამოდგება კარგი, თუ არა, ისევ ხელახლა მოხდება ძებნა–არჩევა. იტალიას ერთ წელიწადაში 9-ჯერ ჰქონდა საპარლამენტო არჩევენები, იმიტომ, რომ არ ჩანდა კარგი საკადრო რესურსი, მაგრამ ბოლოს ისეთი გუნდი წარმოადგინა, რომ სტაბილურობა იქნა შენარჩუნებული. ასე რომ, მონაცვლეობა არ არის პრობლემა. პრობლემა იქნება მდგომარეობის გაყინვა და არა ცვლილებები. რაც მეტი ცვლილება იქნება, მით უკეთესი.
უნდა გვქონდეს ის ორიენტაცია, რომ რამე არ იქნება ისე, როგორც საჭიროა, კიდევ შეიცვლება და ამისგან ტრაგედიები არ უნდა შეიქნმას. ივანიშვილმა მეორედ მოსვლა იმით ახსნა, რომ ნაპრალი გაჩნდა მოსახლეობასა და ამ პარტიას შორის და იმიტომ მოვედი, რომ ეს ნაპრალი დამეძლიაო. თუკი ისევ ისეთი გუნდი ეყოლება, რომელიც არ იქნება შედეგზე ორიენტირებული, ისევ ნაპრალი გაჩნდება და ისევ დასაბრუნებელი გახდება ივანიშვილი იმ სისტემაში, რომელშიც დიდად არ ეხალისება ყოფნა, პოლიტიკურ სისტემას ვგულისხმობ. არ ვიცი რამდენად აქვს თვითონ გაცნობიერებული, მაგრამ მისთვის იქნება ტვირთი თუკი კადრები არ შეირჩა საქმიანი თვისებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დადგება იგივე პრობლემა, რამაც ივანიშვილი მეორედ გამოიყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე.