რა უპირატესობა აქვს ქართულ ჩაის ცეილონის, ჩინურ და ინდურ ჩაისთან შედარებით, ამის გარკვევას For.ge სპეციალისტებისგან შეეცადა.
საქართველოში ფართოდ რეკლამირებულია ცეილონის კუნძულზე უხეში გრძელი ფოთლებისგან მიღებული ჩაი, ასევე, პროპაგანდას უწევენ ინდურ და ჩინურ ჩაის, თუმცა რატომღაც ქართული ჩაის უპირატესობა მიჩქმალულია. ნაწილობრივ, ეს იმითაც აიხსნება, რომ ქართული ჩაის პლანტაციების გაპარტახება 90-იან წლებში დაიწყო და წლების განმავლობაში მივიწყებული იყო ჩვენი ჩაის სასარგებლო თვისებები.
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ სვანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როგორც კახური და იმერული ღვინო განსხვავდება ერთმანეთისგან, ისე განსხვავდება ინდური, ცეილონის თუ სხვა ქვეყნების ჩაი ჩვენი ჩაისგან. ქართული ჩაი უფრო მსუბუქი, ფაქიზი არომატის მქონეა. მასში ტანინების დაბალი შემცველობაა, ამიტომაც აქვს ნაზი და რბილი გემო. ინდურ ჩაიში კი მაღალია ტანინის შემცველობა, რის გამოც მას მწკლარტე გემო აქვს. თუმცა ზოგს ტანინის მაღალი შემცველობა უფრო უყვარს, ზოგს კი შედარებით მცირე ტანინიანი.
„გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, ქართულ ჩაის თავისი მომხმარებელი ჰყავს. ცეილონის ჩაი მოდის მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ჩვენთან ჩაი მოდის მხოლოდ 9 თვის განმავლობაში, რადგან დანარჩენ თვეებში ზამთარია. სწორედ ზამთრის კლიმატი და ზამთრის სუსხი განაპირობებს იმას, რომ ქართულ ჩაის მავნებელი არ უჩნდება. ამდენად, მავნებლებთან საბრძოლველად ქიმიური პრეპარატები, ქიმიური საშუალებები, შხამ-ქიმიკატები და შეწამვლა არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ქართული ჩაი შედარებით სუფთაა. როგორც წესი, ცეილონისა და სხვა ჩაის წამლავენ, რადგან მავნებელი უჩნდება.
ცეილონის ჩაის მთელი წლის განმავლობაში კრეფენ, რადგან მთელი წელი იქ ზაფხულია. მეჩაიეობის ქვეყნებს შორის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს ქართული ჩაის პლანტაციები და, ამდენად, განსხვავებული თვისებები აქვს ჩვენი ჩაის ფოთოლს“,-აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.
მანვე გააქარწყლა გავრცელებული ინფორმაცია, რომ „მარტინ ბაუერმა“ გაანადგურა ქართული ჩაის წარმოება, რომელსაც მსოფლიოში ჩაის ბაზრის 1% ეკავა. თენგიზ სვანიძის თქმით, „მარტინ ბაუერი“ რომ არ ყოფილიყო, ქართული ჩაი შეიძლება გამქრალიყო, რადგან „მარტინ ბაუერმა“ შეისყიდა რა ქართული ჩაის რამდენიმე კომპანია, თავისი პლანტაციებითურთ, ხელი შეუწყო კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას საქართველოში.
„ქართული ხარისხიანი ჩაის პროდუქცია მცირე რაოდენობით საზღვარგარეთ დღესაც გადის. „გურიელს“ დაფასოებული სახით გააქვს ჩაი ბალტიისპირეთში. აგურა ჩაი დაწნეხილი სახით ძირითადად გადის მონღოლეთში. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაიწყო. რამდენიმე ასეული ჰექტარი პლანტაციის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის შედეგებსაც დაახლოებით 3-4 წელიწადში ვიგრძნობთ, როცა შედარებით მეტი ქართული ჩაის წარმოება გვექნება. რაც შეეხება ჩაის ხარისხს, ძალიან ძნელია, მყიდველმა გაარჩიოს ჩაის ხარისხი, მაგრამ სუპერმარკეტში თუ მაღაზიაში შეტანილი ქართული ჩაის ბრენდები ხარისხიანია, რადგან, პრაქტიკულად, უხარისხო ჩაი საქართველოში აღარ არსებობს. ეს მწვანე ჩაისაც შეეხება და შავ ჩაისაც, განსაკუთრებით კი, მწვანე ჩაის. იმპორტირებულ ჩაიზე კი პასუხს ვერ ვაგებ, რადგან თითქმის ყველა უცხოური ჩაი საღებავებითაა გაჯერებული“.
რაც შეეხება ინდურ ჩაის, თენგიზ სვანიძის თქმით, ინდოელების მიერ წარმოებული შავი ჩაი უფრო ხარისხიანია, რადგან იქაური ნედლეული- ფოთოლი უფრო მდიდარია. ანუ ინდური ჩაის ფოთოლი მთელი წლის განმავლობაში აგროვებს სასარგებლო ნივთიერებებს, ჩვენი ფოთოლი კი 9 თვის განმავლობაში ამის შეგროვებას ვერ ასწრებს. შავი ჩაით ჩვენ ვერ შევედრებით ჩვენზე უფრო სამხრეთით მდებარე პლანტაციებს, მაგრამ ქართული მწვანე ჩაის ნედლეული საუკეთესოა. ქართულ მწვანე ჩაის, თუკი მას კარგად გადაამუშავებ, პრაქტიკულად, ვერც ერთი ჩაი ვერ შეედრება.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერტიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სირცხვილია მთელი აჭარა, იმერეთი და გურია თურქეთში მიდიოდეს ჩაის საკრეფად და ქართული ჩაი მივიწყებული იყოს. ცეილონის, ჩინური და ინდური ჩაი მოჰყავთ ტროპიკულ ზონაში და რადიაციულია. ამ დროს კი ქართული ჩაი სუბტროპიკულ ზონაშია მოყვანილი და საუკეთესოა.
„ტყიბულის, ორპირის ჩაი მსოფლიოში ცნობილია. რატომღაც არავითარ რეკლამას არ უკეთებენ ქართულ ჩაის. პირიქით, გამოდიან ტელევიზიით და ისევ ცეილონისა და ჩინურ ჩაის უკეთებენ რეკლამას. ჩვენმა ხალხმა არ იცის ქართული ჩაის ფასი. ახლა ვიწყებთ ჩაის კულტურის აღდგენას და ძალიან კარგია“,-აღნიშნა ანზორ მესხიშვილმა.