დედაქალაქში მანქანების რაოდენობამ ლამის ნახევარ მილიონს მიაღწია, ხოლო პარკირების ადგილები კი მხოლოდ 33 ათასია. დეფიციტი აშკარაა, მაგრამ მისი მოგვარებას ერთი მხრივ დიდი ინვესტიცია სჭირდება, რაც მეორე მხრივ პარკირების გადასახადის გაზრდას გამოიწვევს.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, დედაქალაქში 1 ავტომობილზე 4-5 საპარკინგე ადგილია საჭირო. საპარკინგე ადგილები საჭიროა იყოს სახლთან, სამსახურთან, სავაჭრო ცენტრთან და არარეგულარული დანიშნულების ობიექტებთან (სამედიცინო ცენტრი, კულტურული ცენტრი, სახელმწიფო ორგანიზაცია და ა.შ.)
ამასთან, როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, დედაქალაქში პარკირების საფასური ზონირების მიხედვით უნდა დაწესდეს.
„ასეთი სისტემა უცხოეთშია. ვფიქრობთ, თბილისის ცენტრში პარკირების საფასური გაცილებით ძვირი უნდა იყოს, ვიდრე ქალაქის პერიფერიებში. ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი. ცალკე დოკუმენტი უნდა შემუშავდეს ქალაქში პარკირების ორგანიზებისთვის. რამდენჯერ ძვირი უნდა იყოს ქალაქის ცენტრში პარკირება, რამდენის გადახდას შეძლებს მოსახლეობა, ამას კვლევა სჭირდება, გარკვეული სტრატეგიაა შესამუშავებელი. რამდენადაც ვიცი, მერია ამაზე მუშაობას უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყებს“, - განაცხადა სალუქვაძემ.
ამ ყველაფრის მიზეზი საოცრად გაზრდილი ავტოპარკია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 5,3%-ით გაიზარდა და 1 183 892-ს მიაღწია. აქედან, ავტომობილების 36,5% (432 120 ავტომობილი) თბილისშია რეგისტრირებული.
გარდა ამისა, როგორ „აიპიენს“ გენგეგმის ავტორებმა განუცხადეს, მიზანშეწონილი იქნება „დაბალსიჩქარიანი ქუჩები“ ძველ თბილისში, რაც, მათივე აზრით, ხელს შეუწყობს და უფრო უსაფრთხოს გახდის საფეხმავლო და საველოსიპედო ქსელის განვითარებას.
გენერალური გეგმის ავტორთა მოსაზრებას მხარს უჭერენ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობაშიც. საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ დღეს პარკირება, ფაქტობრივად, უფასოა და აუცილებელია, ასეთი მიდგომა შეიცვალოს. გადასახადი გონივრული უნდა იყოს, თავად სისტემა კი - საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გაზრდაზე ორიენტირებული.
იმის გათვალისწინებით, რომ მთელ თბილისში 33 ათასამდე საპარკინგე ადგილია, მანქანების რაოდენობა კი ლამის ნახევარ მილიონს აღწევს, რასაკვირველია, საჭიროა ქალაქის განტვირთვისა და საპარკინგე ადგილების გამოთავისუფლების გეგმაც.
„სხვაზე რომ არ ვისაუბროთ, ჩემისთანა ადამიანი, ვინც ავტომობილით გადაადგილდება, სერიოზულად დაფიქრდება, უღირს თუ არა საკუთარი მანქანით გადაადგილება და ზედმეტი დანახარჯის გაწევა, თუმცა იქამდე, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა აუცილებელი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვამბობ, რომ პარკირების საათობრივი გადასახადის შემოღება გარდაუვალია, მაგრამ შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ამჟამად საკრებულო ამ საკითხზე არ მსჯელობს და არც ტარიფებს განიხილავს. მე არ ვამბობ, რომ ეს მოხდება დღეს, მაგრამ აქამდე რომ მივალთ, ეს გარდაუვალია“, - განაცხადა ოგბაიძემ.