2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებმა ლიცენზია უნდა აიღონ. 2019 წლიდან ავტომფლობელებს მანქანების შეცვლაც მოუწევთ, რადგან ქალაქში ერთი ფერის ტაქსებმა უნდა იმოძრაონ. ამ ყველაფერს პოლიცია გააკონტროლებს, რომელსაც ისედაც უამრავი ფუნქცია აქვს დაკისრებული და უკვე ძალიან უჭირს თავისი მოვალეობის აღსრულება.
უკვე ცნობილია ტაქსების ნებართვის საფასურიც - ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში - 50 ლარი, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის - 100 ლარი. რაც შეეხება ელექტრო მანქანებს, მათთვის ნებართვა უაფსო იქნება.
დედაქალაქის მერის მოადგილეები ტაქსების კომპანიებისა და სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაირკვა, რომ პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომანქანაზე ტაქსის ყვითელი მანიშნებლის განთავსება იქნება სავალდებულო. ნებართვის ასაღებად კი, მათ განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა შეავსონ.
„ადამიანებს, რომელთაც სურთ ნებართვა აიღონ, შესაბამის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ ორთვიანი წინასწარი ვადა ექნებათ, რომ შესაბამისი ნებართვა აიღონ. მისი მიღების შემდეგ კი, ნებართვა, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი, მუდმივად თან უნდა იქონიონ. ასევე, სავალდებულო იქნება მანქანის სახურავზე ტაქსის მანიშნებელი ყვითელი მანათობელი ნიშნის განთავსება. სხვა შემთხვევაში, მომსახურება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება“, - აცხადებს მერის მოადგილე მაია ბითაძე.
ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე მოთხოვნები უფრო მკაცრი იქნება. ყველა ავტომობილი ერთი ფერის უნდა იყოს, აიკრძალება ორკარიანი მანქანებით „ტაქსაობაც“. ზოგადად კი არის თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ.
„მეორე ეტაპისთვის ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს მოთხოვნები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ დაიხვეწება და დამატებით გასაჯაროვდება. საუბარი იქნება მანქანის ერთიან ვიზუალზე, ფერზე, რაც 2019 წლიდან შევა ძალაში. ასევე, გარკვეული მოთხოვნები იქნება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე და ავტომანქანებზე მათი კარების რაოდენობის მიხედვით“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.
ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ შეხვედრა ტაქსის კომპანიებთან, ბიზნესომბუდსმენთან, პროფკავშირებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან გამართა. ყველა ეთანხმება, რომ ტაქსის ინდუსტრია უნდა გაუმჯობესდეს და შეიქმნას საქმიანობის საერთო წესები, თუმცა ტაქსის მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების ნაწილს ცვლილებებთან დაკავშირებით კვლავ აქვს კითხვები.
„კითხვის ნიშნები არის კონკრეტულად რა ჩაითვლება ტაქსის მომსახურებად, ექნება თუ არა ტაქსის ლიცენზიის მფლობელს ქუჩაში აყვანის უფლება და არამფლობელი იქნება თუ არა ამ უფლების გარეშე. შეეძლება თუ არა ორ მხარეს შეთანხმდეს ტრანსპორტირებაზე და იქნება თუ არა გამონაკლისები? გარდა ამისა, ფერი, სატაქსო ნიშანი და ა.შ. ეს საკითხები გადაუწყვეტელია და უნდა დაიხვეწოს. თუ ყველაფერი ისე განვითარდება, რომ საერთო მიზანს მოემსახუროს, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს, ჩვენ მხარს დავუჭერთ“, - აცხადებს „ტაქსი ფლაის“ დამფუძნებელი და დირექტორი, კახა აზნაურაშვილი.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი კი რეგულირების აღსრულების ნაწილში პრობლემებს ხედავს. ოქტომბრიდან ტაქსები ქალაქში ლიცენზიის გარეშე ვეღარ ივლიან და მათ საქმიანობის კონტროლი კი საპატრულო პოლიციას ევალება. მესხიშვილი აზრით, სწორედ აქ არის გაურკვევლობა.
„საპატრულო პოლიციას ევალება აღსრულება და კონტროლი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპატრულო პოლიციას აქვს ბევრი ფუნქცია და სამწუხაროდ, ხარისიხი პოლიციის გაწეული სამსახურისა მუდმივად ქვემოთ იწევს. ამას ჩვენ ვხედავთ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ვხედავთ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების დროს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეფექტიანი მექანიზმი უნდა იქნას მოფიქრებული აღსრულების ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში კონტროლი ძალიან გაჭირდება“, - აცხადებს მესხიშვილი.